ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, შექმნილია ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭო, რომლის ფუნქციებში შედის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის, სამოქმედო გეგმების შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი (იხ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №551 დადგენილება).
საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო.
2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისათვის.
სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად შეიქმნა სამოქმედო გეგმები: 2014-2015 წლებისთვის; 2016-2017 წლებისათვის და 2018-2020 წლებისათვის (იხ. სამოქმედო გეგმები), რომლებიც განსაზღვრავენ კონკრეტულ სამუშაოებს, მათი შესრულების ვადებს, ინდიკატორებს და შესრულებაზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს.
2017 წელს საქართველოს მთავრობამ 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში დაამატა თავი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ (თავი 24 ); 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხს აგრეთვე დათმობილი აქვს თავი 25.
აღნიშნულით საქართველოს მთავრობამ მრავალი ვალდებულება აიღო ბიზნესის მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობაზე, მათ შორის როგორც ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლებაზე (მაგ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების შესახებ ბიზნეს სექტორის ინფორმირება და სხვა), ასევე უფრო ქმედითი ნაბიჯებისა და ღონისძიებების გატარებაზე, როგორებიცაა მაგ.: ბიზნესისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და მისი ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების წამახალისებელ და სავალდებულო დონეზე გათვალისწინების უზრუნველყოფა; აგრეთვე, ვალდებულებები, რომლებიც შეეხება ადამიანის უფლებებისა და პასუხისმგებელი ბიზნესის სფეროში წამყვან საერთაშორისო ინიციატივებთან მიერთებას და მათი პოლიტიკაში გატარების უზრუნველყოფას (მაგ. ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების (UN Guiding Principles on Business and Human Rihghts) - მხარდაჭერისა და მათი პოლიტიკაში გატარების უზრუნველყოფა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მრავალეროვანი საწარმოებისათვის სახელმძღვანელო მითითებებთან მიერთება (OECD Guidelines for Multinational Enetrprises) და მრავალი სხვა.
თუ გსურთ გაიგოთ მეტი, იხილეთ: