კორპორაციული მართვა
კორპორაციული მართვა არის წესების, პროცედურებისა და პროცესების ერთობლიობა, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება კომპანიის მართვა და კონტროლი.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) თანახმად, კორპორაციული მართვის სტრუქტურა განსაზღვრავს ორგანიზაციაში უფლებათა და პასუხისმგებლობათა გადანაწილებას სხვადასხვა მხარეთა შორის – სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორებს, მეწილეებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის და აბალანსებს მათ ინტერესებს; განსაზღვრავს ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების წესებსა და პროცედურებს, აგრეთვე აყალიბებს კომპანიის მიზნების დასახვის, მათი მიღწევისა და საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმებს (The OECD Principles of Corporate Governance).
აქედან გამომდინარე, კორპორაციული მართვა მოიცავს კომპანიის მართვის თითქმის ყველა სფეროს, სამოქმედო გეგმების, შიდა კონტროლის მექანიზმების, შედეგების შეფასების და კორპორაციული ანგარიშგების ჩათვლით.
კორპორაციული მართვა მნიშვნელოვანი ცნებაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში და CSR-ის ერთ-ერთ ძირითად თემად მიიჩნევა. კომპანიას, რომელსაც სურს იყოს პასუხისმგებელი, უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის მართვის გამართული სისტემა, რათა შეძლოს CSR-ის და მდგრადი განვითარების პრინციპები ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგოს და აკონტროლოს მათი განხორციელება.
პასუხისმგებელი კომპანიის ეფექტური მართვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს, რომ გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცესში გათვალისწინებული იყოს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ეთიკის, დაინტერესებულ მხარეთა ინტერესების პატივისცემის, საერთაშორისო სტანდარტების პატივისცემის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პრინციპები.
სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტის, ISO 26000-ის თანახმად, კორპორაციული მართვის ეფექტური სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზაციის უნარს:
კორპორაციული მართვა ESG საკითხების (Environmental, Social, Governance Issues) სამი ძირითადი კომპონენტიდან ერთ-ერთია და გამოიყენება პასუხისმგებელი ინვესტირების სხვადასხვა სტრატეგიის ფარგლებში, როგორც კომპანიათა შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი.
კორპორაციული მართვის საკითხებს ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მდგრადი განვითარების ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში.