საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და ინიციატივები კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება

2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას („ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და  მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“), რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს. 

ევროკავშირი და საქართველო, ასევე, შეთანხმდნენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც განსაზღვრავს 2017-2020 წლებში თანამშრომლობის განვითარების პრიორიტეტებს, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების გათვალისწინებით. 

ასოცირების დღის წესრიგისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების მიზნით  საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად შეიმუშავებს ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელიც მტკიცდება მთავრობის დადგენილებით. იხ. ასოცირების შეთანხმებისა და დღის წესრიგის ეროვნული სამოქმედო გეგმები.

ასოცირების შესახებ შეთანხმება და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) ითვალისწინებს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავებას, საქართველოს  ჩართულობის ზრდას ევროკავშირის სტრატეგიებში, პროგრამებსა და ორგანიზაციებში. აღნიშნული ახალ ვალდებულებებს აკისრებს საქართველოს მთავრობას და ამასთანავე, მთელ რიგ  შესაძლებლობებს უხსნის ქვეყანას და მათ შორის, ბიზნეს სექტორს. ბევრ შემთხვევაში,  ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები კომპანიებისათვის დაუკავშირდება მათ მიერ  პასუხისმგებელი ბიზნეს ქცევის საერთაშორისო სტანდარტების და მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას საკუთარ საქმიანობაში.

პასუხისმგებელი ბიზნესის ხელშეწყობის და წახალისების ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რამდენიმე მუხლში არის ჩამოყალიბებული, კერძოდ: მე-13 თავის (ვაჭრობა და მდგრადი განვითარება) მუხლები 231e, 239g; მე-14 თავის (დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები) მუხლები 348, 349i, 352.

გარდა ამისა, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მრავალი სხვა ვალდებულების - მაგ. მე-VI კარის მე-3 თავის (გარემოს დაცვა), მე-4 თავის (კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები) და  მე-13 თავის (მომხმარებელთა პოლიტიკა) და მრავალი სხვა თავის მიხედვით აღებული ვალდებულებები, აგრეთვე, მოიაზრებს კერძო სექტორის აქტიურ ჩართვას მათ შესრულებაში.