ამ გვერდზე ნახავთ კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების საკითხების მარეგულირებელი სტანდარტების არასრულ ჩამონათვალს. წარმოდგენილი სტანდარტებიდან ზოგი უშუალოდ ბიზნესისთვისაა განკუთვნილი, ზოგი სხვადასხვა სექტორის საქმიანობას, მათ შორის, ბიზნესის საქმიანობასაც არეგულირებს.
კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხებზე შემუშავებულია მრავალი სხვადასხვა სტანდარტი - დეკლარაცია და შეთანხმება, სახელმძღვანელო მითითება, პრინციპების ნაკრები, რეკომენდაცია თუ მენეჯმენტის სისტემების სტანდარტი, რომელთაც CSR-ის/პასუხისმგებელი ბიზნესის რეგულირების ინსტრუმენტებს უწოდებენ და რომელთა მიზანია პასუხისმგებელი ქცევის ნორმების/სტანდარტების განსაზღვრა და მათი შესრულების რეგულირება.
ეს სტანდარტები განსხვავდება როგორც თემატურად, ისე მათი მოქმედების არეალის (მაგ., საერთაშორისო, რეგიონულ თუ ნაციონალურ დონეზე მოქმედი ინსტრუმენტები), სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი ხასიათის, წარმომავლობის და სამიზნე აუდიტორიის მიხედვით და ა. შ.
სამთავრობო დონის საერთაშორისო ინსტრუმენტებს წარმოადგენს საერთაშორისო კონვენციები, დეკლარაციები და სახელმძღვანელო მითითებები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა. სამთავრობო ინსტრუმენტების უმრავლესობა ძირითადად ქვეყნების მთავრობათა პასუხისმგებლობას განსაზღვრავს, თუმცა ხელმომწერ ქვეყნებში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს აგრეთვე მოეთხოვებათ იმ კონვენციებისა და დეკლარაციების მოთხოვნათა გათვალიწინება, რომლებსაც მათი ქვეყნებია მიერთებული.
კერძო სექტორი და სამოქალაქო ორგანიზაციები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ CSR-ის ინსტრუმენტების ჩამოყალიბებასა და დანერგვაში. ეს არასამთავრობო ინსტრუმენტები, რომლებიც თავიანთი არსით ნებაყოფლობითი ინსტრუმენტებია, ხშირ შემთხვევაში მაღალი ავტორიტეტითა და ნდობით სარგებლობს და საერთაშორისოდ არის აღიარებული.
შინაარსობრივი თვალსაზრისით არსებობობს ზოგადი სტანდარტები, რომელთა მიზანია CSR-თან დაკავშირებული ყველა ასპექტის რეგულირება, ასევე თემატური სტანდარტები, რომლებიც კომპანიათა პასუხისმგებლობის ცალკეულ ასპექტებს შეეხება (მაგ. შრომითი უფლებების დაცვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ანგარიშვლდებულება და ა. შ.).