ანტიკორუფცია
სიტყვა „კორუფცია“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „corruptus“, რაც ნიშნავს ნგრევას, განადგურებას, გარყვნას. ეს მიუთითებს იმ ზიანზე, რომელიც მოჰყვება კორუფციას, როგორც ზოგადად საზოგადოების, ისე კორუფციულ ქმედებებში გარეული ორგანიზაციებისთვის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განმარტების თანახმად, კორუფცია არის „სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენება პირადი მოგების მიზნით“ (საერთაშორისო გამჭვირვალობის „ბიზნესის პრინციპები მექრთამეობის აღმოსაფხვრელად“).
კორუფციის პრევენცია და აღმოფხვრა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი თემაა.
ქვეყანათა უმრავლესობაში კორუფციული ქმედებები კანონით ისჯება. თუმცა, ანტიკორუფციული კანონმდებლობა ხშირად არასაკმარისია, ან არაეფექტურად ხორციელდება (განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში), რაც კანონის დარღვევის ან გვერდის ავლის მრავალ შესაძლებლობას ტოვებს. შესაბამისად, კომპანიათა ნებაყოფლობითი ინიციატივები და პასუხისმგებელი მიდგომები ამ სფეროში მნიშვნელოვანია, რაც აღიარებულია მრავალი საერთაშორისო შეთანხმებისა და ქცევის კოდექსის ფარგლებში.
კორუფციული ქმედება ორ მხარეს მოიცავს — ერთ მხარეს, რომელიც კორუფციული გარიგებისა თუ შეთავაზების ინიციატორია და მეორე მხარეს, რომელიც ამ შეთავაზების თუ გარიგების საპასუხოდ ჩაიდენს კორუფციულ ქმედებას.
ტერმინი „კორუფცია“ მოიაზრებს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა მექრთამეობა, თაღლითობა, გამოძალვა, საიდუმლო შეთანხმება, ინტერესთა კონფლიქტი, ინფორმაციით უკანონო ვაჭრობა, ნეპოტიზმი და მფარველობა, ზეგავლენის გამოყენება პირადი მიზნებით ან გარიგებით, ასევე ფულის გათეთრება. ამ კონტექსტში კორუფციულ ქმედებად აღიქმება ნებისმიერი საჩუქრის, სესხის, ჰონორარის, ჯილდოს ან სხვა სახის სარგებლის შეთავაზება ან მიღება უპატიოსნო, უკანონო ქმედების ან ბიზნესის წარმოებისას ნდობის ბოროტად გამოყენების მიზნით. აქ ასევე მოიაზრება არაფულადი საჩუქრებიც, მაგალითად, საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა, დასვენების უფასოდ ორგანიზება ან განსაკუთრებული პერსონალური მომსახურების გაწევა, თუ ამგვარი საჩუქრების მიზანია (ან მათი დახმარებით შეიძლება მიღწეულ იქნეს) დაუმსახურებელი და უპატიოსნო სარგებლის ან უპირატესობის მიღება, აგრეთვე, თუ ამგვარი საჩუქრებით შესაძლებელია მორალური ზეგავლენის მოხდენა დაუმსახურებელი და უპატიოსნო სარგებლის ან უპირატესობის მისაღებად.
ხშირად გამოიყენება ტერმინები „მსხვილი“ და „მცირე“ კორუფციული გარიგებები, ისეთი კორუფციული ქმედებების გასარჩევად, რომლებიც შეეხება მსხვილ ან შედარებით
მცირე თანხებს. მცირე და მსხვილი კორუფცია ერთნაირად მიუღებელ და დანაშაულებრივ ქმედებად მიიჩნევა.
დღეისათვის შემუშავებულია მთელი რიგი საერთაშორისო თუ რეგიონული ინსტრუმენტებისა, რომლებიც საერთაშორისო დონეზე არეგულირებენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, აგრეთვე კონკრეტულად ბიზნეს კომპანიათა ქცევას ამ სფეროში.
კორპორაციული პასუხისმგებლობის ძირითადი პრინციპები და საკითხები ანტიკორუფციულ სფეროში შემდეგია:
მექრთამეობისა და გამომძალველობის აკრძალვა
პოლიტიკური შემოწირულობების გამჭვირვალობა – დაუშვებელია პოლიტიკური პარტიების ან პოლიტიკოსებისათვის პირდაპირ ან ირიბად გაღებული შემოწირულობა, რომლის მიზანია ბიზნეს ტრანსაქციებში რაიმე სახის უპირატესობის მიღება. ყოველგვარი ამგვარი შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს გამჭვირვალე და საჯაროდ ხელმისაწვდომი;
საქველმოქმედო შემოწირულობები და სპონსორობა - კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საქველმოქმედო შემოწირულობები და სპონსორობა არ წარმოადგენს ქრთამის მიცემის შენიღბულ ფორმას და ყველა ამგვარი შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გახადოს ხელმისაწვდომი;
საჩუქრები, სტუმრის მიღება და ხარჯების ანაზღაურება – კომპანიებმა უნდა აკრძალონ საჩუქრების შეთავაზება ან მიღება, ხარჯების ანაზღაურება და სტუმრებისათვის ხარჯების დაფარვა, თუ ამას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ბიზნეს ტრანსაქციების შედეგებზე.
აგენტებსა და სხვა შუამავლებთან ურთიერთობისას კომპანიამ უნდა დაიცვას შემდეგი პრინციპები (შეეხება ყველა აგენტსა და შუამავალს, რომელსაც კომპანია იყენებს ნებართვების მისაღებად: გაყიდვების აგენტებს/სავაჭრო წარმომადგენლებს, აგენტებს საბაჟოზე, ასევე ადვოკატებსა და კონსულტანტებს):
ერთობლივი საწარმოები და მიწოდების ჯაჭვები – კომპანიამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ მისი კონტრაქტორებისა და პარტნიორების საქმიანობა შესაბამისობაში იყოს კომპანიის ანტიკორუფციულ პრინციპებთან და ფასეულობებთან. კომპანიამ უნდა გააცნოს მათ საკუთარი პოლიტიკა და პროგრამა, აწარმოოს მათი საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება, მოსთხოვოს ანტიკორუფციული პროგრამების დანერგვა.
თუ გსურთ გაიგოთ მეტი, იხილეთ: