კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი საკითხები

ადამიანის უფლებათა დაცვა

ადამიანის უფლებათა დაცვა

ადამიანის უფლებები არის ზოგადი უფლებები, რომლებიც გააჩნია ყოველ ადამიანს, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ ნებისმიერი სხვა თვისებისა.  ამ უფლებებს ადამიანებს არავინ ანიჭებს და ვერავინ წაართმევს (შესაძლებელია მათი ნაწილობრივი შეზღუდვა კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად, პატიმრობის დროს), ისინი ადამიანისგან განუყოფელი უფლებებია მისი დაბადებიდან სიკვდილამდე. 

ადამიანის უფლებები ეფუძნება ქცევის წესებს და ეთიკურ ღირებულებებს, რომლებიც საერთოა მრავალი სხვადასხვა კულტურისათვის. მათი პატივისცემა და დაცვა უზრუნველყოფს ადამიანების ცხოვრებას დამოუკიდებლად და ღირსებით, ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე. 

მრავალი მორალური და ინტელექტუალური ნორმა ეფუძნება იმის აღიარებას, რომ ადამიანის უფლებები კანონებსა და კულტურულ ტრადიციებზე უფრო მაღლა დგას. დღეისათვის მიღებულია მრავალი საერთაშორისო შეთანხმება, რომლებშიც ჩამოყალიბებული და განსაზღვრულია ადამიანის ძირითადი უფლებები და აღიარებულია მათი უპირატესობა სხვადასხვა კულტურულ-ისტორიული თუ პოლიტიკური სისტემების ფარგლებში მოქმედ წესებთან და ნორმებთან შედარებით. 

ადამიანის უფლებების სხვადასხვაგვარი კლასიფიკაცია არსებობს. ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციის ანახმად, ადამიანის უფლებათა ხუთ ძირითად ჯგუფს განარჩევენ: ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. 

“ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში”, რომელიც ფუძემდებლურ დოკუმენტს წარმოადგენს ამ სფეროში, აღიარებულია, რომ ადამიანის უფლებები არის თანდაყოლილი, თანმხლები, საყოველთაო,  განუყოფელი და ურთიერთდამოკიდებული.

ბიზნესი და ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, ძირითადი პასუხისმგებლობა სახელმწიფოთა მთავრობებს ეკისრებათ. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციების ხელმოწერითა თუ ნაციონალური კანონმდებლობების მეშვეობით, მთავრობები იღებენ ვალდებულებას პატივი სცენ და დაიცვან საკუთარი მოქალაქეების, ისევე როგორც სხვა ადამიანების, უფლებები თავიანთი ქვეყნების ფარგლებში და მათ გარეთ. 

ამასთანავე, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო მეტად არის გაცნობიერებული, რომ საზოგადოების სხვა ინსტიტუტებს, მათ შორის ბიზნეს კომპანიებს, აგრეთვე შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ ადამიანის უფლებების დაცვაზე და, შესაბამისად, გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ თვალსაზრისით. კერძო სექტორის როლი, ზოგადად მისი ზეგავლენის მასშტაბიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევა.

ამის გათვალისწინებით, სულ უფრო მეტი კომპანია ახორციელებს აქტიურ პოლიტიკას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ამ საკითხს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა CSR-ის კონტექსტში.

კავშირი ადამიანის უფლებებსა და ბიზნესს შორის უფრო შორს მიდის, ვიდრე უბრალოდ კანონების დაცვა. დაინტერესებული მხარეები  მოელიან კომპანიებისაგან, რომ მათ აქტიური ნაბიჯები გადადგან საკუთარი ზეგავლენის სფეროებში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშესაწყობად, იმისდა მიუხედავად, ასრულებს თუ არა სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებებს ამ თვალსაზრისით.

ადამიანის უფლებათა დაცვა კორპორაციული პასუხისმგებლობის კონტექსტში

ადამიანის უფლებათა დაცვა და პატივისცემა ნებისმიერი საწარმოს სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა და თანაბრად მოეთხოვება ყველა ორგანიზაციას. 

პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და აღიაროს ამ უფლებათა მნიშვნელობა. ერთი მხრივ, თავად ორგანიზაციამ არ უნდა დაარღვიოს ეს უფლებები, ხოლო მეორე მხრივ,  როდესაც ეს უფლებები ირღვევა სხვათა მიერ, არ უნდა იყოს უმოქმედოდ, ანუ თავისი პასიურობით არ უნდა აღმოჩნდეს ადამიანის უფლებათა დარღვევის თანამონაწილე.  

კერძოდ, პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ უნდა:   

  • პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები და აღიაროს ამ უფლებათა საყოველთაო ხასიათი
  • დაიცვას ადამიანის უფლებებთან მიმართებით იმ ქვეყანათა ნაციონალური კანონმდებლობა და საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებშიც იგი საქმიანობს
  • გამონახოს გზები ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციისა და თავიდან აცილების მიზნით, თუ დარღვევები უშუალოდ უკავშირდება მის ბიზნეს საქმიანობას, პროდუქციას ან სერვისებს მაშინაც კი, როდესაც კომპანია უშუალოდ არ არის ამგვარი დარღვევების მიზეზი
  • ჩაატაროს სათანადო შემოწმება ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, კომპანიის ზომის, საქმიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის რისკების სერიოზულობის გათვალისწინებით
  • იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის საქმიანობა რაიმე სახის უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებათა დაცვაზე, ითანამშრომლოს სამთავრობო და სხვა უწყებებთან ამ ზიანის გამოსწორების მიზნით
  • ისეთ სიტუაციებში, სადაც ადამიანის უფლებები არ არის დაცული, გადადგას ნაბიჯები მათ დასაცავად და არ გამოიყენოს ეს სიტუაციები თავის სასარგებლოდ
  • როდესაც ქვეყნის კანონმდებლობა ან მისი განხორციელების ხარისხი არ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა სათანადო დაცვას, იხელმძღვანელოს საერთაშორისო შეთანხმებებითა და სტანდარტებით ამ სფეროში
  • შეიარაღებული კონფლიქტის სიტუაციაში პატივი სცეს ჰუმანურობის საერთაშორისო სტანდარტებს. 

ზოგადად, კომპანიის საქმიანობა შეიძლება გავლენას ახდენდეს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მრავალ საკითხზე. თუმცა ყოველი კომპანიისათვის, მისი საქმიანობის სპეციფიკის, ზომის, ადგილმდებარეობის და მრავალი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა სხვადასხვა ასპექტი იქნება ყველაზე აქტუალური, შესაბამისად, განსხვავებული იქნება ადამიანის უფლებათა შელახვის რისკის სფეროები და მასშტაბი. ამიტომ, არსებითია, რომ ორგანიზაციამ გააანალიზოს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დარღვევის შესაძლო საფრთხეები და ამის საფუძველზე შეიმუშაოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკუთარი პოლიტიკა. 

გარკვეული გარემოებების, სიტუაციებისა და საქმიანობების ფარგლებში  უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ ორგანიზაცია დადგება ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკის წინაშე. სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტის, ISO26000-ის თანახმად, ესენია: 

  • საქმიანობა კონფლიქტის და პოლიტიკურად არასტაბილურ ზონებში, საქმიანობა არადემოკრატიულ სახელმწიფოებში, სადაც არ არის დაცული პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები
  • საქმიანობა ისეთ კულტურულ სისტემებში, სადაც მაღალია კორუფციის დონე და სადაც კორუფცია დასაშვებად მიიჩნევა
  • სიღარიბის მაღალი დონე, გვალვა, ბუნებრივი კატასტროფები და ჯანმრთელობის სერიოზული საფრთხეები
  • წიაღისეულის მოპოვება ან სხვა მსგავსი საქმიანობა, რომელმაც სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენოს ბუნებრივ რესურსებს, როგორიცაა წყალი ან ტყე, დააბინძუროს ატმოსფერო ან დაშალოს თემები
  • ორგანიზაციის საქმიანობის და ობიექტების სიახლოვე ძირძველი ხალხების დასახლებებთან
  • საქმიანობები, რომლებშიც შეიძლება ჩართული იყონ ბავშვები;
  • მიწოდებისა და წარმოების კომპლექსური ჯაჭვები, სადაც მაღალია ალბათობა არალეგალური სამუშაოს გამოყენებისა, რომელიც არ არის დაცული კანონით
  • საქმიანობა ისეთ სიტუაციებში, როდესაც საჭიროა ორგანიზაციის მიწების და ობიექტების, აგრეთვე სხვა ქონების გაძლიერებული დაცვა..

ასეთ სიტუაციებში ორგანიზაციებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ადამიანის უფლებათა საკითხებს. 

დღეისათვის შემუშავებულია მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება, რომლებიც სახელმწიფოთა მთავრობების და საზოგადოების სხვადასხვა სუბიექტის, მათ შორის ბიზნეს კომპანიების, ქცევის სტანდარტებს აყალიბებს ადამიანის უფლებათა სფეროში. 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისოდ აღიარებულ   ინიციატივათა და სტანდარტთა უმრავლესობა ადამიანის უფლებათა კომპონენტებს შეიცავს, რაც პასუხობს საზოგადოების მზარდ მოთხოვნას, რომ ბიზნესი ჩართული იყოს ადამიანის უფლებათა დაცვაში. 

 

თუ გსურთ გაიგოთ მეტი, იხილეთ: 

 ეწვიეთ საინფორმაციო პორტალებს და რესურს გვერდებს:

იხილეთ ასევე:  საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა >

ვიდეო