CSR ბლოგი

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის (ACT) პრო ბონო ინიციატივა

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის (ACT) პრო ბონო ინიციატივა

07/03/2019

2017 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის „ეი-სი-თი” თანამშრომლებმა, პრო ბონოდ, ანუ უსასყიდლოდ, მარკეტინგული კონსულტაცია გაუწიეს სოციალურ საწარმო „ბაბალეს“.

“ბაბალე” არის სოციალური საწარმო, რომელიც შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია “რეალური ცვლილებებისთვის” მიერ, რომლის დამფუძნებლები და წევრები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები. “ბაბალეს” სამიზნე ჯგუფია ინტელექტუალური დარღვევების და ფსიქო სოციალური საჭიროების მქონე პირები.

კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა საჭიროებების შეფასება და გამოვლინდა საწარმოს წინაშე არსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, როგორიცაა, მაგალითად, საწარმოს ცნობადობა, პროდუქციის პოზიციონირება და კატეგორიზაცია.

“ეი-სი-თის” გუნდმა, სოციალურ საწარმო “ბაბალესთან” ერთად შეიმუშავა იდეები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს პროდუქტების წარმოჩენის, რეალიზებისა და დისტრიბუციის საქმე. დაიწერა მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციის გეგმა და განისაზღვრა ბაზრის პრიორიტეტული სეგმენტი.
პროექტის შედეგად სოციალური საწარმოს კომუნიკაცია სამიზნე აუდიტორიასთან, “ბაბალეს” ცნობადობის და პროდუქტების პოზიციონირების მიმართულებით, უფრო ფოკუსირებული, ეფექტური და პროაქტიური გახდა, რაც მიღწეულია უფრო გასაგები და კონკრეტული გზავნილებით, რომლებიც ეხება როგორც ორგანიზაციას, ისე მის წარმოებულ პროდუქტს. ასევე, პროდუქციის მახასიათებლებს დაემატა ქართული სიმბოლიკა და უფრო მრავალფეროვანი გახდა რეალიზაციისა და დისტრიბუციის შესაძლებლობები.

კონტულტაციის შედეგად შემუშავდა: პროდუქციის განვითარების გეგმა და პროდუქციის კატალოგი.

შეგახსენებთ, რომ მდგრადი განვითარების მერვე მიზანი ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდაა, ხოლო მეათე მიზანი უთანასწორების შემცირებაა. ამ შემთხვევაში “ეი-სი-თის” პროექტი ორივე მიზანს უკავშირდება და ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

კომპანია “ეი-სი-თი” აღნიშნული პროექტით პასუხისმგებელი ბიზნეს კონკურსის “Meliora 2018” , საზოგადოების მხარდაჭერის კატეგორიაშია გამარჯვებული.


ელენე ჩხეიძე

უკან დაბრუნება