კორპორაციული პასუხისგებლობა
მცირე და საშუალო კომპანიებში

კორპორაციული პასუხისმგებლობა გამოიხატება სხვადასხვა
პრაქტიკულ ქმედებაში, რომლებიც არ არის აუცილებლად
რთულად შესასრულებელი ან ძვირადღირებული

მცირე და საშუალო კომპანიები ხშირად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, თუმცა არ იციან, როგორ გამოიყენონ პასუხისმგებლობის პოტენციალი საკუთარი ბიზნესის სასარგებლოდ.

Corporate Social Responsibility in the SME Sector: Best Practices, Ministry of Employment and Economy of Finland, Centre for responsible business at the Turku school of Economics, 2009

რატომ არის CSR მნიშვნელოვანი მცირე და საშუალო კომპანიებისთვის?

ხშირად ისმის კითხვა, კორპორაციული პასუხისმგებლობა მხოლოდ მსხვილი ბიზნესის საქმეა თუ მცირე კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს? რატომ უნდა აიღონ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობა მცირე და საშუალო კომპანიებმა, რომელთაც გაცილებით ნაკლები ადამიანური და ფინანსური რესურსი აქვთ, ვიდრე მსხვილ კორპორაციებს? სინამდვილეში, მცირე და საშუალო კომპანიების დიდი ნაწილი წლების მანძილზე ბუნებრივად ახორციელებს CSR ინიციატივებს, თუმცა არ უწოდებს ამას CSR-ს და არ ახდენს მათ შესახებ სათანადო კომუნიკაციას.

„2015 წელს ბრიტანეთში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში გამოკითხულ მცირე საწარმოთა ნახევარმა თქვა, რომ არ აქვს CSR პროგრამები, თუმცა აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ისინი მრავალ ისეთ ინიციატივას ახორციელებდნენ, რომლებიც კორპორაციული პასუხისმგებლობის კონცეფციას მიეკუთვნება“.

მცირე და საშუალო კომპანიები შეიძლება არ იცნობდნენ ან არ იყენებდნენ ტერმინს „კორპორაციული პასუხისმგებლობა“, თუმცა მათი  ურთიერთობა საკუთარ თანამშრომლებთან, მომწოდებლებთან, პარტნიორებთან და თემთან ბუნებრივად მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდეს.

მცირე და საშუალო კომპანიათა უმრავლესობისთვის ეს პროცესი ინტუიციურად წარიმართება. კორპორაციული პასუხისმგებლობის სწორად დაგეგმვა და კომუნიკაცია შეიძლება დაეხმაროს მცირე და საშუალო კომპანიას გამორჩეული იყოს კონკურენტებისაგან, უკეთ დაამყაროს პარტნიორობა უცხოურ კომპანიებთან, მოიზიდოს ინვესტიცია და აიმაღლოს რეპუტაცია ადგილობრივ  დონეზე. ამიტომაც, მცირე და საშუალო კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანია კორპორაციული პასუხისმგებლობის დადებითი  შედეგების გაცნობიერება და მისი განხორციელების გზებში გარკვევა.

 

„კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის განხორციელება არ არის უკიდურესად რთული ამოცანა, რომელიც დიდ დანახარჯებს მოითხოვს. სოციალურად პასუხისმგებელი მიდგომების ეტაპობრივი დანერგვა, ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება და ბიზნეს მიზნებთან შეთანხმება საბოლოოდ მცირე და საშუალო კომპანიებისათვის ახალ შესაძლებლობებსა და გაუმჯობესებულ შედეგებში აისახება.“

 „რადგან ბევრი მცირე და საშუალო კომპანია ბუნებრივად საქმიანობს პასუხისმგებლობით,  მათთვის CSR-ის ინტეგრაცია ნიშნავს არა საქმიანობის გარდაქმნას, არამედ არსებული CSR პრაქტიკის ეფექტიანობის მაქსიმალურ გაზრდას. ამ თვალსაზრისით, სოციალური პასუხისმგებლობა არ წარმოადგენს ზედმეტ დატვირთვას კომპანიებისთვის; ფაქტობრივად, ის მხოლოდ ნიშნავს უკეთესად აკეთო ის, რასაც უკვე აკეთებ და აქციო არსებული რეალობა კონკურენტულ უპირატესობად.“

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო
მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, თბილისი 2018

კორპორაციული პასუხისმგებლობის განხორციელება მცირე და საშუალო კომპანიებში

მცირე და საშუალო კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამები, ჩვეულებრივ, ქვემოთ  ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე სფეროს მოიცავს:

  • სამუშაო პირობები და თანამშრომლებთან ურთიერთობა;
  • საზოგადოებასა და ადგილობრივ თემთან ურთიერთობა;
  • საბაზრო სივრცე: მომხმარებლები, მომწოდებლები, პროდუქცია და მომსახურება;
  • გარემოს დაცვა.

არ არის აუცილებელი კომპანიამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე ერთდროულად თანაბარი ძალისხმევა მიმართოს. პრიორიტეტების დადგენა და კომპანიისათვის ყველაზე უფრო რელევანტურ საკითხებზე კონცენტრირება გაცილებით შედეგიანი იქნება. პირველი წარმატების მიღწევის შემდეგ ყოველთვის შეიძლება ახალი აქტივობების დამატება. 

კორპორაციული პასუხისმგებლობა გამოიხატება სხვადასხვა პრაქტიკულ ქმედებაში, რომლებიც არ არის აუცილებლად რთულად შესასრულებელი ან ძვირადღირებული.

თუ პირველად ეჭიდებით სოციალური პასუხისმგებლობის თემას, უკეთესია დაიწყოთ მცირედით და შეაჩეროთ ყურადღება ისეთ ინიციატივაზე, რომელიც უშუალო კავშირშია თქვენს საქმიანობასთან და რომელსაც, თქვენი აზრით, ნამდვილად მოერევით და შეასრულებთ.

