კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის
სფეროში მომუშავე ორგანიზაციები

დღეისათვის მსოფლიოში მრავალი საერთაშორისო თუ ეროვნული დონის ორგანიზაცია არსებობს, რომელიც პასუხისმგებელი ბიზნესის კონცეფციის და პრაქტიკის გავრცელებას და დამკვიდრებას ემსახურება კვლევების, სტანდარტების შემუშავების თუ სხვა გზებით, ასევე ხელს უწყობს და ეხმარება კომპანიებს განავითარონ საკუთარი პასუხისმგებლობა და დანერგონ საქმიანობაში მდგრადი განვითარების პრინციპები. ესენი არიან: სამოქალაქო და საექსპერტო ორგანიზაციები, საკონსულტაციო ფირმები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მთავრობათაშორისი უწყებები, ბიზნეს ქსელები, საბჭოები და ფორუმები.... გააგრძელე კითხვა

AccountAbility წარმოადგენს საერთაშორისო, არაკომერციულ, პროფესიულ საკონსულტაციო ორგანიზაციას. მისი მიზანია ერთიანი ეთიკური, სოციალური ანგარიშგების ხელშეწყობა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა. ინსტიტუტი 1995 წელს დაარსდა ლონდონში. AccountAbility მრავალრიცხოვან დაინტერესებულ მხარეთა მმართველობის პრინციპზეა დაფუძნებული, მასში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციები ბიზნეს სექტორიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და საჯარო სექტორიდან.  1999 წელს სოციალური და ეთიკური ანგარიშგების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სტანდარტების სერია AA1000 (AccountAbility 1000). AA1000 სერია წარმოადგენს ორგანიზაციის მდგრადი განვითარების ანგარიშგების, მასთან დაკავშირებული პროცესების სანდოობისა და ხარისხის შეფასების, დადასტურებისა და გაუმჯობესების ინსტრუმენტს. ეს არის ზოგადი სტანდარტები, რომლებიც გამოსადეგია ყველა ზომის, ნებისმიერ ქვეყანაში თუ რეგიონში დასაქმებული ნებისმიერი სექტორის ორგანიზაციისათვის. ორგანიზაცია მუშაობს კომპანიებთან და კონსულტაციებს უწევს მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე, ეკოლოგიური და სოციალური ზეგავლენების მართვაზე, დაინტერესბულ მხარეებთან დიალოგის დაგეგმვასა და კომპანიის ანგარიშგების საკითხებზე.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

„აკადემია: ბიზნესი საზოგადოებაში“ (ABIS) წარმოადგენს კომპანიების, ბიზნეს სკოლებისა და აკადემიური ინსტიტუტების ალიანსს, რომელიც ევროკომისიის მხარდაჭერით ცდილობს ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობის პრინციპების ჩართვას ბიზნეს მენეჯმენტის თეორიასა და პრაქტიკაში მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია 2002 წელს დაარსდა, როდესაც ევროპის წამყვანი კომპანიების ლიდერები და უნივერსიტეტებისა და ბიზნეს სკოლების რექტორები შეთანხმდნენ CSR-ის საკითხების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზრდის საჭიროებაზე. დღეს ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.

ორგანიზაცია ცდილობს გლობალურად ხელი შეუწყოს ბიზნესის როლის შესახებ დისკუსიებს საზოგადოებაში და დაეხმაროს ბიზნეს ლიდერებს, რომ ეს მიდგომა საკუთარი კომპანიების ფუნქციონირებისა და მართვის ერთ-ერთ წარმმართველ პრინციპად დაამკვიდრონ; აფინანსებს სხვადასხვა თანამშრომლობით კვლევით პროექტებს ევროპაში; აწყობს ყოველწლიურ კონფერენციებს და შედარებით მცირემასშტაბიან სემინარებს CSR-ის საკითხებზე, სადაც თავს იყრიან მკვლევრები, ბიზნეს კომპანიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

„აფრიკის კორპორაციული მოქალაქეობის ინსტიტუტი“ არის 2001 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანია აფრიკის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, ამ რეგიონში კომპანიების მიერ ბიზნესის წარმოების დამკვიდრებული მიდგომების შეცვლით, კერძოდ, ბიზნეს საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული მოქალაქეობის პრინციპების დამკვიდრებით. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გამჭვირვალობისა და არასაფინანსო ანგარიშგების მნიშვნელობას. სხვადასხვა პარტნიორებთან და ქსელებთან თანამშრომლობით ორგანიზაცია ჩართულია მრავალ პროექტში, აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში. იგი ცდილობს საზოგადოებაში ჩამოაყალიბოს პანაფრიკული დიალოგის პლატფორმა ბიზნესის როლის შესახებ.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

ორგანიზაცია „ამფორი“ - ადრე ცნობილი „სოციალურ სტანდარტებთან ბიზნესის შესაბამისობის ინიციატივის“ (Business Social Compliance Initiative /BSCI) სახელით, დაარსდა 2003 წელს. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია სათაო ოფისით ბრიუსელში. ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 2.400-ამდე კომპანია 40 ქვეყნიდან. ორგანიზაციის მისიაა კომპანიებში ხელი შეუწყოს ადამიანთა კეთილდღეობის, ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლობით გამოყენებისა და თავისუფალი ვაჭრობის ინიციატივებს. ორგანიზაციას შემუშავებული აქვს ორი სტანდარტი: „სოციალურ სტანდარტებთან ბიზნესის შესაბამისობის ინიციატივა“ და „ბიზნესის გარემოზე ზემოქმედების ინიციატივა“. ორივე სტანდარტი კომპანიებს ეხმარება საკუთარ მიწოდების ქსელებში შესაბამისი სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების დანარგვაში.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ავსტრალიური ცენტრი“ არის დამოუკიდებელი, სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს კვლევებს და ახორციელებს ადვოკატირების კამპანიებს. ორგანიზცია ეხმარება დაინტერესებულ პირებს შექმნან მდგრად ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიები, რომელიც იქნება დამყარებული პასუხისმგებლიან სტრატეგიასა და  დაინტერესებულ მხარეებთან პროდუქტიულ ურთიერთობაზე. ეს არის ავსტრალიის ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომლის მიზანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნას კონკურენტუნარიანი გარემო.

ცენტრი მუდმივად აქვეყნებს კვლევებს ავსტრალიის კომპანიების გარემოსდაცვით, სოციალურ და კორპორაციული მართვის პრაქტიკაზე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

1985 წლიდან „ბოსტონის კოლეჯის ცენტრი“ ეხმარება კომპანიებს დაუკავშირონ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობები ბიზნესის ამოცანებს. ცენტრი დაფუძნებულია Carroll School of Management-ის ბაზაზე და მისი მიზანია გააძლიეროს კორპორაციული მოქალაქეობის კონცეფცია. ორგანიზაცია მუდმივად აქვეყნებს კვლევებს, საგანმანათლებლო რესურსებს, ექსპერტების მოსაზრებებსა და სხვადასხვა ინსტრუმენტებს, რათა ხელი შეუწყოს კომპანიებს მიაღწიონ მათ მიერ დასახულ სოციალურ და ეკოლოგიურ მიზნებს.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

„ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა რესურსცენტრი“ არის დამოუკიდებელი, საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ცოდნის დაგროვებას და ინფორმირებულ დისკუსიას ბიზნესისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. ორგანიზაციას აქვს ინტერნეტბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას კომპანიების გარემოსდაცვითი  და ადამიანის უფლებების სფეროში მოხდენილი ზეგავლენების შესახებ. ვებ-გვერდის განახლება საათში ერთხელ ხდება და იგი მთელი მსოფლიოს 9000-ზე მეტი კომპანიის საქმიანობას აშუქებს. ცენტრი თავის ვებ-გვერდზე განათავსებს კომპანიების წინააღმდეგ აღძრულ ბრალდებებს მათი არაეთიკური ან უპასუხისმგებლო ქცევის გამო, ასევე კომპანიათა პასუხებს ამ ბრალდებებეზე. ამავე ინფორმაციას ცენტრი ელექტრონული ფოსტით აწვდის ათასობით ადამიანსა და ორგანიზაციას თავისი ყოველკვირეული ელექტრონული ბიულეტენის საშუალებით. ამ პროცესის მეშვეობით ხდება ადამიანის უფლებათა სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული აზრებისა და შეხედულებების შეჯერება, რაც ხელს უწყობს კონსტრუქციულ ცვლილებებს ქცევასა და გადაწყვეტილებებში. რესურსცენტრის სათაო ოფისები განლაგებულია დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათ 18 რეგიონალური ოფისი აქვთ.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

1992 წელს დაარსებული ორგანიზაცია „ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ წარმოადგენს არაკომერციულ ბიზნეს ასოციაციას სათავო ოფისით სან-ფრანცისკოში (აშშ) და რეგიონალური ოფისებით პარიზში, გუანჯოუში (ჩინეთი), კოპენჰაგენში, ჰონ-კონგში, ნიუ-იორკში, შანხაისა და ტოკიოში. ასოციაცია ეხმარება თავის 250-მდე წევრ კომპანიასა და კიდევ 1000-მდე სხვა გლობალურ საწარმოს,  რათა მათ მიაღწიონ წარმატებას იმგვარი მეთოდებით, რომლებიც პატივს სცემს ეთიკურ ღირებულებებს, ადამიანებს, თემსა და ბუნებრივ გარემოს. ორგანიზაცია ატარებს ტრენინგებსა და კონფერენციებს, ეწევა საკონსულტაციო მომსახურებას, რათა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა გახდეს ბიზნეს საქმიანობისა და სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი, ხელს უწყობს ასევე  სხვადასხვა სექტორთა შორის თანამშრომლობას ამ სფეროში. ძირითადი საკითხები, რომლებზეც ორგანიზაცია კონცენტრირდება, არის ადამიანის უფლებები, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება, მიწოდების ქსელების მართვა და მდგრადი მენეჯმენტი. მისი ყოველწიური კონფერენცია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

„ბიზნესი საზოგადოებაში“ არის ბრიტანული სამოქალაქო, არაკომერციული, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც 1982 წელს არის დაარსებული. იგი კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა ბრიტანეთში, რომელიც აერთიანებს 800-ზე მეტ მსხვილ თუ მცირე ბიზნეს კომპანიას და ასევე საჯარო სექტორის ორგანიზაციებს. ორგანიზაცია ფუნქციონირებს ბიზნესის ადგილობრივი პარტნიორული ქსელების საშუალებით, აგრეთვე ჰყავს მრავალი გლობალური პარტნიორი. ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს ლონდონში, ასევე ოფისები აქვს შოტლანდიაში, ჩრდილოეთ ირლანდიასა და უელსში. ორგანიზაციის მისიაა დაეხმაროს კომპანიებს უწყვეტად გააუმჯობესონ საკუთარი ზეგავლენა საზოგადოებაზე. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებულია უახლესი ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში მომხდარი მოვლენების შესახებ, ასევე CSR-ის სფეროში  ბრიტანეთში დანერგილი მთელი რიგი ინსტრუმენტების შესახებ (მაგ., Business in the Environment Index; Corporate Responsibility Index).

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

„ბიზნესი საზოგადოებაში - ირლანდია“ წევრობაზე დაფუძნებული არაკომერციულიორგანიზაციაა. მისი სათაო ოფისი მდებარეობს დუბლინში ორგანიზაციის მიზანია მდგრადი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაციის წევრები არიან როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. ორგანიზაციას შემუშავებული აქვს „პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის ეტიკეტი“ (The Business Working Responsibly mark), რომელიც დაფუძნებულია ISO 26000-ის სტანდარტზე. ეს არის შეფასების სქემა, რომელიც ბრენდს ანიჭებს პასუხისმგებელი კომპანიის სერტიფიკატს. 

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კანადური ცენტრი“ არის სამეცნიერო ცენტრი, რომელიც იკვლევს, თუ როგორ შეუძლია ბიზნესს მოახდინოს დადებითი ზეგავლენა საზოგადოებაზე და გაუუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი.

ცენტრი მოუწოდებს სტუდენტებს, აკადემიურ წრეებსა და საერთშორისო ბიზნეს საზოგადოებას გამოიკვლიონ, თუ როგორი იქნება მომავალი სამყარო, სადაც ბიზნესმა უნდა დააკმაყოფილოს არა მარტო აქციონერების, არამედ ყველა დაინტერესებული პირის მოლოდინები.

ცენტრი მაქსიმალურად ცდილობს გაავრცელოს ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომლებსაც აქვთ მაღალი სოციალური ზეგავლენა და კარგი მმართველობის პრაქტიკა.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

„კოს მრგვალი მაგიდა ეთიკური კაპიტალიზმისათვის“ წარმოადგენს ბიზნეს ლიდერთა საერთაშორისო ქსელს, რომლებიც „ეთიკური კაპიტალიზმის“ იდეის მომხრეები არიან და აღიარებენ, რომ ბიზნესმა წამყვანი როლი უნდა შეასრულოს უფრო სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე საზოგადოების შექმნაში. ჯგუფი პირველად შეიკრიბა შვეიცარიის ქალაქ კოში (Caux), საიდანაც მომდინარეობს მისი სახელწოდება. 1994 წელს ფართომასშტაბიანი თანამონაწილეობითი პროცესის მეშვეობით, ორგანიზაციამ შეიმუშავა  ბიზნეს პრინციპები (CRT Principles for Responsible Business), რომლებიც წარმოადგენს ორგანიზაციის ხედვას ეთიკური და სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესის შესახებ და მთელ მსოფლიოშია აღიარებული როგორც პასუხისმგებელი ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი გლობალური სტანდარტი. ეს პრინციპები ძირითად ეთიკურ ნორმებს ამკვიდრებს ბიზნეს კომპანიის საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

„კოალიცია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე ეკონომიკისათვის“ არის აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაცია. იგი აერთიანებს მთელ რიგ საინვესტიციო ფონდებს, გარემოსდაცვით ორგანიზაციებსა და საზოგადოების ინტერესთა დამცველ სხვა ჯგუფებს. მათი მიზანია მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ადვოკატირებას უწევს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კლიმატის ცვლილება, წყლის და ჰაერის დაბინძურება, ასევე უთანასწორობა დასაქმებულთა შორის.

ორგანიზაციას შექმნილი აქვს  სახელმძღვანელო კომპანიებისთვის Roadmap to sustainability, რომელიც ეხმარება მათ მდგრად განვითარებასა და მდგრადი გლობალური ეკონომიკის შექმნაში.

კოალიციამ CERES ისტორიული როლი შეასრულა სხვადასხვა ინიციატივების წამოწყებაში. მათ შორისაა „გლობალური ანგარიშგების ინიციატივს“ (GRI) დაარსებაში.

1989 წელს ორგანიზაციამ შეიმუშავა CERES პრინციპები, რომლებიც ერთ-ერთ წამყვან სტანდარტად გადაიქცა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

„საკონფერენციო საბჭო“ არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს ასოციაცია და კვლევითი ორგანიზაცია. იგი არაკომერციული ხასიათისაა.  აქვს ეროვნული და რეგიონული ფილიალები ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. იგი დაარსდა 1916 წელს. ორგანიზაციში გაწევრიანებულია დაახლოებით 1200 კომპანია 60 ქვეყნიდან. ის ახორციელებს კვლევებს, პერიოდულად აქვეყნებს სტატიებს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, ატარებს კონფერენციებს და გამოსცემს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყოველწლიურ ანგარიშს. „საკონფერენციო საბჭოს“ ყველაზე ცნობილი პროექტებია „მომხმარებელთა ნდობის ინდექსი“  და „წამყვანი ეკონომიკური ინდიკატორები“. მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფეროა ბიზნეს ეთიკა და პასუხისმგებელი ქცევა. ორგანიზაცია მსოფლიოს ბევრ წამყვან კორპორაციას ეხმარება კვლევების შედეგად მიღებული პრაქტიკული ცოდნის გაზიარებითა და უმაღლესი თანამდებობის აღმასრულებელი პირების შეხვედრების მოწყობით.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

„საერთაშორისო CSR კომპანია“ დაფუძნდა 2007 წელს ვენაში, თუმცა დღეს მას წარმომადგენლები ჰყავს როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. ეს არის საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც კომპანიებს კონსულტაციებს უწევს ISO 26000 სტანდარტის დანერგვის შესახებ, ეხმარება მათ სოციალური და გარემოსდაცვითი ზეგავლენების გაზომვაში, აქვს სოციალური აუდიტის მომსახურება და ასევე ტრენინგების მიმართულება.

შემუშავებული აქვთ ძალიან ცნობილი სახელმძღვანელო The Seven Toolkit, რომელიც კომპანიებს ეხმარება შეაფასონ მდგრად განვითარებასა და კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რისკები და  შესაძლებლობები.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

„CSR ევროპა“ ეს არის ევროპის წამყვანი ბიზნეს გაერთიანება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში. ორგანიზაცია მოიცავს 48 კორპორაციულ წევრსა და 42 ნაციონალურ CSR ორგანიზაციას, რომლებიც საერთო ჯამში 10,000 კომპანიას ფარავენ. ეს არის მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს კომპანიების პლატფორმა, რომელთა მიზანია  საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი ზეგავლენის გაზრდა.

„CSR ევროპა“ თანამშრომლობს არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნის დაინტერესებულ პირებთან, რათა გააძლიეროს კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების კონცეფცია.

2010 წელს „CSR ევროპის“ ინიციატივით შეიქმნა „საწარმო 2020“, რომლის მიზანი იყო კომპანიათა CSR-ის სტრატეგიების ევროკავშირის CSR-ის სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა. „საწარმო 2020“-ის საშუალებით დღის წესრიგში დადგა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: არსებული ცხოვრების წესი, სამუშაო, კომუნიკაცია, განათლება, მოხმარება და რესურსების გაზიარება. სულ მალე „საწარმო 2020“ გარდაიქმნა ევროპულ მოძრაობად იმ კომპანიებისთვის, რომლებიც  ამკვიდრებენ ბიზნეს ინოვაციებს პრაქტიკაში და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მუშაობენ არსებულ სოციალური პრობლემებზე. 

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

1999 წლიდან მოყოლებული CSRwire არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყანი პლატფორმა.

CSRwire არის 3BL Media-ს ნაწილი, რომლის მიზანია მთელ მსოფლიოში აამაღლოს ცნობიერება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების ინიციატივების შესახებ.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

ცენტრი არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა კრანფილდის უნივერსიტეტის ბაზაზე. ის თანამშრომლობს აკადემიურ წრეებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან CSR-ის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.

„ცენტრი“ ახორციელებს კვლევებს, ატარებს სხვადასხვა სახის სემინარებსა და საკონსულტაციო შეხვედრებს კერძო სექტორისთვის.

ცენტრის ძირითადი მიზნებია:

  • დაეხმაროს კომპანიებს დანერგონ პასუხისმგებელი და მდგრადი მართვის პრაქტიკა;
  • მენეჯმენტს ასწავლოს და მოანდომოს სამუშაო ადგილზე სოციალური და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვა;
  • ხელი შეუწყოს კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევასა და განვითარებას.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

„ნიდერლანდების ინვესტორთა ასოციაცია მდგრადი განვითრებისთვის“ (VBDO), რომელიც დაარსდა 1995 წელს, ორიენტირებულია მდგრადი კაპიტალის ბაზრის შექმნაზე, რაც გულისხმობს ბაზარს, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ფინანსურ მახასიათებლებს, არამედ სოციალურ და ეკოლოგიურ კრიტერიუმებსაც. VBDO მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების შესახებ ინვესტორებისა და კომპანიების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

ELEVATE  Limited არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საკონცულტაციო ორგანიზაცია ბიზნესის რისკებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე. სათავო ოფისი მდებარეობს-კონგში, მაგრამ კომპანიის ფილიალები წარმოდგენილია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. საკონსულტაციო მომსახურების გარდა, კომპანია ახორციელებს მიწოდების ქსელების შეფასებას, კომპანიების მდგრადი განვითარების ანალიზსა და აუდიტორულ შეფასებას.  ყოველწლიურად ორგანიზაციის სოციალური აუდიტისა და შეფასების მომსახურებით 110 ქვეყნის 12 000-ზე მეტი ბიზნეს ორგანიაზცია სარგებლობს.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი