კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი საკითხები

დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია

დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია

რას ნიშნავს "ორგანიზაციის დაინტერესებული მხარეები"

ყოველ კომპანიას ჰყავს მრავალრიცხოვანი დაინტერესებული მხარე, ეს ჯგუფები არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსურად დაკავშირებული მხარეებით - მეწილეებით და აქციათა მფლობელებით, რომლებიც დაინტერესებულ მხარეთა მხოლოდ ერთ ჯგუფს წარმოადგენენ.

რაც უფრო იზრდება კერძო კომპანიების ზეგავლენა და ძალაუფლება გლობალიზებულ სამყაროში, მით უფრო მეტი სხვადასხვა მხარე და ადამიანთა ჯგუფი არის დაინტერესებული კომპანიათა საქმიანობის სხვადასხვა ასპექტით და საჭიროდ მიაჩნია, რომ კომპანიებმა მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია და გაითვალისწინონ მათი აზრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, ანუ ისეთი გადაწყვეტილებებისა, რომლებსაც შეუძლია ზეგავლენის მოხდენა საზოგადოების ცხოვრებაზე.

თანამედროვე გაგებით,  ორგანიზაციის „დაინტერესებული მხარეები“ არიან ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები ან ორგანიზაციები, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პირიქით, თვითონ ორგანიზაცია ახდენს მათზე მნიშვნელოვან ზეგავლენას საკუთარი საქმიანობით, სერვისებითა და პროდუქციით. 

დაინტერესებულ მხარეთა თეორიის თანახმად, რომელიც  ედუარდ ფრიმანმა ჩამოაყალიბა თავის წიგნში „სტრატეგიული მენეჯმენტი: დაინტერესებულ მხარეთა გათვალისწინება (R. Edward Freeman, Strategic Management: A Stakeholder Approach), კომპანიის მდგრადობა და გრძელვადიანი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ის უპასუხოს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მოლოდინებსა და მოთხოვნებს.

ყოველ ორგანიზაციას ბევრი სხვადასხვა დაინტერესებული მხარე ეყოლება. კომპანიის დაინტერესებული მხარეები, ჩვეულებრივ, შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ჯგუფებს:

  • თანამშრომლები
  • კლიენტები და მომხმარებლები
  • მომწოდებლები
  • ინვესტორები
  • მეწილეები
  • ბიზნეს პარტნიორები და კონკურენტები
  • ადგილობრივი ხელისუფლება
  • ადგილობრივი თემი
  • სამოქალაქო ორგანიზაციები (მაგ., გარემოსდაცვითი ან ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები)
  • პროფკავშირები
  • მედია და ა. შ. 

თუმცა ყოველი კომპანიისათვის ეს ჩამონათვალი განსხვავებული იქნება, ასევე განსხვავებული იქნება თითოეული ჯგუფის /მხარის ფარდობითი მნიშვნელობა კომპანიისათვის და თავად კომპანიის ზეგავლენის მასშტაბი ამ ჯგუფზე.

ამიტომ კომპანიისათვის მნიშვნელოვანია კონკრეტულად მისი დაინტერესებული მხარეების გამოვლენა და მათი პრიორიტეტიზაცია ზეგავლენის და მნიშვნელობის მიხედვით.

CSR და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია

დაინეტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა (ანუ დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა), მათი მოსაზრებებისა და საჭიროებების გათვალისწინება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის არსებითი კომპონენტია.  

პასუხისმგებელი კომპანია:

დიალოგში უნდა იყოს საკუთარ დაინტერესებულ მხარეებთან, რათა გაარკვიოს, რა ზეგავლენას ახდენს ამ ჯგუფებზე კომპანიის საქმიანობა, გამოავლინოს მათი მოლოდინები და ინტერესები და გაითვალისწინოს ისინი საკუთარი სტრატეგიისა და საქმიანობათა დაგეგმვისას;

ღიად და გამჭვირვალედ უნდა წარადგინოს ანგარიში დაინტერესებული მხარეებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე; 

განახორციელოს მდგრადი და ინოვაციური მიდგომები და ინიციატივები, რათა უპასუხოს დაინტერესებულ მხარეთა მოთხოვნებს და საჭიროებებს.

დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება ეფექტური გზაა ორგანიზაციის გაძლიერებისა და მისი მიზნების მისაღწევად. ეს ეხმარება კომპანიას  

  • გაიაზროს საკუთარ გადაწყვეტილებათა შესაძლო შედეგები და ზეგავლენა სხვადასხვა ჯგუფზე და უკეთ მოახდინოს რისკების პრევენცია;
  • სხვისი თვალით შეხედოს საკუთარ საქმიანობას და გამოავლინოს ახალი შესაძლებლობები;
  • გაიუმჯობესოს იმიჯი და მოიპოვოს ნდობა.

დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი აგრეთვე წარმატებული CSR სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების წინაპირობაა და მდგრადი განვითარების ანგარიშგების პროცესის ნაწილია.

დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური მეთოდით შეიძლება განხორციელდეს. ეს შეიძლება იყოს:

  • შეხვედრები და ინტერვიუ
  • ფოკუს ჯგუფები
  • სხვადასხვა სახის კითხვარები
  • სოციოლოგიური გამოკითხვა
  • გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ფორმალური შეხვედრები (მაგალითად, ინვესტორთა, მეწილეთა და ა. შ.)
  • სატელეფონო ცხელი ხაზი
  • დაინტერესებულ მხარეთა ფორუმები და სხვ.

სხვადასხვა ჯგუფთან სხვადასხვა მეთოდის გამოყენებაა მიზანშეწონილი. განსხვავებული შეიძლება იყოს ასევე დაინტერესებულ მხარეთა სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობის მასშტაბიც, მათი მნიშვნელობისა და ზეგავლენის მასშტაბის შესაბამისად - დაწყებული უბრალოდ ინფორმაციის მიწოდებით, კონსულტაციების გამართვის და თანამშრომლობის ჩათვლით.

დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია სტრატეგიული პროცესია, მისი ძირითადი ეტაპებია:

  • დაინტერესებულ მხარეთა გამოვლენა და ანალიზი
  • მაღალი ზეგავლენის მქონე დაინტერესებულ მხარეთა განსაზღვრა
  • სამიზნე ჯგუფების შერჩევა
  • სხვადასხვა მხარესთან კომუნიკაციის შინაარსისა და მეთოდების განსაზღვრა
  • კომუნიკაციის გეგმის შედგენა
  • დიალოგის წარმართვა
  • მიღებული ინფორმაციის ანალიზი
  • უკუკავშირის მიწოდება.

ვიდეო