მოგვიანებით შეგიძლიათ ნელ-ნელა გააფართოვოთ პასუხისმგებელი ქმედებების არეალი და გახადოთ ისინი  ყოვლისმომცველი და სისტემატური. ასე იქცევა მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიების უმრავლესობა - ისინი არ ჩერდებიან ერთ მიმართულებაზე და მეტად ყოვლისმომცველ მიდგომებს ამჯობინებენ. ამგვარად, პასუხისმგებლობა მათი ბიზნესის კონცეფციის და საქმიანობის განუყოფელი ნაწილი ხდება. 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა წარმატებული იქნება, როდესაც:
  • ის შესაბამისობაშია კომპანიის ღირებულებებსა და ძირითად ბიზნესსაქმიანობასთან;
  • მას მხარს უჭერს და წარმართავს კომპანიის ხელმძღვანელობა;
  • მასში ჩართული არიან კომპანიის თანამშრომლები საკუთარი იდეებით, კრეატიულობით და უშუალო მონაწილეობით;
  • ის სისტემური და უწყვეტია, ეფუძნება კომპანიის ძლიერ მხარეებს და მიზნად ისახავს სისუსტეების და ნაკლოვანებების ეტაპობრივ აღმოფხვრას. 

მცირე და საშუალო კომპანიებში სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელების ციკლი

გაიხსენეთ და განიხილეთ ყველა ის ცალკეული CSR ინიციატივა, რაც უკვე განხორციელებულა თქვენს კომპანიაში, ასევე იმსჯელეთ  კომპანიის ეთიკურ ღირებულებებსა და პრინციპებზე, განსაზღვრეთ, თუ რას აკეთებთ და რა გამოგდით კარგად. 

პირველ რიგში, უბრალოდ განსაზღვრეთ, ვინ არიან თქვენი მთავარი დაინტერესებული მხარეები - ამისათვის იფიქრეთ ყველა იმ ჯგუფსა თუ ინდივიდზე, რომლებზეც ახდენს გავლენას თქვენი ბიზნესი, ან რომლებიც ახდენენ გავლენას თქვენი ბიზნესის წარმატებაზე - ყველა ეს ადამიანი თუ ჯგუფი ერთიანდება „დაინტერესებულ მხარეთა“  ცნების ქვეშ. განიხილეთ თქვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა დაინტერესებულ მხარეებთან: რა მოლოდინები აქვთ მათ? რა ტიპის თანამშრომლობაა შესაძლებელი მათთან? 

მას შემდეგ რაც შეაფასეთ თქვენი კომპანიის საქმიანობა და გამოავლინეთ ის პასუხისმგებელი ინიციატივები და მიდგომები, რომლებსაც თურმე დიდი ხანია ახორციელებთ, თუმცა არ უწოდებთ მათ CSR-ს, ასევე მეტნაკლენად დაამყარეთ კონტაქტი თქვენს დაინტერესებულ მხარეებთან, უნდა გადაწყვიტოთ, რისი გაკეთება გსურთ - ეს დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას საქმიანობს თქვენი კომპანია.

დაფიქრდით, რა არის თქვენთვის, როგორც პასუხისმგებელი მეწარმისთვის, და თქვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი? რას ელიან თქვენგან თქვენი თანამშრომლები, მომხმარებლები თუ თქვენივე თემის წევრები? გამოყავით ფოკუს სფეროები და დაგეგმეთ კონკრეტული ქმედებები.

CSR აქტივობების დაგეგმვა არ უნდა იყოს რთული პროცესი. დაიწყეთ იმით, რომ შეარჩიეთ ერთი ან ორი სფერო, რომელზეც მოახდენთ კონცენტრაციას, და დასახეთ მარტივი ამოცანა, რომელიც თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე ყველაზე უფრო რეალისტური იქნება.

აღნუსხეთ CSR ინიციატივები, რომლებსაც განახორციელებთ და შემდეგ წლებში გააგრძელეთ მუშაობა იმ მიმართულებებით, რომლებიც მეტად წარმატებული გამოდგა. პრიორიტეტებიდან და შესაბამისი ქმედებებიდან გამომდინარე თანდათან გამოიკვეთება CSR სტრატეგია.  

გაზომეთ თქვენ მიერ განხორციელებული პასუხისმგებელი ქმედებების შედეგები, მოიფიქრეთ, რისი გაუმჯობესება შეგიძლიათ.  მიღწეული შედეგების პერიოდული შეფასება საშუალებას მისცემს კომპანიას დროულად აღმოაჩინოს ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები და მოახდინოს მათზე სათანადო რეაგირება. 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივებისა და მათი შედეგების შესახებ სწორი კომუნიკაცია კომპანიის წარმატების ერთ-ერთი  საფუძველია.

გაავრცელეთ ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ  ვითარდება თქვენი პასუხისმგებლობა და რას მიაღწიეთ. შეატყობინეთ თანამშრომლებს, თემს, მომხმარებლებს, მომწოდებლებს, რომ თქვენი კომპანია ლიდერია სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში. ეს გაზრდის თქვენდამი ნდობას და გააუმჯობესებს თქვენს რეპუტაციას. 

ყოველწლიურად აღნიშნეთ CSR-ის თვალსაზრისით მიღწეული წარმატებები და გააზიარეთ მიღებული სასარგებლო გამოცდილება კომპანიაში. ამით არა მხოლოდ უზრუნველყოფთ პროცესის უწყვეტობას, არამედ აამაღლებთ პერსონალის და საკუთარ მოტივაციას.

სასარგებლო CSR რესურსები მცირე და საშუალო კომპანიებისათვის

საუკეთესო მაგალითები