გამჭვირვალობა და ანგარიშგება
გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის არსებითი კომპონენტებია.
გამჭვირვალობის პრინციპი არ მოითხოვს კომპანიისაგან ისეთი ინფორმაციის გახსნას, რომელმაც შეიძლება შელახოს მისი ფინანსური და კომერციული ინტერესები ან დაარღვიოს პირად მონაცემთა ხელშეუხებლობა.
კორპორაციული პასუხისმგებლობის კონტექსტში გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება გულისხმობს კომპანიის მიერ ინფორმაციის გახსნას საკუთარი საქმიანობის და გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც ზეგავლენას ახდენს საზოგადოებასა და ბუნებრივ გარემოზე, იმ ქმედებების შესახებ, რომლებსაც კომპანია ახორციელებს საკუთარი უარყოფითი ზეგავლენების შესამცირებლად, განხორციელებული CSR პროექტებისა და მიღწეული შედეგების, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის შესახებ. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის და დაინტერესებული მარებისათვის დროულად და სრულად.
დაინტერესებული მხარეებისათვის ინფორმაციის წარდგენა და ანგარიშის ჩაბარება კომპანიას სხვადასხვა გზით შეუძლია - შეხვედრების, ვებგვერდის, წერილების და პრესკონფერენციების მეშვეობით.
თუმცა გამჭვირვალობისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს მდგრადი განვითარების ანგარიში /CSR-ის ანგარიში.
“მდგრადი განვითარების ანგარიში“ არის დოკუმენტი, რომელიც საჯაროდ აცნობს ორგანიზაციის შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებს, თუ რა დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს კომპანიის საქმიანობა მდგრადი განვითარების ცნებასთან დაკავშირებულ სამ სფეროზე – ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ სფეროებზე, შესაბამისად, რა წვლილი შეაქვს ორგანიზაციას მდგრად განვითარებაში. მასში აგრეთვე წარმოდგენილია ინფორმაცია ორგანიზაციის ღირებულებების, ეთიკური პრინციპების და მართვის სტრუქტურის, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის, პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიისა და პოლიტიკის, განხორციელებული პროგრამების და მიღწეული შედეგების შესახებ.
ტერმინი ,,მდგრადი განვითარების ანგარიში“ (Sustainability report) არის სინონიმი სხვა მსგავსი ტერმინებისა, რომლებიც იხმარება არაფინანსური ანგარიშის აღსანიშნად, როგორიცაა: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR-ის) ანგარიში, სოციალური და გარემოსდაცვითი ანგარიში, ESG ანგარიში და სხვ. ყველა ეს ტერმინი, არსებითად, აღნიშნავს ანგარიშგებას კომპანიის საქმიანობის ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური ასპექტების, სოციალურად პასუხისმგებელ საქმიანობათა და პროგრამათა შესახებ.
სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტი (როგორიცაა GRI, ISO 26000, AA1000 და სხვ.) განსაზღვრავს, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ანგარიში. ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს:
მდგრადი განვითარების ანგარიშგების პრაქტიკა დღევანდელი გაგებით გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩამოყალიბდა, თუმცა კორპორაციული ანგარიშგება გარემოსდაცვით საკითხებზე, ასევე სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, როგორც ტრადიციული წლიური ანგარიშის დანამატი, 1970-იანი წლებიდან დასტურდება დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში.
უფრო კომპლექსური და ყოვლისმომცველი მდგრადი განვითარების ანგარიშების გამოქვეყნება კომპანიებმა წინა საუკუნის მიწურულიდან დაიწყეს.
დღეისათვის მდგრადი განვითარების ანგარიშგება/ CSR ანგარიშგება ფართოდ გავრცელებული და დამკვიდრებული პრაქტიკაა. დაინტერესებულ მხარეთა მოთხოვნის საპასუხოდ, სულ უფრო მეტი კომპანია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა სექტორიდან, ყოველწლიურად აქვეყნებს ამგვარ ანგარიშს.
“
2020 წლის კვლევის მიხედვით მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების 96%, ხოლო მსხვილ და საშუალო კომპანიათა 80% გლობალურად აქვეყნებს მდგრადი განვითარების ანგარიშებს
The Time Has Come - The KPMG Survey of Sustainability Reporting 2020
პასუხისმგებელი /მდგრადი ინვესტირების (SRI/Sustainable investment) ტრენდის ზრდასთან ერთად, მდგრადი განვითარების ანგარიშგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, რადგანაც საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას ინვესტორები ფინანსურ მაჩვენებლებთან ერთად სულ უფრო მეტად ითვალისწინებენ ESG ფაქტორებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია მდგრადი განვითარების ანგარიშებში.
ბევრ საფონდო ბირჟას აქვს სავალდებულო მოთხოვნა, რომ დარეგისტრირებულმა კომპანიებმა გახსნან საკუთარი საქმიანობის სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების შესახებ ინფორმაცია (მაგ. ლონდონის, პარიზის, იოჰანესბურგის და სხვა საფონდო ბირჟებს).
მდგრადი განვითარების ანგარიშგება, როგორც წესი, პასუხისმგებელი კომპანიის ნებაყოფლობით არჩევანს წარმოადგენს, რომელიც პასუხობს, ზოგადად, საზოგადოების და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მოლოდინებს და მოთხოვნებს კომპანიის ანგარიშვალდებულების თაობაზე. თუმცა უკანასკნელ წლებში სულ უფრო მზარდია ბიზნეს საქმიანობის ცალკეული სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის საკანონმდებლო რეგულირების ტენდენციაც.
სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული რეგულაციები აქვს ამ საკითხზე. სოციალური და გარემოსდაცვითი ინფორმაციის გახსნის სავალდებულო მოთხოვნა სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს ცალკეული სექტორების კომპანიებზე, გარკვეული ზომის კომპანიებზე, გარკვეული ხასიათის ინფორმაციის გახსნაზე და ა.შ.
“
მაგალითად, სათბურის აირების გაფრქვევების შესახებ სავალდებულო ანგარიშგება კანონით არის დაწესებული მსოფლიოს 40 ქვეყანაში
ევროკავშირმა 2014 წელს მიიღო დირექტივა არაფინანსური ანგარიშგების შესახებ (Non-Financial Reporting Directive (NFRD) 2014/95/EU), რომლის თანახმად გარკვეული ტიპის მსხვილი კომპანიებისათვის (რომელთაც 500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, მაგ. ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, საჯარო კომპანიებისათვის) სავალდებულო გახდა საჯარო ანგარიშგება გარკვეულ სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე -აღნიშნული მოთხოვნა სავალდებულო გახდა 2018 წლიდან და შეეხო ევროკავშირის 11700 მსხვილ კომპანიას.
2021 წლის აპრილში კი ევროკავშირმა მიიღო მდგრადი განვითარების საკითხებზე კორპორაციული ანგარიშგების დირექტივის ახალი პროექტი (Proposal for a Corporate Sustainability Reporting Directive (CSRD), რომელიც განავრცობს ანგარიშგების არსებულ მოთხოვნებს და გააფართოებს მათი დაფარვის არეალს. კერძოდ, ახალი დირექტივა გავრცელდება ყველა მსხვილ და ყველა საჯარო კომპანიაზე. ახალი დირექტივის მიხედვით აგრეთვე შემუშავებული იქნება ანგარიშგების დეტალური სტანდარტი და სავალდებულო გახდება ანგარიშის აუდიტი (გარე შეფასება). გაიგე მეტი >
მდგრადი განვითარების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ზრდასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები სულ უფრო მეტ სავალდებულო მოთხოვნებს აწესებენ ანგარიშგებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. 2018 წლის კვლევის თანახმად, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი სავალდებულო ანგარიშგების ინსტრუმენტი შემუშავდა 60-ზე მეტ ქვეყანაში ( Revealing the full picture: your guide to ESG reporting, LSEG, 2018, p. 34)
მკაფიო კომუნიკაციას საზოგადოებასთან და რეგულარულ ანგარიშგებას პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის შესახებ პირდაპირი დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია კომპანიისათვის:
ზემოთჩამოთვლილი ფაქტორები საბოლოოდ ხელს უწყობს კომპანიის გრძელვადიან წარმატებას და მდგრადობას.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მონაცემებით, კომპანიები, რომელთაც სოციალურ და გარემოსდაცვით ანგარიშგების კარგად ჩამოყალიბებული პრაქტიკა აქვთ, უკეთესი ფინანსური შედეგებით გამოირჩევიან (იხ. IFC, The Business case for sustainability)
არაფინანსური ანგარიშგების, ანუ სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე ანგარიშგების სხვადასხვა ფორმა არსებობს. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოქვეყნდეს წლიური ანგარიშის ფარგლებში, დამოუკიდებელი მდგრადი განვითარების ანგარიშის/CSR ანგარიშის სახით (რაც ყველაზე გავრცელებული მიდგომაა), ან ინტეგრირებული ანგარიშის სახით (რომელიც წარმოაჩენს კომპანიის საქმიანობასა და შედეგებს კომპლექსურად როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური ღირებულების შექმნის ჭრილში).
უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში მსოფლიოში სულ უფრო მზარდია მდგრადი განვითარების ანგარიშგების სტანდარტიზებული ფორმატების გამოყენების ტენდენცია.
არსებობს სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე ანგარიშგების მრავალი სხვადასხვა საერთაშორისოდ აღიარებული ფორმატი, რომლებიც სხვადასხვა მიზანს ემსახურება და სხვადასხვა საკითხზე კონცენტრირდება, ასევე განსხვავებულია მათი დაფარვის სფერო.
საერთაშორისო ანგარიშგების ყველაზე გავრცელებული სტანდარტებია:
ზოგჯერ კომპანიები ერთი ანგარიშის ფარგლებში რამდენიმე სხვადასხვა სტანდარტის მოთხოვნების ინტეგრირებას ახდენენ.
დღევანდელ დღეს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებული და გავრცელებული სტანდარტია ანგარიშგების გლობალური ინიციატივის სტანდარტი (GRI /Global Reporting Initiative Standards), რომლის მიხედვითაც, ყოველწლიურად ასობით კომპანია ამზადებს ანგარიშს.
“
2021 წელს GRI ბაზაში 34 484 ანგარიშია წარმოდგენილი მსოფლიოს 100 ქვეყნიდან
“
2020 წლის კვლევის თანახმად, მსოფლიოს მსხვილი და საშუალო კომპანიათა ორი მესამედი და უმსხვილეს 250 კომპანიის სამი მეოთხედი სწორედ GRI სტანდარტს იყენებს მდგრადი განვითარების ანგარიშგებისათვის.
The time has come - The KPMG Survey of Sustainability Reporting 2020
GRI სტანდარტის უპირატესობას და უნივერსალურობას განაპირობებს შემდეგი გარემოებები: ის პასუხობს დაინტერესებულ მხარეთა, ინვესტორთა თუ პარტნიორთა ფართო სპექტრის მოთხოვნებს, მოიცავს ინფორმაციას მდგრადი განვითარების სამივე სფეროს - სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური სფეროების შესახებ, გამოსადეგია ყველა ზომის, ყველა ტიპის, ყველა სფეროს ორგანიზაციისათვის, ასახავს ორგანიზაციის საქმიანობის როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგებს და ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემების გადამოწმების და შედარების შესაძლებლობას იძლევა.
ამასთანავე, ბოლო ხანებში სულ უფრო თვალსაჩინოა სტანდარტების ჰარმონიზაციის გლობალური ტრენდი.
დაარსებულია სტანდარტების შემქმნელების მრავალი ერთობლივი ინიციატივა, რომელთა მიზანია სტანდარტების ჰარმონიზაცია და შესაბამისობაში მოყვანა, რათა ერთი ანგარიშის ფარგლებში შესაძლებელი იყოს რამდენიმე სტანდარტის მოთხოვნათა დაკმაყოფილება, მაგ.:
ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საკუთარი სოციალური და გარემოსდაცვითი საქმიანობების შესახებ შეიძლება არ იყოს ბოლომდე სანდო საზოგადოებისათვის. ამიტომ ხშირად კომპანიები ატარებენ საკუთარი ანგარიშების გარე შეფასებას /აუდიტს (External Assurance /Verification /conformity assessment).
მდგრადი განვითარების ანგარიშის გარე შეფასება ნიშნავს დამოუკიდებელი მესამე მხარის მიერ ანგარიშის გადამოწმებას და დადასტურებას, რომ კომპანიის მიერ ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია - როგორც რაოდენობრივი მონაცემები, ისე ორგანიზაციული პროცესებისა და პროცედურების აღწერა - არის ზუსტი, სანდო და შეეფერება რეალობას. ამგვარი შეფასება ამოწმებს, რამდენად სრული და უტყუარია ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია და არა ის, თუ რამდენად კარგი და შედეგიანი იყო კომპანიის სოციალური და გარემოსდაცვითი საქმიანობები.
გარე შეფასება არ არის მდგრადი განვითარების ანგარიშგების სავალდებულო ელემენტი, თუმცა ის ზრდის ანგარიშის სანდოობას დაინტერესებული მხარეებისათვის. ამიტომ, კომპანიათა უმრავლესობა ამჯობინებს ამგვარი შეფასება ჩაატაროს.
“
სულ უფრო მზარდია გარე შეფასების მოთხოვნა ინვესტორთა მხრიდანაც. 2019 წლის კვლევის თანახმად, გამოკითხულ ინვესტორთა 97% ამბობდა, რომ მდგრადი განვითარების ანგარიშს უნდა ჩაუტარდეს გარე შეფასება/აუდიტი, ხოლო 67%-ის თანახმად ეს აუდიტი ისეთივე დეტალური და საფუძვლიანი უნდა იყოს, როგორც ფინანსური აუდიტი.
More than values: The value-based sustainability reporting that investors want, By Sara Bernow, Jonathan Godsall, Bryce Klempner, and Charlotte Merten, August 7, 2019
“
2020 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მესამე მხარის მიერ ანგარიშის გარე შეფასების ჩატარება გლობალური ტრენდია - მსოფლიოს მსხვილი და საშუალო კომპანიების 51% და უმსხვილესი კომპანიების 71% საკუთარი ანგარიშების გარე შეფასებას ატარებს
The time has come - The KPMG Survey of Sustainability Reporting 2020
შეფასების შედეგად შემუშავდება ფორმალური ანგარიში/დასკვნა, რომელიც, როგორც წესი, ერთვის მდგრადი განვითარების ანგარიშს.
ანგარიშის გარე შეფასებას, ჩვეულებრივ, ატარებენ დამოუკიდებელი საკონსულტაციო/აუდიტორული კომპანიები, რომელთაც ამისათვის საჭირო ექსპერტიზა გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ შეფასება ჩაატაროს კომპანიისაგან დამოუკიდებელმა მესამე მხარემ. ეს განაპირობებს შეფასების დასკვნის სანდოობას საზოგადოებისათვის.
არსებობს ანგარიშის გარე შეფასების საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ერთიან, უნიფიცირებულ პრინციპებსა და პროცედურებს აწვდის სააუდიტო ორგანიზაციებს, მაგ.: AA1000AS და ISAE 3000. არ არის სავალდებულო, რომ ანგარიშის გარე შეფასება ამ სტანდარტებს ეფუძნებოდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შეფასების დასკვნაში აღწერილი იყოს შეფასების პროცესის მეთოდოლოგია და დაფარვა.
თუ გსურთ გაიგოთ მეტი, იხილეთ:
ეწვიეთ საინფორმაციო პლატფორმებს:
იხილეთ ანგარიშების ბაზები და დირექტორიები: