მიმწოდებლებთან ურთიერთობა და მიწოდების ჯაჭვების პასუხისმგებლობით მართვა
პასუხისმგებელი კომპანიის ურთიერთობა მიმწოდებლებთან მოიცავს, ერთი მხრივ, მიმწოდებლების ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებას, მათთან პასუხისმგებლობით მოპყრობას, ხოლო მეორე მხრივ, საკუთარ მიწოდების ჯაჭვებში სოციალური, გარემოსდაცვითი და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობას.
მიწოდების ჯაჭვი ეწოდება კომპანიის და მისი მიმწოდებლების შეკავშირებულ სისტემას, რომელიც ემსახურება პროდუქციის წარმოებას და მომხმარებლამდე მიტანას, ანუ ნედლეულის მოპოვების, მასალის თუ პროდუქციის წარმოების, გადაზიდვის, დასაწყობების და გასაღების მთელ პროცესს და მასში ჩართულ ორგანიზაციებსა თუ ადამიანებს. კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, მისი მიწოდების ჯაჭვები სხვადასხვა მასშტაბისა და კონფიგურაციის იქნება.
მიმწოდებლები კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაინტერესებული მხარეა. მათთან პასუხისმგებლობით მოპყრობა, მათი ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინება კომპანიისათვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ მხარესთან - თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და ა. შ. ამიტომაც, მიმწოდებლებთან ურთიერთობა კომპანიისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კორპორაციული პასუხისმგებლობის კონტექსტში.
მიმწოდებლებთან პასუხისმგებელი ურთიერთობა მოიცავს შემდეგს:
მიმწოდებლებთან პასუხისმგებელი ურთიერთობით კომპანიას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მათ კეთილდღეობაზე, ფინანსურ მდგრადობასა და განვითარებაზე, ასევე ზოგადად საზოგადოებაზე.
მიმწოდებლებთან ურთიერთობის კონტექსტში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მიმწოდებელთა სტიმულირება საკუთარ საქმიანობაში დანერგონ სოციალური, გარემოსდაცვითი და ეთიკური სტანდარტები, ანუ მიწოდების ჯაჭვების პასუხისმგებელი მართვა (responsible supply chain management/ RSCM)
თანამედროვე მსოფლიოში კომპანიის პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი უშუალო საქმიანობით. CSR-ის კონცეფციის ჰოლისტური გააზრება გულისხმობს, რომ კომპანიის პასუხისმგებლობის სფერო ფართოვდება მისი მიწოდების ჯაჭვების ხარჯზე.
კომპანიათა საქმიანობის ზეგავლენის დიდი წილი სწორედ მიწოდების ჯაჭვებზე მოდის. მაგალითად, მწარმოებელი კომპანიის ნახშირბადის ნაკვალების დაახლოებით 60% მის მიწოდების ჯაჭვზე მოდის, ხოლო გამსაღებელი კომპანიებისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 80%-ს შეადგენს. ასევე ძალიან მაღალია მიწოდების ჯაჭვის ზეგავლენა ადამიანის უფლებებსა და სოციალურ საკითხებზე. მსხვილი კომპანიების საწარმოო და საოპერაციო პროცესების დიდი ნაწილი ე.წ. „აუთსორსიგნით“ ხორციელდება. თუმცა, როგორც აღნიშნულია, ბიზნეს ოპერაციების „აუთსორსინგი“ სულაც არ ნიშნავს რისკების ან პასუხისმგებლობათა „აუთსორსინგს“.
სწორედ ამიტომ მუდმივად მზარდია სხვადასხვა დაინტერესებული მხარის - ინვესტორთა, მომხმარებელთა, მიმწოდებელთა, მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების ზეწოლა, რომ კომპანიებმა მართონ სოციალური და გარემოსდაცვითი და ეთიკური ზეგავლენები საკუთარ მიწოდების ჯაჭვებშიც და გამჭვირვალედ წარმოადგინონ ინფორმაცია ამ ზეგავლენების შესახებ.
კომპანიებიც, თავის მხრივ, აცნობიერებენ რომ მათ მნიშვნელობანი როლი ეკისრებათ პროდუქტის მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე.
მიწოდების ჯაჭვის პასუხისმგებლობით მართვა (Responsible Supply Chain Management (RSCM), რაც მოიცავს სოციალური, გარემოსდაცვითი და ეთიკური პრინციპების ინტეგრირებას მთელ მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიისა და პოლიტიკის სულ უფრო მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევა. მრავალი საერთაშორისო სტანდარტი და სახელმძღვანელო მითითება შემუშავდა, რომელიც სწორედ მიწოდების ქსელის პასუხისმგებელ მართვას შეეხება.
მიწოდების ქსელის მდგრადობა, ანუ მიწოდების ქსელის პასუხისმგებელი მართვა (Supply chain sustainability / responsible supply chain management) გულისხმობს კომპანიის მხრიდან საკუთარი პროდუქციისა და სერვისების სრული სასიცოცხლო ციკლის მანძილზე, ანუ მთელი მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში, მის ყველა კომპონენტში სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ზეგავლენების მართვას და კარგი კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვის სტიმულირებას. მისი მიზანია გრძელვადიანი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ღირებულების შექმნა და გაზრდა ყველა დაინტერესებული მხარისათვის, ვინც ჩართულია პროდუქციისა თუ სერვისების შექმნასა და მომხმარებლამდე მიტანაში. (Supply Chain Sustainability A Practical Guide for Continuous Improvement – BSR & UNGC -What is Supply Chain Sustainability?)
კომპანიები სხვადასხვა მეთოდებსა და მიდგომებს მიმართავენ, რათა მიწოდების ჯაჭვებში გააუმჯობესონ სოციალური და გარემოსდაცვითი ზეგავლენები და ხელი შეუწყონ ეთიკური ბიზნესსაქმიანობის პრინციპების და კარგი კორპორაციული მართვის სტანდარტების დამკვიდრებას. მათ შორისაა:
ამასთანავე, დროთა განმავლობაში კომპანიების მიდგომები იცვლება და ვითარდება: მიწოდების ჯაჭვებში რისკების მართვის, მკაცრი მონიტორინგისა და აუდიტიდან, სულ უფრო მეტად აქცენტი კეთდება თანამშრომლობითი და პარტნიორული მიდგომებზე, რომელთა მიზანია მიმწოდებელთა ჩართვა ერთობლივ გადაწყვეტილებებში.
მიმწოდებლებთან თანამშრომლობა გრძელვადიანი გაუმჯობესების მიღწევის ყველაზე ეფექტურ გზად მიიჩნევა, რათა მათ საკუთარი ბიზნესის საჭიროებებისა და სპეციფიკის მიხედვით მოახდინონ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების ინტეგრირება საკუთარ საქმიანობაში.
თუ გსურთ გაიგოთ მეტი, იხილეთ:
ეწვიეთ საინფორმაციო პორტალებს და რესურსგვერდებს: