06/02/2024
ინტერვიუების სერია Meliora -ს გამარჯვებულებთან
გასულ წელს Meliora-ს საზოგადოების მხარდაჭერის კატეგორიაში ჯილდო გადაეცა ეიპიემ ტერმინალს ფოთს, განხორციელებული პროექტისთვის - APMTerminals4Poti.
გამარჯვებული პროექტისა და კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის სხვა ინიციატივებზე სასაუბროდ შევხვდით ეიპიემ ტერმინალს ფოთის წარმომადგენელს, ეთუნა ცოტნიაშვილს. ვფიქრობთ, მათი საქმიანობა კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით შესაძლოა იყოს შთაგონების წყარო კომპანიებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ფიქრს პასუხისმგებელიანი ბიზნესსაქმიანობის პრინციპებზე.
ეთუნა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. გილოცავთ Meliora 2022 -ში გამარჯვებას! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კონკურსთან დაკავშირებით. რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება?
არაერთ კონკურსში გაგვიმარჯვია, თუმცა თქვენს კონკურსში ეს ჩვენი პირველი გამარჯვებაა, რაც ძალიან გვახარებს. Meliora არის რეპუტაციულად ძალიან სანდო და პრესტიჟული კონკურსი, რომელიც წლებია ამტკიცებს, რომ იზრდება და ვითარდება. კონკურსში კომპანიების აქტიურობა და მათი რიცხვის მუდმივი ზრდა იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში, ერთი მხრივ, კარგად აცნობიერებენ კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელობას და მეორე მხრივ, სურთ თავიანთი მიღწევების ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება. ეს კონკურსი ამისთვის ძალიან კარგი საშუალებაა. კომპანიები სწავლობენ, ვითარდებიან, ამყარებენ პარტნიორულ ურთიერთობებს სხვადასხვა სექტორის წამომადგენლებთან.
ჩვენ ვენდობით ამ კონკურსს, რადგან ჰყავს პროფესიონალი ჟიურის წევრები, კონფიდენციალურობა არის მაღალ დონეზე დაცული, რაც ბუნებრივია, განსაკუთრებულ ნდობას იწვევს.
დიდი მადლობა. მოდით გვიამბეთ პროექტზე, რომელმაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა. რას გაუსვამდით ხაზს, თქვენი აზრით, რა ფაქტორმა განაპირობა პროექტის წარმატება?
ჩვენი პროექტი, ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის (APMTerminals4Poti), დავიწყეთ 2021 წელს. იგი მიზნად ისახავდა ადგილობრივი მცირე მეწარმეების მხარდაჭერას ფოთში და ვფიქრობთ, რომ გაამართლა. საკმაოდ წარმატებული შედეგები მივიღეთ 2 წლის თავზე და ვაპირებთ მეორე ფაზა დავიწყოთ.
ჩვენი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია ეფუძნება მდგრადი განვითარების ოთხ მიზანს: შიმშილის აღმოფხვრა, ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება.
მელიორაში წარდგენილი პროექტი პასუხობს მდგრადი განვითარების ორ მიზანს - შიმშილის აღმოფხვრასა და ხარისხიან განათლებაზე მისაწვდომობას. ამ პროექტით გვინდოდა ეკონომიკური თვალსაზრისით გაგვეუმჯობესებინა ადგილობრივების მდგომარეობა და ამას მივაღწიეთ.
ჩვენი პროექტი მოიაზრებდა შერჩეული მეწარმეების დაფინანსებას 4000 ლარის ოდენობით, 20% თავად უნდა დაემატებინათ. მეორე მიზანი იყო განათლების მიცემა მათთვის, რათა სწორად ემართათ ბიზნესი. ჩვენ ტრენინგების საშუალებით ვასწავლეთ როგორ აწარმოონ ფინანსური ჟურნალი, როგორ გააკეთონ მარკეტინგული კომუნიკაცია, როგორ გამოიყენონ სოციალური მედია პროდუქციის სარეალიზაციოდ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ავიღეთ თემები, რაც მათთვის იყო ძალიან საჭირო და გაამართლა. პროექტის ფარგლებში გამიზნული იყო 80 ბენეფიციარის დაფინანსება, საბოლოოდ გვყავდა 85 ბენეფიციარი, ძალიან კარგი წინადადებები შემოვიდა.
პროექტის შედეგებმა მკაფიოდ დაგვანახა, რომ სწორ დროს სწორი ინიციატივა შევთავაზეთ ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა ვინაიდან ფოთში მსგავსი მასშტაბური საგრანტო კონკურსი აქამდე არ ყოფილა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს იყო სიახლე. სწორედ ამიტომ თავშეყრის ადგილებზე და ინდივიდუალური კონსულტაციების სახით ვცდილობდით მოსახლეობისთვის აგვეხსნა პროექტის მნიშვნელობა, საგრანტო კონკურსის არსი, რაზეც საკმაო ძალისხმევა დაგვჭირდა, თუმცა ჩვენი ძალისხმება შედეგისმომტანი აღმოჩნდა.
გვიხარია, რომ ბევრი ადგილობრივი მეწარმე აღმოვაჩინეთ ძალიან საინტერესო ბიზნეს იდეებით. განსაკუთრებულად გვახარებდა ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობა, რადგან ჩვენ ვცდილობთ ახალი თაობა დავაინტერესოთ ფოთით, დარჩნენ აქ და განავითარონ თავიანთი იდეები, ჰქონდეთ შემოსავლის წყარო.
ეთუნა, აღნიშული პროექტის მიღმა, რომელ CSR ინიციატივებს გამოარჩევდით?
კონკურსში გამარჯვებული პროექტის შემდეგ ადგილობრივ დონეზე, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია „ინპორტი“, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებას უწყობს ხელს. ჩვენ ახალგაზრდებს ვთავაზობთ სტაჟირების პროგრამებს, რომელიც დაეხმარებათ სასურველი საქმიანობის პოვნაში. თუ ფოთში არ ცხოვრობს უზრუნველვყოფთ საცხოვრებელს, აქვთ ანაზღაურება, დაზღვევა, კვების ვაუჩერი. 35-ზე მეტი ახალგაზრდა გვყავს ამ პროექტის ფარგლებში დასაქმებული და ვთვლით, რომ ძალიან წარმატებით ხორციელდება. წელსაც გამოვაცხადებთ კონკურსს და დამატებით კიდევ მივცემთ დაინტერესებულ ახალგაზრდებს საერთაშორისო კომპანიაში კარიერის განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას.
ასევე ვთანამშრომლობთ პროფესიულ სასწავლებლებთან. „ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში“ ამწე საშუალებების სიმულაციური ლაბორატორია განვათავსეთ, რომელიც გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირების საკლასო სწავლებისათვის. აღნიშნული პროფესიული სასწავლებელი მორგებულია საზღვაო პროფესიებზე და შესაბამისად, ერთობლივი პარტნიორული პროექტებითა და ინიციატივებით, ვცდილობთ აღნიშნული სექტორი კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გავხადოთ ახალგაზრდა თაობისთვის.
აქვე მინდა აღვნიშნო, ჩვენს კომპანიაში დანერგილი მდგრადი შესყიდვების პოლიტიკა. მაგალითად, კომპანია შეისყიდის ტექნიკას, რომელსაც გარემოზე ნაკლები ზიანი აქვს. ამ მხრივ, მკაცრად კონტროლდებიან სერვისისა თუ ტექნიკის მომწოდებელი კონტრაქტორებიც.
ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რასაც ეიპიემ ტერმინალს ფოთი კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით ადგილობრივ დონეზე დიდი მოტივაციით და შემართებით ახორციელებს.
ეთუნა, ეიპიემ ტერმინალს ფოთი არის მაერსკის ჯგუფში შემავალი კომპანია. საინტერესოა როგორ ხდება გლობალური სტრატეგიის ადგილობრივ საჭიროებებზე მორგება.
დიახ, APM Terminals-ი არის მაერსკის ჯგუფში შემავალი კომპანია. ჩვენი სათავო ოფისი არის ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში. როგორც მაერსკის ჯგუფის წევრები, ჩვენ გვაქვს საერთო - სტრატეგია, პოლიტიკის დოკუმენტები, ეთიკის კოდექსი. გლობალურად APM Terminals-ს 22000 თანამშრომელი ჰყავს. ევროპული კულტურა, განსაკუთრებით კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით კარგად აისახება ტერმინალებშიც.
წლების წინ რთული იყო საქართველოში დაგენახა კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით პროექტების განხორციელების პოტენციალი და მზაობა ბიზნესების მხრიდან. დღეს ცნობიერების დონე გაცილებით მაღალია და კერძო სექტორს მდგრადი მიდგომების გამოყენების საჭიროება უფრო გააზრებული აქვს. თამამად ვიტყვი, რომ ჩვენს შემთხვევაში CSR კომპანიის ორგანული, განუყოფელი ნაწილია. გლობალურად სტრატეგია ბევრ მიმართლებას მოიცავს, მაგრამ ადგილობრივ დონეზე, ტერმინალებს გვაქვს საჭიროებებზე მორგებული პრიორიტეტები.
ჩვენთვის მდგრადი განვითარების მიზნების რუკაა, რითიც ვხელმძღვანელობთ. ზუსტად ვიცით ადგილობრივი თემის საჭიროებები, გამოწვევები და ვცდილობთ ჩვენი ინიციატივები სწორედ ამ საჭიროებებს მოვარგოთ. ამ საკითხებთან დაკავშირებითაც მუდმივ კონტაქტზე ვართ სათავო ოფისთან, სხვადასხვა ტერმინალთან, რაც თავის მხრივ, გვეხმარება საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარებაში.
დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის და წარმატებებს გისურვებთ!
ესაუბრა: გვანცა გილაური