09/10/2018
2018 წლიდან საქართველოში აიკრძალა პლასტიკური და არაბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტი და წარმოება.
„ეს არის ყველაზე მსუბუქი პოლიეთილენის პარკი, პლასტიკური ნაწარმი, როემლიც ძალიან დიდ ვიზუალურ პრობლემას ქმნის ქვეყნისთვის და მის დეგრადირებას გარემოში 100 წელი სჭირდება. მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკით საერთოდ აკრძალულია მსგავსი ტიპის საქმიანობა, ჩვენი ქვეყნისთვის კი ეს პირველი ნაბიჯია. ვფიქრობთ, მომავალ წლამდე იმ მეწარმე-სუბიექტებს, რომლებიც ასეთი პლასტიკური პარკების და ნაწარმის შემოტანით და წარმოებით არიან დაკავებულები, საკმარისი დრო აქვთ იმისთვის, რომ გადაეწყონ და შემოიტანონ სხვა ტექნოლოგიები, რომლითაც ჩაანაცვლებენ პლასტიკურ პარკებს,“ – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ.
მართალია, საქართველოში ამ მიმართულებით გარკვეული ქმედებები შეინიშნება, თუმცა სრულ აკრძალვამდე და პრობლემის არსის გაანალიზებამდე, წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ამისათვის და გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად თოთოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაანალიზოთ ჩვენი წილი სოციალური პასუხისმგებლობა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მარტში კენიის მთავრობის გადაწყვეტილებით მთელს ქვეყანაში იკრძალება პოლიეთილენის პარკის იმპორტი, გამოყენება და წარმოება.
აღნიშნული ინიციატივით კენია უერთდება 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის, ჩინეთს, ჰოლანდიასა და საფრანგეთს, სადაც ასევე აკრძალული ან შეზღუდულია პოლიეთილენის პარკების გამოყენება.
გასაკვირი არ არის, რომ კენიაში აღნიშნულ ინიციატივას ბიზნესის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. თუმცა მხოლოდ აგვისტოს თვეში სასამართლომ საჩივარი არ დაუკმაყოფილა პოლიეთილენის პარკების ორ იმპორტიორს და განაცხადა, რომ გარემოს დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული ბიზნესი-ინტერესები.
მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად 8 მილიონი ტონა პოლიეთილენის პარკი გამოიყენება, რაც სერიოზული ზიანის მომტანია გარემოსთვის. ამასვე ადასტურებს გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის წარმომადგენლის განცხადება. მათი პროგნოზით, 2050 წლისთვის ოკეანეში უფრო მეტი პარკი იქნება ვიდრე თევზი.
როგორც ცნობილია, პოლიეთილენის პარკი თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო ასწლეულების განმავლობაში რჩება ბუნებაში, არ არის ბიოდეგრადირებადი და რთულად იშლება. პლასტიკის პარკების უდიდესი ნაწილი არ ექვემდებარება ხელმეორედ გამოყენებას და რთულია მისი რეციკლირება.
ზღვასა და ოკეანეში მოხვედრილი პარკები ზიანს აყენებს წყალქვეშა სამყაროს. ხშირად თევზები და ფრინველები მათ საკვებად იყენებენ, რაც მათი კუჭის შევსებას და საბოლოოდ, შიმშილით სიკვდილსაც კი იწვევს. წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის შედეგად.
სწორედ გარემოს დაცვისა და ჩვენი საარსებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მოგიწოდებთ თითოეულმა ჩვენგანმა დავიწყოთ სულ მცირედით და მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად ჩვენი კუთვნილი ნაჭრის ჩანთებით ვიაროთ.
წყარო: