აკადემიურ და სამთავრობო წრეებში ბევრს მსჯელობენ იმის თაობაზე, თუ როგორი მიმართებაა ნებაყოფლობით მიდგომასა და სავალდებულო მოთხოვნებს შორის CSR-ის კონტექსტში.
CSR და კანონი
კორპორაციული პასუხისმგებლობა კომპანიათა ნებაყოფლობითი ვალდებულებაა, თუმცა არსებული კანონების შესრულება მისი საფუძველი და ამოსავალია.
კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სრულ შესაბამისობას არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით კანონებთან, და ამის საფუძველზე დამატებითი, ნებაყოფლობითი ვალდებულებების აღებას.
იმავდროულად, კომპანიების ნებაყოფლობითი ქმედებების წამახალისებელი ცალკეული ინიციატივების შემოღება გარკვეულ საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს (მაგ., სახელმწიფო შესყიდვების მოთხოვნებში სოციალური და გარემოსდაცვითი კრიტერიუმების ჩართვა, საგადასახადო შეღავათები და ა.შ.).
CSR-ის ხელშეწყობის კონტექსტში საკანონმდებლო რეგულირების მიდგომა მოიცავს შემდეგს:
- მთავრობის მხრიდან ბიზნესსაქმიანობის მინიმალური სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაწესება და მათი შესრულების უზრუნველყოფა, საკანონმდებლო რეგულირების გზით;
ბიზნესსაქმიანობის მინიმალური სავალდებულო სტანდარტების დაწესება და ეფექტური აღსრულება სახელმწიფოს მხრიდან კეთილისმყოფელია CSR-ის განვითარებისათვის, რადგან ეს უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს კომპანიებისათვის და შესაძლებლობას აძლევს მათ მოიპოვონ დამატებითი საკონკურენციო უპირატესობა CSR-ის ნებაყოფლობითი სტანდარტების დანერგვით.
- CSR-ის ცალკეული ნებაყოფლობითი სტანდარტების სავალდებულო დაწესება კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში.
გარკვეულ შემთხვევებში/კომპანიათა ცალკეული ჯგუფებისთვის ნებაყოფლობითი სტანდარტების სავალდებულო დაწესების მაგალითებია: მდგრადი განვითარების ანგარიშგების ვალდებულება მსხვილი კომპანიებისთვის ან საპენსიო ფონდებისთვის; გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის დანერგვის ან გარემოსდაცვითი ანგარიშის გამოქვეყნების სავალდებულო მოთხოვნა გარკვეული საწარმოებისათვის, სადაც განსაკუთრებით მაღალია გარემოს დაბინძურების რისკი; გარკვეული სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვის ვალდებულება სახელმწიფო კონტრაქტების ფარგლებში და ა.შ.
ბოლო წლებში, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში იზრდება საკანონმდებლო რეგულირება ცალკეულ სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე, რომლებიც ადრე კომპანიის ნებაყოფლობით არჩევანი იყო (მაგ. მდგრადი განვითარების ანგარიშგება). ევროკომისია CSR-ის ხელშეწყობის სტრატეგიაში საუბრობს ნებაყოფლობითი და რეგულირებული ქმედებების „გონივრულ ნაზავზე“.
„სახელმწიფო უწყებები მხარს უჭერენ კომპანიათა პასუხისმგებელ ქცევას ნებაყოფლობითი ქმედებების წამახალისებელი პოლიტიკით და, სადაც საჭიროა, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირებით“ (Renewed EU strategy 2011-14 on CSR)
ეს მიდგომა მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი საინფორმაციო ინსტრუმენტების გამოყენებას, როგორებიცაა:
- CSR საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კამპანიები სხვადასხვა სექტორისთვის
- ცოდნის მიწოდება და კომპანიათა უნარების განვითარება ტრენინგების, კონსულტაციების, სემინარებისა და კონფერენციების მეშვეობით;
- CSR საკითხებზე კვლევების ინიცირება და დაფინანსება;
- სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება CSR-ის ცალკეულ ასპექტებზე;
- ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ვებ-გვერდების, მონაცემთა ბაზების და რესურს-ცენტრების მეშვეობით;
- კომპანიებისთვის ტექნიკური და საექსპერტო დახმარების გაწევა, რომ მათ დააკმაყოფილონ CSR-ის საერთაშორისო სტანდარტები, დანერგონ სოციალური და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სქემები.
ფასილიტაციის მიდგომა მოიცავს აგრეთვე იმ ორგანიზაციათა საქმიანობის ხელშეწყობას, რომლებიც CSR-ის განვითარებაზე მუშაობენ (როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსულტაციო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა).
პარტნიორობის ცნება, ზოგადად, ცენტრალურია CSR-ისათვის. სტრატეგიული პარტნიორობა სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორების რესურსებსა და პოტენციალს მიმართავს რთული სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტისაკენ.
პარტნიორული მიდგომა მოიცავს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა:
- სახელმწიფო და კერძო სექტორების ერთობლივი პროექტები;
- დაინიტერესებულ მხარეთა მრგვალი მაგიდების, დებატების და ფორუმების ორგანიზება, დიალოგის ხელშეწყობის მიზნით;
- CSR ქსელების და პლატფორმების შექმნა;
- მთავრობის მიერ ბიზნესის ჩართვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პოლიტიკურ ღონისძიებებში, საჯარო ფორუმებსა და ერთობლივ საკონსულტაციო საბჭოებში და სხვა.
ამ მიდგომამ მრავალგვარი სახე შეიძლება მიიღოს, ასეთებია, მაგალითად:
- CSR-ის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;
- CSR საკითხების დაფიქსირება სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში;
- სამთავრობო დეპარტამენტებისა და კომიტეტების შექმნა CSR-ის ხელშეწყობისათვის;
- რბილი სამართლებრივი (არა-დამავალდებულებელი) ინსტრუმენტების შემუშავება, როგორებიცაა დირექტივები, დეკრეტები;
- პასუხისმგებელი კომპანიების მიმართ დადებითი დამოკიდებულების დემონსტრირება და კონკრეტული კომპანიების ნებაყოფლობითი პასუხისმგებელი ინიციატივების ოფიციალური აღიარება და წახალისება, ასევე საჯარო გამოსვლებში ყურადღების გამახვილება CSR საკითხებზე;
- CSR-თან დაკავშირებული მთავრობათაშორისი და საერთაშორისო ინიციატივების მხარდაჭერა;
- CSR ასპექტებზე შემუშავებულ მემორანდუმებთან მიერთება, სხვადასხვა მთავრობათა ერთობლივი ინიციატივები CSR-ზე და ა.შ.
არაფინანსური სტიმულირების ინსტრუმენტს წარმოადგენს კონკრეტულ პასუხისმგებელ ინიციატივათა და საწარმოთა დაფასება და წახალისება პრესტიჟული კონკურსებისა და ჯილდოების მეშვეობით.
CSR-ის წახალისების მეთოდს წარმოადგენს აგრეთვე მთავრობის მიერ მაგალითის მიცემა კერძო სექტორისათვის. ეს შეიძლება გამოიხატოს სამთავრობო უწყებების საქმიანობაში საერთაშორისო სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების, მენეჯმენტისა და აუდიტის სქემების დანერგვით, ოჯახთან თავსებადი სამუშაოს პრინციპების განხორციელებით, მდგრადი განვითარების ანგარიშების გამოქვეყნებით, რომლებიც ასახავს სამთავრობო უწყებათა საქმიანობის გარემოსდაცვით და სოციალურ მაჩვენებლებს და სხვ.
ფინანსური ან ეკონომიკური სტიმულირების ინსტრუმენტებია:
- საგადასახადო შეღავათები, სუბსიდიები, საგრანტო სქემები (რომლებიც, როგორც წესი, კანონმდებლობით რეგულირდება)
- CSR-თან დაკავშირებული საკითხების ჩართვა საექსპორტო პოლიტიკაში
- CSR-ის სტანდარტების დაკავშირება სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკასთან - მდგრადი/პასუხისმგებელი შესყიდვები (ანუ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ტენდერში მონაწილე კომპანიათა CSR-ის მაჩვენებლების გათვალისწინება და უპირატესობის მინიჭება მდგრადი განვითარების პრინციპებით წარმოებული პროდუქციისა და სერვისებისათვის).