დღეისათვის მსოფლიოში მრავალი საერთაშორისო თუ ეროვნული დონის ორგანიზაცია არსებობს, რომელიც პასუხისმგებელი ბიზნესის კონცეფციის და პრაქტიკის გავრცელებას და დამკვიდრებას ემსახურება კვლევების, სტანდარტების შემუშავების თუ სხვა გზებით, ასევე ხელს უწყობს და ეხმარება კომპანიებს განავითარონ საკუთარი პასუხისმგებლობა და დანერგონ საქმიანობაში მდგრადი განვითარების პრინციპები. ესენი არიან: სამოქალაქო და საექსპერტო ორგანიზაციები, საკონსულტაციო ფირმები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მთავრობათაშორისი უწყებები, ბიზნეს ქსელები, საბჭოები და ფორუმები.... გააგრძელე კითხვა
იემჯ ჯგუფი არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და სტრატეგიული მდგრადობის საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა ნიდერლანდებში. იემჯ ჯგუფს მოპოვებული აქვს პრიზი, როგორც საუკეთესო საკონსულტაციო ფირმას, რომელსაც მიმართავენ ბიზნესის, მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
წლების განმავლობაში, EMG Group გახდა აღიარებული ავტორიტეტი თავის სფეროში. მრავალრიცხოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, EMG Group-ის წარმომადგენლებს რეგულარულად იწვევენ სხვადასვა საერთაშორისო ღონისძიებაზე, როგორც მომხსენებლებს და საერთაშორისო ექსპერტებს, რათა მათ საზოგადოებას გააცნონ თავიანთი შეხედულებები და მოსაზრებები CSR-ისა და მდგრადი განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციებზე.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„ეთიკური კორპორაცია“ არის ბრიტანული ორგანიზაცია, რომელიც 2001 წელს შეიქმნა. კომპანიას აქვს ცნობილი გამოცება, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საინტერესო თემებს განიხილავს კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების ჭრილში. მათი მიზანია წამოწიოს CSR-ისა და მდგრადი განვითარების კრიტიკული საკითხები და ხელი შეუწყოს კომპანიების დიალოგს სხვადასხვა სექტორთან.
ორგანიზაცია ატარებს დამოუკიდებელ კვლევებს კორპორაციული პასუხისმგებლობისა და ბიზნეს ეთიკის თემებზე, კონსულტირებას უწევს ბიზნესებს და სხვა ორგანიზაციებს და მასპინძლობს ყოველწლიურ კონფერენციას Responsible Business Summit მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდიEthical performance არის დამოუკიდებელი ბრიტანული კომპანია, რომელიც 1999 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მსოფლიოში აღიარებულია, როგორც CSR-ის სფეროში ანალიზისა და სიახლეების მიმართულებით მომუშავე ერთ-ერთ ყველაზე სანდო კომპანია.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„ეთიკური ვაჭრობის ინიციატივა“ არის ბრიტანული არაკომერციული ორგანიზაცია (ალიანსი), რომელიც აერთიანებს ბიზნეს კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფესიულ კავშირებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოწოდებისა და წარმოების გლობალურ ჯაჭვებში საერთაშორისო შრომითი სტანდარტების დამკვიდრებას. ალიანსი ფინანსდება საწევრო გადასახადების საშუალებით და ბრიტანეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის (DFID) მხარდაჭერით. ორგანიზაციას შემუშავებული აქვს ETI Base Code, რომელიც ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრინციპებს და აღიარებულია, როგორც შრომითი ურთიერთობების საერთაშორისო სტანდარტი.
იმისათვის რომ კომპანია გახდეს ალიანსის წევრი, აღნიშნული სტანდარტი უნდა დანერგოს საკუთარ საქმიანობაში და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, რომლითაც აიღებს ვალდებულებას შეასრულოს ალიანსის პრინციპები. ამასთანავე, კომპანიამ ალიანსს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინოს ანგარიში იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს მიწოდების ჯაჭვში შრომითი უფლებების დაცვის კუთხით.
„ეთიკური ვაჭრობის ინიციატივას“ ასევე აქვს ტრენინგების მიმართულებაც, რაც დაინტერესებულ ორგანიზაციებს თავიანთ საქმიანობაში ეთიკური ვაჭრობის პრინციპების დანერგვის საშუალებას უქმნის.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდიბრაზილიური ორგანიზაცია „ეთოსის ინსტიტუტი“ საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც წამყვანი ორგანიზაცია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში ბრაზილიასა და ლათინურ ამერიკაში. მისი საქმიანობის 4 ძირითადი სფეროა: ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, კეთილსინდისიერი და პატიოსანი საქმიანობა, მენეჯმენტი მდგრადი განვითარებისთვის. ეთოსის ინსტიტუტის კონფერენცია „Etos 360◦“ ერთ-ერთი უმსხვილესი ღონისძიებაა მდგრადი განვითარების საკითხებზე ლათინურ ამერიკაში. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციებსა და სხვადასხვა სექტორთა კომუნიკაციას, მდგრადი განვითარების ნაციონალური და გლობალური ტენდენციების განხილვას. ორგანიზაციას შემუშავებული აქვს აგრეთვე „ეთოსის ინდიკატორები“, რომლებიც თვითშეფასებისა და მენეჯმენტის ინსტრუმენტს წარმოადგენს. ინდიკატორების მიზანია დაეხმაროს კომპანიებს საკუთარ ბიზნეს სტრატეგიებში გაითვალისწინონ კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების პრონციპები და მიდგომები (Ethos Indicators).
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„ევროპის სამართლიანი ვაჭრობის ასოციაცია“ დაარსდა 1990 წელს დანიაში. ამჟამად ის წარმოადგენს 11 იმპორტიორს ევროპის 9 ქვეყნიდან. ასოციაციის წევრები პროდუქციას ყიდულობენ არამომგებიან პოზიციაში მყოფი განვითარებადი ქვეყნის მწარმოებლებისგან, ყველა წესის დაცვით და მათ შესაძლებლობას აძლევენ ჰქონდეთ წვდომა ევროპის ბაზარზე. ასოციაციის წევრები იცავენ საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლიანი ვაჭრობის სტანდარტებს და ასევე ვაჭრობის დროს ითვალისწინებენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ეთნიკური უმცირესობები, პოლიტიკური დევნილები და ა.შ. ასოციაცია ასევე ცდილობს აამაღლოს ცნობიერება სამართლიანი ვაჭრობის თემაზე და ხელი შეუწყოს სხვადასხვა კომპანიების თანამშრომლობას.
სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებით წარმოებულ პროდუქციას სპეციალურ ეტიკეტს ანიჭებენ. ეტიკეტირება ხდება სპეციალიზირებული სასერტიფიკაციო სააგენტოების მიერ. Fair trade ეტიკეტები ადასტურებს, რომ პროდუქციის წარმოების პროცესი, ისევე როგორც მისი რეალიზაციის პროცესი, სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს ეფუძნება, რაც მოიცავს საერთაშორისო შრომითი უფლებების დაცვას, გარკვეულ გარემოსდაცვით მოთხოვნებს, აგრეთვე სტაბილურ და ღირსეულ ანაზღაურებას მწარმოებლებისათვის.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„ევროპული მდგრადი ინვესტიციების ფორუმი“ არის პანევროპული ორგანიზაცია, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს ბრიუსელში. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი და პასუხისმგებელი ინვესტირების პრაქტიკის დამკვიდრებას ევროპის ფინანსურ ბაზრებზე. Eurosif-ი აერთიანებს 8 ნაციონალურ ევროპულ ფორუმს მდგრადი და პასუხისმგებელი ინვესტიციებისათვის (SIF-ს). ორგანიზაცია წარმოადგეს ევროპის პასუხისმგებელი ინვესტორების ინტერესებს ევროკავშირის ინსტიტუტებში. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა მდგრადი ინვესტიციების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით კვლევების ჩატარება და დიალოგის პლატფორმის შექმნა.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„მომპოვევებელი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა“ არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანია გაზის, ნავთობისა და მინერალური რესურსების მომპოვებელ კომპანიებში დაინერგოს ღია და გამჭვირვალე მენეჯმენტი..
ორგანიზაცია 2002 წელს მდგრადი განვითარების მსოფლიო სამიტზე დაარსდა. საერტაშორისო სამდივნი მდებარეობს ნორვეგიაში, ოსლოში. ორგანიზაციის სამდივნო ასევე ფუნქციონირებს დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტში. ის მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან და IMF-თან. ორგანიზაცია თანამშრომლობს 55 ქვეყნის კომპანიებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და მთავრობებთან.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„სამართლიანი შრომის ასოციაცია“ არის ამერიკის შეერთებული შტატებში არსებული არაკომერციული ორგანიზაცია. მისი სათავო ოფისი მდებარეობს ვაშინგტონში, ხოლო რეგიონული ოფისები განთავსებულია ჩინეთსა და შვეიცარიაში. ასოციაცია აერთიანებს კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო შრომის სტანდარტების დაცვას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მთელ მსოფლიოში. ასოციაცია შეიქმნა როგორც მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც წევრი კომპანიებისაგან მოითხოვს ანგარიშგებას მათი სამუშაო პირობების შესახებ, შემდეგ კი ამ ანგარიშების განხილვის საფუძველზე გასცემს რეკომენდაციებსა და მითითებებს შრომითი სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით. სამართლიანი, ღირსეული და ჰუმანური სამუშაო პირობების დასამკვიდრებლად „სამართლიანი შრომის ასოციაციას“ შემუშავებული აქვს ქცევის კოდექსი სამუშაო პირობების შესახებ, რომელიც ეფუძნება „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ILO) შრომით სტანდარტებს.
ორგანიზაცია დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ტრენინგებს ორგანიზაციებში სამართლიანი შრომითი ურთიერთობის საკითხებზე.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„ტყის მართვის საბჭო“ არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 1993 წელს დაარსდა, რათა ხელი შეუწყოს მსოფლიოს ტყეების პასუხისმგებლობის პრინციპებით მართვას. იგი ოფიციალურად წარმოადგენს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს. ორგანიზაცია შეიმუშავებს საერთაშორისო სტანდარტებს ტყეების პასუხისმგებელი მართვისა, დამოუკიდებელი სასერტიფიკაციო ორგანოების აკრედიტაციის და ხე-ტყის პროდუქციის ეტიკეტირებისათვის, ხელს უწყობს აგრეთვე ტყეების მდგრადი მართვის ეროვნული სტანდარტებისა და პრინციპების შემუშავებას ცალკეულ ქვეყნებში. ზოგიერთი სამთავრობო სტრუქტურა სავალდებულოდ მოითხოვს „ტყის მართვის საბჭოს“ მიერ გაცემულ სერტიფიკატს ან მის ეკვივალენტს ბიზნესის წარმოების ლიცენზიისათვის.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„მდგრადი ინვესტიციების გლობალური ალიანსი“ წარმოადგენს სხვადასხვა პასუხისმგებელი ინვესტირების ფორუმების გაერთიანებას. ალიანსის მისიაა მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პასუხისმგებელი ინვესტიციების განვითარება და ხელშეწყობა გლობალურად საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. ალიანსის ხედვაა შეიქმნას ისეთი სამყარო, სადაც მდგრადი ინვესტირება იქნება გათვალისწინებული ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილების მიღების დროს.
ალიანსის წევრები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ხელს შეუწყობენ მდგრად ინვესტიციებზე ხელმისაწვდომობას მსოფლიოს ყველა რეგიონში.
მდგრადი ინვესტიციების გლობალური ალიანსის დამფუძნებელი წევრები არიან მსოფლიოს 7 უმსხვილესი რეგიონული ან ნაციონალური პასუხისმგებელი ინვესტირების ფორუმი: European Sustainable Investment Forum (Eurosif); US Forum for Sustainable and Responsible Investment; RIAA (Responsible Investment Association Australia), RIA Canada (Responsible Investment Association Canada), UK Sif (UK Sustainable Investment and Finance Assicoation), VBDO (Dutch Association of Investors for Sustainable Development), JSIF (Japan Sustainable Investment Forum).
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდიGlobal CSR მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო ფირმაა, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა დანიაში. ორგანიზაციას 100-ზე მეტ ქვეყანაში ჩაუტარებია საკონსულტაციო სამუშაოები და დღემდე ეხმარება ბიზნესს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. Global CSR აღიარებულია როგორც წამყვანი ორგანიზაცია ბიზნესისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
მას შექმნილი აქვს ძალიან საინტერესო ონლაინ პლატფორმა CSRCloud, რომელიც კომპანიებს ეხმარება OECD სახელმძღვანელო მითითებებისა და „ბიზნესსა და ადამიანის უფლებებზე გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების“ (UNGP) შესრულებაში. აღნიშნული პლატფორმა ფარავს მდგრადი განვითარების ყველა თემას და კომპანიებს ანახებს გზას, თუ როგორ დააკმაყოფილონ ბიზნესის პასუხისმგებელი ქცევის სტანდარტები.
2012 წელს ორგანიზაციამ დააარსა ელექტრონული საგანმანათლებლო პლატფორმა CSR-ზე: www.learnCSR.com
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდიამერიკული ორგანიზაცია „გარემოს მართვის გლობალური ინიციატივა“ აერთიანებს კომპანიებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ინსტრუმენტებისა და ინფორმაციის გაზიარების გზით ხელი შეუწყონ გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (EHS) სტანდარტების გავრცელებას ბიზნეს კომპანიებში მსოფლიოს მასშტაბით. 1990 წლიდან „გარემოს მართვის გლობალურმა ინიციატივამ“ შეიმუშავა მთელი რიგი ინსტრუმენტებისა, რათა დაეხმაროს ბიზნეს კომპანიებს საკუთარი საქმიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში გარემოსდაცვით, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების სფეროებში და ეკონომიკური წარმატების მიღწევაში. ასევე ორგანიზაციას შემუშავებული აქვს მთელი რიგი ინსტრუმენტებისა, თუ როგორ უნდა გამოავლინოს კომპანიამ ის ძირითადი საკითხები, რაზეც მას აქვს ზეგავლენა, როგორ შეაფასოს კომპანიის მდგრადობა და შეიმუშაოს მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისი პროექტები.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„ანგარიშგების გლობალური ინიციატივა“ (The Global Reporting Initiative / GRI) წარმოადგენს საერთაშორისო არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც ქსელური მუშაობის პრინციპს ეფუძნება. მისი მიზანია ხელი შეუიწყოს მდგრადი განვითარების ანგარიშგებას, ანუ ორგანიზაციების მიერ სოციალურ, გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და მმართველობის საკითხებზე ანგარიშგებას საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების გზით.
ორგანიზაცია 1997 წელს დაფუძნდა ბოსტონში აშშ-ს არასამთარობო ორგანიზაციის Coalition for Environmentally Responsible Economies (CERES) და Tellus Institute-ის მიერ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით. 2002 წელს მისი სათავო ოფისი ამსტერდამში გადაიტანეს, სადაც ის დღემდეა განლაგებული. ეს არის ექსპერტების საერთაშორისო ქსელი, რომელიც აერთიანებს კომპანიებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფკავშირებს და საექსპერტო ორგანიზაციებს. მას აგრეთვე აქვს რეგიონული ოფისები ბრაზილიაში, ჩინეთში, კოლუმბიაში, სამხრეთ აფრიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. „ანგარიშგების გლობალურმა ინიციატივამ“ შეიმუშავა ანგარიშგების ერთიანი სტანდარტული ფორმატი. ამ ფორმატის მიხედვით ანგარიშის მომზადება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, მისი საქმიანობის სფეროს, ზომის და გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად. GRI ფორმატის მიხედვით ანგარიშებს ამზადებენ ორგანიზაციები 100-ზე მდეტი ქვეყნიდან. 2002 წელს გამოიცა ფორმატის პირველი ვერსია. მას შემდეგ იგი რამდენჯერმე განახლდა.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდიGreat Place to Work Institute არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კვლევითი და საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელსაც თავის წარმომადგენლები ჰყავს მთელ მსოფლიოში.
1992 წლიდან მოყოლებული, ინსტიტუტმა 100 მილიონზე მეტი დასაქმებული გამოკითხა იმის დასადგენად, თუ რა ხდის სამუშაო გარემოს განსაკუთრებულს. სწორედ მათ მონაცემებზე დაყრდნობით ენიჭებათ კომპანიებს ისეთი საპატივცემული წოდება, როგორიცაა „საუკეთესო სამუშაო ადგილი ამერიკაში“. ასევე მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა ეყრდნობა მათ მონაცემებს და მათი დახმარებით დგება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეიტიგი - „100 საუკეთესო დამსაქმებელი“.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„ბიზნეს ლიდერთა საერთაშორისო ფორუმი“ არის საერთაშორისო არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია. იგი დიდ ბრიტანეთში დაარსდა 1990 წელს, უელსის პრინცისა და საერთაშორისო კომპანიების აღმასრულებელი დირექტორების ინიციატივით. ორგანიზაციის მიზანია პასუხისმგებელი ბიზნეს საქმიანობის დამკვიდრება, რაც სასიკეთო იქნება ბიზნესისთვის და საზოგადოებისთვის, ასევე ხელს შეუწყობს მდგრად სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით განვითარებას, განსაკუთრებით ახლად ჩამოყალიბებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში. მსოფლიოს 100-ზე მეტი წამყვანი კომპანიის მხარდაჭერით IBLF სტრატეგიულ რეკომენდაციებს აწვდის კომპანიებს და ახორციელებს მრავალ პროგრამას, რომელთა მიზანია დაეხმაროს ბიზნესს საქმიანობის CSR სტანდარტებით წარმართვაში და დადებითი ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე. ორგანიზაცია ასევე ხელი უწყობს პარტნიორობას კერძო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისო ცენტრი“ არის ბრიტანეთში, ნოტინგემის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ბაზაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც 2002 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანია CSR-ის შესახებ ცოდნის გაღრმავება და CSR პრაქტიკის დამკვიდრება სწავლებისა და კვლევითი საქმიანობის გზით.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„იაპონიის მდგრადი ინვესტირების ფორუმი“ დაარსდა ჯერ კიდევ 2003 წელს. მათი მიზანია იაპონიაში პასუხისმგებელი და მდგრადი ინვესტირების პრაქტიკის დამკვიდრება. JSIF წარმოადგენს მდგრადი ინვესტირების სფეროში იდეებისა და კვლევის შედეგების გაზიარების პლათფორმას საფინანსო ინსტიტუტების, მკვლევარების, მთავრობისა და დაინტერესებული მხარეებისათვის. JSIF ასევე მოუწოდებს კომპანიებს წარმოადგინონ არაფინანსური ანგარიშები, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი საფინანსო ბაზრის ჩამოყალიბებას, და შესაბამისად, საზოგადოების ჯანსაღ განვითარებას.
„იაპონიის მდგრადი ინვესტირების ფორუმი“ არის მდგრადი ინვესტიციების გლობალური ალიანსის წევრი.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„საზღვაო მართვის საბჭო“ დამოუკიდებელი, მრავალრიცხოვან დაინტერესებულ მხარეთაგან შემდგარი არაკომერციული ორგანიზაციაა. იგი დაარსდა 1997 წელს WWF-ისა და კომპანია Unilever-ის მიერ (ეს უკანასკნელი ზღვის პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს მომხმარებელს წარმოადგენს). 1999 წლიდან იგი უკვე ფუნქციონირებდა როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია. მისი მიზანია მდგრადი თევზჭერის დამკვიდრება სერტიფიცირების პროგრამის საშუალებით, ასევე მომხმარებელთა მოთხოვნის ჩამოყალიბება იმგვარ ზღვის პროდუქტებზე, რომელსაც „საზღვაო მართვის საბჭოს“ მიერ გაცემული ეტიკეტი ექნება. ორგანიზაცია შეიმუშავებს თევზჭერის მდგრადი მართვის, დამოუკიდებელი სასერტიფიკაციო ორგანოების აკრედიტაციისა და თევზის პროდუქტების ეტიკეტირების საერთაშორისო სტანდარტებს.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“ (Organization for Economic Cooperation and Development) წარმოადგენს მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელსაც ამჟამად 37 წევრი ქვეყანა ჰყავს. დაფუძნდა 1961 წელს ეკონომიკური წინსვლისა და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. ორგანიზაციის სათავო ოფისი პარიზში მდებარეობს. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს - მაკროეკონომიკიდან დაწყებული, ვაჭრობის, განათლების, განვითარების, მეცნიერებისა და ინოვაციების ჩათვლით. ბიზნესისა და მრეწველობის მრჩეველთა კომიტეტის და პროფესიული კავშირების მრჩეველთა კომიტეტის მეშვეობით, OECD მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ბიზნესთან და პროფკავშირებთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთანა; მთავრობებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სტანდარტებს, რომლებიც ქვეყნებს ეხმარება სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში. 1976 წელს ორგანიზაციამ შეიმუშავა „სახელმძღვანელო მითითებები მრავალეროვანი საწარმოებისათვის“, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების მარეგულირებელ ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი