კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი საკითხები

გარემოს დაცვა

გარემოს დაცვა

ყოველი ორგანიზაცია – დიდი თუ მცირე,  ქარხანა, მაღაზია თუ უნივერსიტეტი,  გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ბუნებრივ გარემოზე საკუთარი საქმიანობით. ზეგავლენის ხასიათი და მასშტაბი განსხვავდება კომპანიის ზომის, მდებარეობის, სექტორის მიხედვით, თუმცა არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც არანაირ ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე. შესაბამისად, გარემოს დაცვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი და არსებითი თემაა ნებისმიერი კომპანიისათვის. ის მჭიდროდ უკავშირდება CSR-ის სხვა ასპექტებსა და კომპონენტებს.

მე-20 საუკუნეში ტექნოლოგების სწრაფ განვითარებას, საწარმოო რევოლუციას და გლობალიზაციას, მრავალ დადებით შედეგთან ერთად, მოჰყვა ახალი გამოწვევები და სირთულეები, მათ შორის სერიოზული გარემოსდაცვითი გამოწვევები, რომელთა შორისაა:

  • გლობალური დათბობა და ეკოლოგიური კატასტროფები
  • სახეობათა გადაშენება
  • სასმელი წყლის ნაკლებობა
  • ნარჩენების ჭარბი რაოდენობა
  • რესურსების ნაკლებობა

მოსახლეობის ზრდისა და, შესაბამისად, წარმოების და მოხმარების მოცულობის ზრდასთან ერთად, აღნიშნული პრობლემები სულ უფრო სერიოზულ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. ამიტომ, ვერც ერთი ორგანიზაცია გვერდს ვერ აუვლის გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, რაც ადამიანების გადარჩენისა და კეთილდღეობის წინაპირობაა.

ორგანიზაციის საქმიანობის ზეგავლენა გარემოზე

ორგანიზაციის საქმიანობით, პროდუქციითა თუ სერვისებით ბუნებრივ გარემოზე მოხდენილი ზეგავლენა, ძირითადად უკავშირდება შემდეგ ფაქტორებს:

  • ორგანიზაციის მიერ ბუნებრივი რესურსების გამოყენება (მასალის/ნედლეულის, სუფთა წყლის, ენერგომატარებლების მოხმარება)
  • ნარჩენების წარმოქმნა (როგორც მყარი, ისე თხევადი ნარჩენებისა)
  • ჰაერის და წყლის დაბინძურება
  • გლობალურ დათბობაში ორგანიზაციის საქმიანობით შეტანილი წვლილი
  • ორგანიზაციის საქმიანობის ზეგავლენას ბუნებრივ ეკოსისტემებსა და ბიომრავალფეროვნებაზე

ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ეს ზეგავლენები და მათი მასშტაბი განსხვავებული იქნება. ამდენად, ყოველი კომპანია საკუთარ გარემოსდაცვით სტრატეგიას და აქტივობებს გეგმავს მისი საქმიანობით გარემოზე მოხდენილი ზეგავლენების  და პოტენციური რისკების შესაბამისად.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართულებები

გარემოზე კომპანიის საქმიანობით მოხდენილი ზეგავლენების  მიხედვით, კომპანიათა გარემოსდაცვითი პროგრამების და ინიციატივების ძირითადი მიმართულებები შემდეგია:

 გარემოს დაბინძურების პრევენცია და შემცირება

ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული დაბინძურების წყაროები შეიძლება იყოს:

  • გაფრქვევები ჰაერში
  • წყალჩაშვებები
  • ნარჩენები
  • ტოქსიკური და სახიფათო ქიმიური ნივთიერებების გამოყენება და ტოქსიკური ნარჩენების წარმოქმნა
  • სხვა ტიპის დაბინძურება (ხმაურით და გამოსხივებით, ვიზუალური, თერმული, რადიოაქტიური დაბინძურება)

ორგანიზაციის ინიციატივები ამ სფეროში მიზნად ისახავს  ყოველგვარი დაბინძურების პრევენციას, შემცირებას და მართვას სხვადასხვა მეთოდებით, მაგ. ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, წარმოქმნილი ნარჩენების რეციკლირებასა და ხელმეორე გამოყენებას, ბიოდეგრადირებადი მასალის და შეფუთვების გამოყენებას, ფილტრებისა და უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟებას, თხევადი ნარჩენების შედგენილობისა და ტოქსიკურობის კონტროლს, გაფრქვევების, ქიმიური და სახიფათო ნარჩენების კონტროლს და ა. შ.

რესურსების მდგრადი გამოყენება

ორგანიზაციას შეუძლია მიაღწიოს რესურსების მდგრად გამოყენებას, თუ ეფექტიანად მოიხმარს ელექტროენერგიას, საწვავს, მასალას, ნიადაგსა და წყალს, შეათავსებს ენერგიის განახლებად და არაგანახლებად წყაროებს. რესურსების ეფექტიანი  მოხმარების ძირითადი მიმართულებებია:

  • ეფექტიანი ენერგომოხმარება (ენერგოდამზოგი ღონისძიებების გატარებით, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებითა და ენერგოდანაკარგების შემცირების გზით, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებით)
  • წყლის კონსერვაცია და მოხმარების შემცირება (წყლის რეციკლირებითა და/ან მეორადი გამოყენების, მოხმარების შემცირებისა და სხვა ღონისძიებების მეშვეობით)
  • მასალის და ნედლეულის მოხმარების შემცირება (რეციკლირებისა და ხელმეორე გამოყენების და სხვა ღონისძიებების მეშვეობით)

გლობალურ დათბობაზე ზემოქმედების შემცირება

ყოველ ორგანიზაციას თავისი საქმიანობით წვლილი შეაქვს გლობალურ დათბობაში, რაც უკავშირდება მისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ სათბურის აირებს (GHG emissions). ნებისმიერი ორგანიზაცია პასუხისმგებელია, რომ შეამციროს საკუთარი საქმიანობით, საწარმოო პროცესებით, ტრანსპორტირებით, ენერგიის მოხმარებით და ა. შ. გამოწვეული სათბურის აირების პირდაპირი თუ არაპირდაპირი გაფრქვევები , რაც შესაძლებელია არაგანახლებადი საწვავის მოხმარების შემცირებისა და განახლებადი ენერგორესურსებით მისი ჩანაცვლების, ტრანსპორტირების შემცირების გზით, ნახშირორჟანგის გაფრქვევების კომპენსირების ინიციატივებით და სხვა.

ბიომრავალფეროვნების დაცვა და ეკოსისტემების აღდგენა

ბუნებრივი რესურსების მოხმარების მზარდი ტემპი იწვევს ეკოსისტემების რღვევას  და ბიომრავალფეროვნების დაკარგვას. ყოველი ორგანიზაციის პასუხისმგებლობაა გამოავლინოს და შეაფასოს საკუთარი საქმიანობის  ზეგავლენა ეკოსისტემებსა და ბიომრავალფეროვნებაზე და განახორციელოს ინიციატვები ამ ზეგავლენის შესამცირებლად, აგრეთვე ეკოსისტემების აღდგენის მიზნით. 

ამ მიმართულებით ძირითადი საკითხებია:

  • ეკოსისტემების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება, მათი დაცვა და აღდგენა
  • ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და აღდგენა
  • მიწის/ნიადაგისა და ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლობით გამოყენება
  • გარემოს დამზოგველი ურბანული და სოფლის განვითარების ხელშეწყობა.

ცხადია, სხვადასხვა კომპანიათა საქმიანობის ზეგავლენა ბუნებრივ გარემოზე განსხვავებული იქნება, მათი ზომის და საქმიანობისა სპეციფიკის  შესაბამისად, ამიტომ განსხვავებული იქნება კომპანიათა გარემოსდაცვითი პროგრამების ძირითადი მიმართულებებიც. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამა მასზე იყოს მორგებული, რათა უპასუხოს ამ კონკრეტული კომპანიის წინაშე არსებულ გარემოსდაცვით რისკებს და მის მიერ გარემოზე მოხდენილ ზეგავლენებთან იყოს შესაბამისობაში.

მწვანე ოფისი

კომპანიები, რომელთაც არა აქვთ საწარმოები ან გასაღების ობიექტები და რომელთა საქმიანობა ძირითადად ოფისებში მიმდინარეობს (მაგ. საკონსულტაციო კომპანიები, საადვოკატო და არქიტექტურული ფირმები, სარეკლამო კომპანიები, ბანკები და სადაზღვევო კომპანიები, სასწავლო დაწესებულებები და ა. შ.) ხშირად მიიჩნევენ, რომ ისინი არ ახდენენ გარემოზე ზეგავლენას და შესაბამისად, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა მათთვის არ არის რელევანტური, რაც მცდარია. ნებისმიერი ზომის,  ნებისმიერ სექტორში მოქმედი ორგანიზაცია გარკვეულ ზეგავლენას ახდენს გარემოზე.

ოფისის საქმიანობის ზეგავლენა გარემოზე განისაზღვრება:

მასალის და პროდუქციის - მაგალითად საოფისე ქაღალდის, კარტრიჯების, საწერი კალმების მოხმარებით;

ელექტროენერგიის მოხმარებით გათბობის, გაგრილებისა და განათებისათვის, ასევე პრინტერების, პროექტორების და კომპიუტერების და სხვა ტექნიკის ფუნქციონირებისათვის;

სუფთა წყლის მოხმარებით და ნარჩენი წყლების წარმოქმნით ტუალეტების, კაფეს ფუნქციონირებისას;

სხვადასხვა ტიპის ნარჩენების წარმოქმნით, როგორიცაა - მოხმარებული ქაღალდი, საკვები და შეფუთვა, ერთჯერადი ჭიქები, პლასტიკის ბოთლები, პრინტერების კარტრიჯები.

არაპირდაპირ ზეგავლენებს გარემოზე (რომლებიც ასევე კომპანიის პასუხისმგებლობის სფეროს მიეკუთვნება) უკავშირდება თანამშრომელთა და კლიენტთა ოფისში მგზავრობით გამოწვეული ზეგავლენები (გამონაბოლქვი, სათბურის აირები, საწვავის მოხმარება), მიმწოდებელთა საქმიანობის ზეგავლენა გარემოზე და ა. შ.

ამ ზეგავლენების შემცირებისა და მართვის საუკეთესო და საკმაოდ გავრცელებულ გზას „მწვანე ოფისი“ წარმოადგენს.

1

ენერგოდამზოგავი  ლედ ნათურებისა და სენსორების გამოყენება ენერგომოხმარების  შესამცირებლად

როგორ შევქმნათ მწვანე ოფისი


1

ენერგოდამზოგავი  ლედ ნათურებისა და სენსორების გამოყენება ენერგომოხმარების  შესამცირებლად

2

ენერგო დამზოგავი კომპიუტერების, პრინტერების და სხვა საოფისე ელექტროტექნიკისა და   საყოფაცხოვრებო დანადგარების (მაცივრების, კონდიციონერების) გამოყენება

3

დატენვადი კარტრიჯების გამოყენება

4

მოძველებული საოფისე ტექნიკის (კომპიუტერების, პრინტერების და ა. შ.) აღდგენა და გადაცემა მეორადი მოხმარებისათვის (მაგ. სოციალური ორგანიზაციებისათვის და ა. შ.)

5

შენობის დათბუნება და თბოდანაკარგების შემცირება (ჰერმეტული ფანჯრები, კედლებისა და სახურავის დათბუნება)

6

მგზავრობის შემცირება: მივლინებათა ჩანაცვლება ვირტუალური კონფერენციებით, ოპტიმალური მარშრუტების დაგეგმვა, თანაშრომლების მიერ მანქანის გაზიარების ინიციატივები (car sharing) და ველოსიპედით მგზავრობის სტიმულირება

7

ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე მანქანების - ელექტრომობილების, ჰიბრიდული მანქანების გამოყენება

8

წყლის მოხმარების შემცირება – ონკანები ფოტოელემენტებზე, წყლის დამზოგავი ჩარეცხვის სისტემები, წყლის კონსერვაცია და რეციკლირება და ა. შ.

9

ქაღალდის მოხმარების შემცირება, ელექტრონული საქმისწარმოების და დოკუმენტაციის სისტემის შემოღებით, ქაღალდის ორმხრივად გამოყენებით და ა. შ.

10

მდგრადი/ მწვანე ეტიკეტის მქონე ქაღალდის შესყიდვა - მაგალითად, ტყის მართვის საბჭოს FSC ეტიკეტირებული ქაღალდის

11

საოფისე და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება და რეციკლირება, ელექტრონული ნარჩენების სათანადო განთავსება

12

პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭლის ჩანაცვლება შუშის ჭურჭლით

13

განახლებადი ენერგიის მიმწოდებლების შერჩევა

14

სათბურის აირების აღრიცხვა და კომპენსირება (offsetting)

15

მომწოდებლების შერჩევისას მათი საქმიანობის გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინება და გარემოს მიმართ მეგობრული პროდუქციის შეძენა. უპირატესობის მინიჭება ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის, რაც ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებასთან ერთად ამცირებს პროდუქციის ტრანსპორტირებით გარემოზე მოხდენილ ზეგავლენას

16

თანამშრომელთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ქცევის შეცვლის სტიმულირება.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ძირითადი პრინციპები და მიდგომები

სხვადასხვა კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამები განსხვავებულია: თითოეული კომპანია კონცენტრირდება მისი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის სფეროებზე, მათი ფარდობითი მნიშვნელობისა და მასშტაბის გათვალისწინებით. 

თუმცა, საერთაშორისო და საექსპერტო ორგანიზაციებს ჩამოყალიბებული აქვთ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის  პრინციპები და საქმიანობის მიდგომები, რომლებიც თანაბრად რელევანტური და გასათვალისწინებელია ნებისმიერი კომპანიისათვის. ესენია:

კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა

ქვეყნის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულების გარდა, ორგანიზაციამ თავის თავზე უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა, რათა მართოს და შეამციროს საკუთარი საქმიანობითა და პროდუქციით გარემოზე მოხდენილი უარყოფითი ზეგავლენა, უპასუხოს საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების მოთხოვნებს, რომლებიც ბევრი ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობაზე უფრო მაღალ მოთხოვნებს აწესებს.

გარემოსდაცვითი რისკების მართვა

ორგანიზაციამ უნდა დანერგოს და განახორციელოს პროგრამები საკუთარ საქმიანობასთან, პროდუქციასა და სერვისებთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი რისკების გამოვლენის, შეფასების და თავიდან აცილების მიზნით; ასევე უნდა შეიმუშაოს პროცედურები კრიტიკულ სიტუაციაში (ავარიები, გაჟონვები და ა. შ) მოსალოდნელი შედეგების განეიტრალების, მთავრობისა თუ საზოგადოებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების და საკომპენსაციო ღონისძიებების განსახორციელებლად.

პროდუქციის და სერვისების გარემოზე ზემოქმედების მართვა სასიცოცხლო ციკლის მანძილზე

ორგანიზაცია ცდილობს პროდუქტების და მომსახურების გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და მართვას მათი სრული სასიცოცხლო ციკლის მანძილზე, ანუ ნედლეულის მოპოვებიდან წარმოების მთელი ჯაჭვის და ნარჩენების განთავსების ჩათვლით (უფრო გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს უშუალოდ წარმოების პროცესის ოპტიმიზაცია,  თუმცა, ზოგიერთი პროდუქტი შეიძლება ბევრად უფრო მავნე ზეგავლენას ახდენდეს გარემოზე მისი მოხმარების ან ნარჩენების განთავსების ეტაპებზე, ვიდრე წარმოების ეტაპზე).

პრევენციული პრინციპის გათვალისწინება საქმიანობაში

პრევენციული პრინციპი ეფუძნება „რიოს დეკლარაციას გარემოსა და განვითარებაზე“ და გულისხმობს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ბუნებრივ გარემოსა თუ ადამიანების ჯანმრთელობისათვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხე, ორგანიზაციებმა წინსწრებით უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები და განახორციელონ ინიციატივები გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციის მიზნით, მაშინაც კი, როდესაც  რისკის არსებობა მაღალია, მაგრამ არ არის უდავოდ დასაბუთებული მეცნიერულად, „ხოლო სრულყოფილი სამეცნიერო მტკიცებულებების არარსებობა არ უნდა გახდეს ამ ღონისძიებათა გადავადების საბაბი“.

პრინციპი "ვინც აბინძურებს, ის იხდის"

ორგანიზაციამ უნდა დაფაროს მისი საქმიანობით ან პროდუქციითა და სერვისებით გამოწვეული გარემოს დაბინძურების/გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად საჭირო ხარჯები (მიყენებული ზიანის მასშტაბისა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ღირებულების გათვალისწინებით).

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემების დანერგვა

გარემოზე ზემოქმედების შედეგების მართვა, რისკების შემცირება და საბოლოო უპირატესობების მიღწევა შეუძლებელია სათანადო მენეჯმენტის სისტემებისა და პროცესების გარეშე. ორგანიზაციებმა სათანადო გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემები (მაგ. ISO 14000 გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა და სხვა) უნდა დანერგონ საკუთარ საქმიანობაში, რაც გარემოსდაცვითი საკითხებისადმი კომპლექსურ და თანმიმდევრულ მიდგომას  უზრუნველყოფს.

გარემოზე ზემოქმედების შეფასება

გარემოზე ზემოქმედების შეფასება არის ფორმალიზებული პროცესი, რომელიც გულისხმობს კონკრეტული პროგრამის, საქმიანობის, საწარმოო პროცესის შესაძლო ზეგავლენის შეფასებას გარემოზე და ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ამგვარი შეფასება უზრუნველყოფს, რომ პროექტის თუ საქმიანობის ზეგავლენა გარემოზე გათვალისწინებულია დაგეგმვისა და დაფინანსების ეტაპებიდანვე. ახალი პროექტის/საქმიანობის დაწყების წინ ორგანიზაციამ უნდა შეაფასოს მისი შესაძლო ზეგავლენა გარემოზე და ამ შეფასების შედეგებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილებები.

ეკოეფექტურობა და გარემოს დამზოგავი ტექნოლოგიების და პროცესების შემუშავება

ეკოეფექტურობა არის მიდგომა, რომლის მიზანია უკეთესი შედეგების მიღწევა ნაკლები რესურსების გამოყენებით, ნაკლები ნარჩენების წარმოქმნით და გარემოს ნაკლებად დაბინძურებით. ორგანიზაცია ცდილობს მიაღწიოს ეკოეფექტურობას რესურსების ეფექტიანი/ეკონომიური გამოყენებით, განახლებადი რესურსების გამოყენებით, ენერგიის მოხმარების შემცირებით, ნარჩენების მართვით და რეციკლირებით. პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ საკუთარ საქმიანობაში უნდა დანერგოს გარემოს დამზოგავი პროცესები და ტექნოლოგიები. ამასთან, ორგანიზაციამ, როდესაც ეს  რელევანტურია, სხვადასხვა გზით  ხელი უნდა შეუწყოს  გარემოს დამზოგავი ახალი ტექნოლოგიების შემუშავებას (მაგ., კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, კვლევითი პროექტების თანადაფინანსებით და ა. შ.).

მდგრადი/მწვანე შესყიდვები

ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს მის მიერ შესასყიდი პროდუქციის, მასალის, სერვისების არა მხოლოდ ფასი და ხარისხი, არამედ აგრეთვე მათი ზეგავლენა ბუნებრივ გარემოზე და ისე მიიღოს შესყიდვის გადაწყვეტილება. ორგანიზაციამ, შესაძლებლობის ფარგლებში, უპირატესობა უნდა მიანიჭოს გარემოს დამზოგავ პროდუქციას და სერვისებს, რომლებიც  ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე.

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

ორგანიზაციამ სხვადასხვა ინიციატივების მეშვეობით ხელი უნდა შეუწყოს კომპანიის მომხმარებლების, თანამშრომლების, მიმწოდებლების და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს დამზოგავი ქცევის (გარემოსადმი ფრთხილი დამოკიდებულების) ჩამოყალიბებას.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი, იხილეთ: 

 ეწვიეთ გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ვებგვერდებს და საინფორმაციო რესურსგვერდებს

ვიდეო