საზოგადოების მხარდაჭერა და თემის განვითარება
საზოგადოების მხარდაჭერისა და დახმარების პროგრამები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული, ძირითადი თემაა.
თავდაპირველად კომპანიების მხრიდან საზოგადოების მხარდაჭერა ძირითადად საქველმოქმედო, ფილანთროპიული ინიციატივებით გამოიხატებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში საზოგადოების მხარდაჭერისა და თემის განვითარების CSR პროგრამები ბევრად უფრო სტრატეგიული, მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული გახდა.
პასუხისმგებელი კომპანია მიიჩნევს, რომ იგი იმ საზოგადოების წევრია, რომელშიც ფუნქციონირებს და მის ინტერესებსა და პრობლემებს იზიარებს. შესაბამისად, მისი მიზანი უნდა იყოს ისე წარმართოს საკუთარი საქმიანობა, რომ მაქსიმალურად დადებითი ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოების და ცალკეული თემების კეთილდღეობაზე და შეამციროს მიყენებული ზიანი.
ყოველი კომპანია, სექტორის, ზომის და მდებარეობის მიუხედავად, თავისი გადაწყვეტილებებით, საქმიანობით, პროდუქციითა თუ სერვისებით გარკვეულ ზეგავლენას ახდენს მთლიანად საზოგადოებასა და მის ცალკეულ ჯგუფებზე, თემებზე, რომელთა ფარგლებშიც იგი საქმიანობს. ეს ზეგავლენა შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი.
თემზე უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, ადგილობრივი თემების დაშლას, მათი დადგენილი ცხოვრების წესის შეცვლა ან კულტურულ ტრადიციათა რღვევას, თემების გადასახლებას, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებზე, მაგ. სუფთა წყლის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, არსებული შემოსავლის წყაროების გაუქმებას ადგილობრივი მომწოდებლებისათვის არახელსაყრელი პირობების შექმნა, და ა. შ. კომპანიის ზომაზე, ადგილმდებარეობასა და საქმიანობის სპეციფიკაზე არის დამოკიდებული მისი ზეგავლენების ხასიათი და მასშტაბი.
პასუხისმგებელი კომპანიის სათემო პროგრამის უპირველესი მიზანი უნდა იყოს მისი საქმიანობის თანმდევი უარყოფითი ზეგავლენების მართვა და მინიმუმამდე შემცირება. ამისათვის კომპანიას დანერგილი უნდა ჰქონდეს თემთან ეფექტური კომუნიკაციის, ზეგავლენების მართვის, მონიტორინგისა და რეაგირების ორგანიზაციული სისტემები და პროცედურები.
გარდა ამისა, კომპანიის სათემო პროგრამების/საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამების მიზანი ხშირად არის საზოგადოების თუ ცალკეული თემების წინაშე არსებული ისეთი პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა, რომლებიც, შესაძლოა, საერთოდ არ უკავშირდებოდეს კომპანიის საქმიანობას და მის ზეგავლენებს, არამედ უშუალოდ თემის საჭიროებებზე და მის განვითარებაზე იყოს კონცენტრირებული.
ბოლო ათწლეულების მანძილზე ბიზნესის როლი საზოგადოებაში გაიზარდა. იმ პრობლემების იგნორირება, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, დღეს არცერთ კომპანიას არ შეუძლია. თემის განვითარების პროგრამები კომპანიების უმრავლესობისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიების ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. თემის განვითარების პროგრამების მიზანია თემის ინდივიდუალური წარმომადგენლების და ცალკეული ჯგუფების გაძლიერება (ცოდნის, რესურსების და შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით), მათი უნარების განვითარება, რათა მათ შეძლონ საკუთარ თემში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების განხორციელება.
თემის განვითარების კორპორაციული პროგრამები მრავალფეროვანია და შეიძლება მიმართული იყოს თემის სხვადასხვა საჭიროებაზე, როგორიცაა, მაგალითად:
კორპორაციული სოციალური ინვესტიციები/ფილანთროპიული პროგრამები წარმოადგენს ერთ-ერთ ქმედით და გავრცელებულ საშუალებას, რომლის მეშვეობითაც კომპანიას შეუძლია წვლილი შეიტანოს თემის განვითარებაში. ზოგადად, სოციალური ინვესტიციები და ფილანთროპიული საქმიანობა უმეტესწილად არ არის უშუალო კავშირში ორგანიზაციის ძირითად ბიზნეს საქმიანობასთან (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა სხვა კომპონენტებისაგან განსხვავებით), მათი მიზანია გააუმჯობესოს ორგანიზაციის ურთიერთობა საზოგადოებასთან/თემთან აგრეთვე ის გარემო, რომელშიც საქმიანობს ორგანიზაცია.
სოციალური ინვესტიციები/ფილანთროპიული პროგრამები სხვადასხვა ფორმით შეიძლება განხორციელდეს. კერძოდ:
თემის განვითარების პროგრამების განხორციელების მეთოდები განვითარდა და დაიხვეწა ათწლეულების განმავლობაში. შედარებით ადრეულ ხანებში სათემო პროგრამები და სოციალური ინვესტიციები ძირითადად სპონტანურად ხორციელდებოდა. საკითხთა შერჩევისას ნაკლებად ითვალისწინებდნენ ბიზნეს მიზნებსა და ამოცანებს. ცოტა რამ კეთდებოდა შედეგების შეფასების თვალსაზრისითაც. თუმცა 1990-იან წლების შემდეგ კომპანიები სულ უფრო მეტად გადადიან სათემო პროგრამების განხორციელების სტრატეგიულ მიდგომებზე, რაც აისახა როგორც პრიორიტეტული საკითხების შერჩევაში, ისე მათ განხორციელებასა და შედეგების შეფასებაში.
მიზანშეწონილია, რომ კომპანიამ თავი აარიდოს ისეთ პროექტებს, რომლებიც გაზრდის თემის დამოკიდებულებას ორგანიზაციის დახმარებაზე; პროექტებს, რომლებიც ვეღარ გაგრძელდება, როდესაც ორგანიზაცია შეწყვეტს დახმარებას ან დატოვებს თემს (მაგ., დაიხურება ან სხვა ადგილას გადავა საწარმო და ა. შ.). სოციალური პროგრამები უნდა იყოს გრძელვადიანად სიცოცხლისუნარიანი და წვლილი შეჰქონდეს ადგილობრივი თემის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში და არა ერთჯერადად პრობლემების მოგვარებაში. (თუ გსურთ გაიგოთ მეტი, იხ. Philanthropy Impact)
ორგანიზაციამ აგრეთვე ხელი უნდა შეუწყოს თემის წარმომადგენლების ჩართულობას სათემო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
თემთან დიალოგი და თემის ჩართულობა კორპორაციული პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანესი პრინციპია.
თემის ჩართულობა შეიძლება განიმარტოს, როგორც კომპანიის თანამშრომლობა მისი ობიექტების მიმდებარედ დასახლებულ თემებთან, აგრეთვე სხვა თემებთან, რომლებზეც მისი საქმიანობა ახდენს ზეგავლენას, იმ საკითხების გამოსავლენად და მოსაგვარებლად (კომპანიის CSR პროგრამის ფარგლებში), რომლებიც ამ ადამიანთა კეთილდღეობას შეეხება.
ის ეფუძნება იდეას, რომ ყველას, ვისზეც ორგანიზაციის საქმიანობა ახდენს ზეგავლენას, უფლება აქვს, მისი აზრი იყოს მოსმენილი და გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, თემის თანამონაწილეობა და ჩართულობა გულისხმობს რომ კომპანია იყენებს პარტნიორულ მიდგომებს იმ თემების (სოციალური ჯგუფების) მიმართ, რომლებზეც კომპანიის საქმიანობა ახდენს გავლენას, ითვალისწინებს მათ აზრს, მართავს დიალოგს თემისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების გამოვლენისა და პრევენციი მიზნით, რეგულარულად მართავს კონსულტაციებს ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან თემის განვითარების პროგრამების დაგეგმვისას, იქნება ეს თემზე კომპანიის უარყოფითი გავლენის შემცირებისკენ მიმართული პროგრამები თუ უშუალოდ თემის საჭიროებების დაკმაყოფილებისა და პრობლემების გადაჭრის ინიციატივები; ასევე კომუნიკაციას წარმართავს საქმიანობის შეცვლის, გაფართოების ან სხვა რეგიონში გადატანის წინ, თუ ამ ცვლილებას ზეგავლენის მოხდენა შეუძლია თემზე.