CSR ბლოგი

„გვსურს ჩვენი რეგიონისთვის ის ნათელი წერტილი ვიყოთ, რომელიც დამოუკიდებლად ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებას“ - ლილი მაისურაძე, “ედენა”-ს დამფუძნებელი

„გვსურს ჩვენი რეგიონისთვის ის ნათელი წერტილი ვიყოთ, რომელიც დამოუკიდებლად ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებას“ - ლილი მაისურაძე, “ედენა”-ს დამფუძნებელი

20/02/2024

ინტერვიუების სერია Meliora -ს გამარჯვებულებთან

 „ედენა“ Meliora 2022-ის გამარჯვებული მცირე ზომის კომპანიაა საზოგადოების მხარდაჭერის კატეგორიაში.

ლილი, გილოცავთ კონკურსში გამარჯვებას! მოგვიყევით „ედენა“-ს საქმიანობაზე და Meliora 2022-ში გამარჯვებულ პროექტზე - „ედენას გოგონების მხარდაჭერა მოტივაცია დაკარგულ ქალებს“

“დიდი მადლობა, სიამოვნებით! ედენა 2015 წელს დაფუძნდა, მაშინ, როცა  ექვსმა ხელოვანმა ქალმა დავიწყეთ ხელნაკეთი ნივთების, ნამუშევრების შექმნა, რომელიც ტურისტებისა თუ ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღებას იქცევდა.

ნელ-ნელა გავფართოვდით, გავიზარდეთ, პროდუქციაც გავამრავალფეროვნეთ - აბრეშუმზე ვხატავთ, ვმუშაობთ მინანქარზე, სამკაულებზე, თექაზე.

ამ ეტაპზე გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით უკვე ჩვენი საკუთარი სივრცეც გვაქვს  და თხუთმეტამდე თანამშრომელიც გვყავს.  

ჩვენი იდეა თავიდანვე ქალების ირგვლივ ტრიალებდა. გვსურს ჩვენი რეგიონისთვის ის ნათელი წერტილი ვიყოთ, რომელიც დამოუკიდებლად ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებას.

მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა თანამშრომელმა თავისი შესაძლებლობის და დროითი რესურსის ფარგლებში მოახერხოს მუშაობა. ისინი თავად ანაწილებენ საქმეს, სახელოსნო ღიაა და ვისაც როდის შეუძლია მაშინ მოდის და მუშაობს. ამგვარი გრაფიკი ქალებს შესაძლებლობას აძლევს იზრუნონ ოჯახზეც და საკუთარ საქმიანობაზეც.

ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით ჩვენთვის სასურველი გარემო, სადაც მუშაობა კომფორტული, ჰარმონიული და საინტერესოა.“

მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის „ედენა“-ს არსებობა. ლილი, სახელოსნოს გარდა ედენას „საელფოში“ შექმნილი ნივთების რეალიზება სად ხდება?

„მოგეხსენებათ ჩვენი სახელოსნო რაჭაშია, თუმცა უფრო მეტს ვყიდით რაჭის გარეთ.  პანდემიის პერიოდიდან ონლაინ გაყიდვები ჩვენთვისაც მოსახერხებელი გახდა და გავააქტიურეთ. ასევე გამოფენებსა და ფესტივალებში ვიღებთ მონაწილეობას, წარმოდგენილები ვართ „ესკი“-ში, მოგეხსენებათ „ესკი“ არის პირველი სოციალური კონცეფციის მაღაზია/შოურუმი, რომელიც სოციალური მეწარმეების პროდუქციას ერთ სივრცეში აერთიანებს. ჩვენი პროდუქცია იყიდება „ეთნოდიზაინშიც“, აღსანიშნავია ის, რომ ამერიკაშიც ვაგზავნით ნივთებს, რომელიც  ქართულ მაღაზიაში იყიდება და ძალიან პოპულარულია.

საქართველოში ჩამოსული ტურისტები ძალიან ინტერესდებიან ჩვენი პროდუქციით. მთავარია მოგვაკითხონ, მოგვაგნონ და აღმოაჩინონ ხოლმე ჩვენი ნამუშევრები ან თავად შექმნან რაიმე. ძალიან უყვართ და მოსწონთ. ამიტომ ვთანამშრომლობთ ტურისტულ სააგენტოებთან და ვცდილობთ გავაძლიეროთ „ვორქშოპების“ მიმართულებაც.“

ლილი,  რას ნიშნავს ედენასთვის Meliora-ში გამარჯვება და არის თუ არა ეს თქვენი საქმიანობისთვის ბიძგი იმისა, რომ გაიზარდოთ, კიდევ უფრო განვითარდეთ და გაზარდოთ საქმიანობის მასშტაბებიც?

„პირველ რიგში ჩვენი პოპულარიზებისთვის და იმიჯისთვის არის ძალიან ღირებული ამ კონკურსში გამარჯვება. ალბათ განსაკუთრებით დაგვეხმარება ეს აღიარება დონორებთან კომუნიკაციის პროცესში, ვინაიდან უახლოეს მომავალში დაგეგმილია პროექტები, სადაც ეს სტატუსი აუცილებლად გამოგვარჩევს სხვებისგან.

ჩვენთვის ეს გამარჯვება ძალიან დროული იყო და საჭირო, დიდი მადლობა ქართველ და უცხოელ ჟიურის წევრებს, რომლებმაც დაინახეს ამ პროექტის მიზანი, მიღწევები და მოგვცეს გამარჯვების შესაძლებლობა.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსის ძალიან საინტერესო ნაწილია ის, რომ უკუკავშირს ვიღებთ ჟიურის წევრებისგან. მათი რჩევები, გამოცდილება დაგვეხმარება ჩვენი საქმიანობის განვითარებასა და დახვეწაში.

მხოლოდ მე ალბათ ვერასდროს შევძლებდი რომ ედენას საქმიანობა სათანადოდ წარმომეჩინა. კონკურსმა ხელი შეგვიწყო ჩვენი საქმიანობის პოპულარიზებასა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობაში, რაც ძალიან დასაფასებელია. ძალიან სასიხარულოა ის, რომ დიდი კომპანიების გვერდით ჩვენც აღმოვჩნდით და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა სათანადოდ დაფასდა.“

 

დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ!

ესაუბრა: გვანცა გილაური

უკან დაბრუნება