საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფა და ბუნებრივი კატასტროფების რისკების თავიდან აცილება.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მწვანე ეკონომიკის წახალისებას, რომელიც ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
2016 წელს საქართველო შეუერთდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მწვანე ზრდის დეკლარაციას, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის. აღნიშნული დეკლარაციის პრინციპებზე დაყრდნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის დოკუმენტისა და მწვანე ზრდის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების საკითხებზე, რომელთა ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზების ხელშეწყობა, მდგრადი და მწვანე განვითარების საფუძვლის შექმნა.
ამასთანავე, მდგრადი განვითარების პრინციპების უპირატესობები და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა აღნიშნულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში „საქართველო 2020“
წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - მწვანე ეკონომიკა