საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და ინიციატივები კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით

მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო

მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო

მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცია საქართველოში

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში A/RES/70/1 რეზოლუციით მიიღო 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებას მოიცავს – ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით განზომილებებს. 2030 წლის დღის წესრიგი ამ ეტაპზე არსებული ერთადერთი გლობალური დღის წესრიგია, რომლის შესრულებაშიც ყველა ქვეყანა თანაბრად ერთვება.

საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელსვე დაიწყო.  გაეროს მდგრადი განვითარების 17-ივე მიზანი და 93 ამოცანა განისაზღვრა ეროვნულ პრიორიტეტად.  ნაციონალიზაციის პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყება, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოები და სამოქალაქო საზოგადოება.

საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების, საერთაშორისო განვითარების სააგენტოების მხარდაჭერით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მოამზადა მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი - მატრიცა, რომელშიც ასახულია გლობალური და ნაციონალიზებული ამოცანები, მათი  მიღწევა საქართველომ 2030 წლამდე უნდა შეძლოს. დოკუმენტში  ასევე ასახულია გლობალური და საქართველოსთვის მისადაგებული ეროვნული ინდიკატორები,  რომელთა მიხედვითაც გაიზომება თითოეული ამოცანის შესრულება. ყოველი ამოცანის შესასრულებლად განსაზღვრულია შესაბამისი წამყვანი დაწესებულება. მატრიცის თითოეული პუნქტის შესაბამისად  უნდა მოხდეს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგი.

მდგრადი განვითარების მიზნების კოორდინაცია სახელმწიფო დონეზე

საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგისა და პროცესის კოორდინაციისთვის შეიქმნა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო  (SDG საბჭო) და ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი:

  • სოციალური ჩართულობის
  • ეკონომიკური განვითარების
  • დემოკრატიული მმართველობის
  • მდგრადი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის

„SDG საბჭოს“ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ხოლო ანალიტიკურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს სამდივნო, რომლის ფუნქცია შეთავსებული აქვს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს.

მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგი

საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სამდივნო. მონიტორინგი ტარდება წელიწადში ერთხელ, თებერვლის დასაწყისში. მონიტორინგის სისტემაში ჩართულ უწყებებს აქვთ ერთთვიანი ვადა, სისტემის მეშვეობით ანგარიშგება მოახდინონ სამდივნოს წინაშე. ყოველწლიური ანგარიში წარედგინება მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოსა და თემატურ სამუშაო ჯგუფებს.

გლობალურ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ზედამხედველობას გაეროს მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი (HLFP)    ახორციელებს.  ფორუმს წარედგინება მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ამსახველი ანგარიშები. საქართველომ პირველი ნებაყოფლობითი ეროვნული ანგარიში (VNR)  ფორუმს 2016 წელს წარუდგინა ხოლო შემდეგი - 2020 წელ.

იხ. ასევე გაეროს „SDG საინფორმაციო პლატფორმა“ 

საქართველო (VNR) ანგარიშს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე (HLPF) წარადგენს 4 წელიწადში ერთხელ. ასევე, საბოლოო ანგარიში შემუშავდება 2030 წლისთვის.

მდგრადი განვითარების მიზნები და ბიზნესი საქართველოში

მდგრადი განვითარების მიზნები წარმოადგენს ერთგვარ ჩარჩოს ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, თუ როგორ უნდა დაგეგმონ თავიანთი CSR სტრატეგია და რომელი ინდიკატორების შესრულებაზე აიღონ პასუხისმგებლობა (მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის კავშირის შესახებ იხ.მეტი აქ.) შესაბამისად, მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულება საქართველოში თავისთავად ხელს უწყობს კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებას და კეთილმყოფელ გარემოს ქმნის მის დასანერგად.

მდგრადი განვითარების ეროვნული ამოცანების შესრულებაში საქართველოში მოქმედი ბიზნეს კომპანიების წვლილის შესახებ  იხ. გაეროს გლობალური შეთანხმების კვლევის ანგარიში Private Sector Contribution to Georgia’s 2020 Voluntary National Review on Sustainable Development Goals,  Global Compact Network Georgia, 2020

თუ გსურთ გაიგოთ მეტი, იხილეთ: