14/04/2019
ფონდი “ნატახტარი” ზრუნავს მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებზე და ეხმარება მათ როგორც დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში, ისე სრულწლოვანების ასაკის შესრულების შემდგომაც, როცა უწევთ სახელმწიფო ზრუნვის სისტემის დატოვება.
ლიმონათის თითოეული გაყიდული ბოთლიდან რამდენიმე თეთრი ყოველწლიურად, დროის გარკვეულ პერიოდში, ირიცხება ფონდში. კომპანია წინასწარ ავრცელებს ინფორმაციას ამ აქციის შესახებ, რათა წაახალისოს ქველმოქმედებაში საზოგადოების თანამონაწილეობა და გაზარდოს გაყიდვები.
“ნატახტარისა” და საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველო” ძალისხმევით შემუშავდა ბენეფიციარების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მუშაობის მოქნილი სქემა, რომელიც, საჭიროებების მიხედვით სთავაზობს ახალგაზრდებს სამოქალაქო განათლებას, სოციალური უნარების განვითარებას, პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებას, პროფესიულ კონსულტაციებს, პროფესიის/ხელობის დაუფლებას, სტაჟირებას და ა.შ. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროცესში მოზარდების მაქსიმალურად ხელშესაწყობად ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ბიზნესსექტორთან და თვითმმარველობებთან.
ბენეფიციარებს, რომლებსაც სისტემის დატოვების შემდეგ არსად აქვთ წასასვლელი, ფონდი სთავაზობს სასტიპენდიო პროგრამას ბინის ქირის, კვების და მგზავრობის ხარჯების დასაფარად.
2011 წლიდან დღემდე შეგროვებული 841,835 ლარით, ფონდი “ნატახტარი” 500-ზე მეტი მოზარდსა და ახალგაზრდას დაეხმარა; მათგან 300 უკვე წარმატებით დასაქმდა, ხოლო 23 ბენეფიციარი ამჟამად სტუდენტია.
შეგახსენებთ, რომ მდგრადი განვითარების მეჩვიდმეტე მიზანი ეხება თანამშრომლობას საერთო მიზნებისთვის, ამ შემთხვევაში კომპანია “ნატახტარის” პროექტი ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
კომპანია “ნატახტარი” აღნიშნული პროექტით პასუხისმგებელი ბიზნეს კონკურსის “Meliora 2018” , სექტორთაშორის პარტნიორობის კატეგორიაშია გამარჯვებული.
ელენე ჩხეიძე