კორპორაციული პასუხისმგებლობის შემადგენელი ძირითადი საკითხები და სფეროები ათწლეულების მანძილზე ივსებოდა და ზუსტდებოდა. ეს საკითხები ასახავს საზოგადოების მოთხოვნებს და მოლოდინებს კონკრეტულ ეპოქაში და, შესაბამისად, ექვემდებარება ცვლილებას საზოგადოების ინტერესებისა და საჭიროებების შეცვლის კვალდაკვალ.
ისეთი თემები, როგორიცაა თანამშრომლებთან ურთიერთობა/შრომითი სტანდარტები და კეთილსინდისიერი ბიზნეს საქმიანობა, დაახლოებით ერთი საუკუნის წინ გახდა განსაკუთრებით აქტუალური. სხვა საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, თანდათანობით შევიდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ამ საკითხების აქტუალიზაციის შედეგად. შესაძლოა, მომავალში, კიდევ ახალი საკითხები გახდეს მნიშვნელოვანი და შევიდეს კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში.
ამ ვებგვერდზე წარმოდგენილი საკითხები სახავს კორპორაციული პასუხისმგებლობის თანამედროვე ხედვას ძირითად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად.
ამასთანავე, კორპორაციული პასუხისმგებლობის ძირითადი სფეროები სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვაგვარად არის გამოყოფილი: გავრცელებულია ოთხწევრა დაყოფა - ზეგავლენის არეალის/სამოქმედო არეალის მიხედვით - სამუშაო სივრცე. საბაზრო სივრცე, ბუნებრივი გარემო და საზოგადოება (Workplace, Marketplace, Environment, Community).
ხშირად გვხვდება სამწევრა დაყოფაც მდგრადი განვითარების სამი ძირითადი სფეროს მიხედვით - სოციალური, გარემოსდაცვითი, ეკონომიკური
თუმცა ყველა კლასიფიკაცია, რეალურად, ამ ძირითადი საკითხების სხვადასხვაგვარ გადაჯგუფებას ახდენს.