22/11/2021
გლობალური მასშტაბით ტურისტების აქტივობების შედეგად უზარმაზარი მოცულობის მონაცემები წარმოიქმნება, მათზე დაყრდნობით საინტერესო დასკვნების გამოტანა შეიძლება მოგზაურების ქცევების შესახებ.
აღნიშნული მონაცემების შეგროვებას, კომერციული თუ არაკომერციული მიზნით, ახდენს უამრავი დაინტერესებული მხარე, მათ შორის კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ამ შეგროვებული მონაცემების გაზიარება არ ხდება, რაც ჯვარედინი ანალიზის შესაძლებლობების გამოყენებას და ბიზნესისთვის საჭირო ინფორმაციის გენერირებას უშლის ხელს, ეს კი ტურიზმის სფეროს მდგრადი განვითარების ხელშემშლელი ფაქტორია.
ინდუსტრია 4.0-ის ტექნოლოგიების საშუალებით შეგვიძლია შევაგროვოთ და ანალიზი გავუკეთოთ დიდი მონაცემებს, რისი გამოყენება ტურიზმის სფეროს უფრო სიღრმისეული სურათის დანახვის შესაძლებლობას მოგვცემს. აღნიშნული მიდგომა დაგვეხმარება შევიმუშაოთ უფრო მეტად მდგრადი სტარატეგიები თუ ბიზნესმოდელები, რაც ერთი მხრივ, თანამედროვე ტურიზმით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან უკეთესად გამკლავების, მეორე მხრივ, ხშირი მოგზაურების და ახალი ვიზიტორების გამოცდილების გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.
შავი ზღვის აუზში ტურიზმის სექტორი სტაბილური ტემპით ვითარდება. რეგიონს დიდი შესაძლებლობა აქვს ტურისტებს შესთავაზოს უფრო მდგრადი, ინოვაციური და დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი. სწორედ ამიტომ, ევროკომისიამ, აღმოსავლეთის სამეზობლო პოლიტიკის ჭრილში, თანადააფინანსა შავი ზღვის 3 ქვეყანაში: საქართველო, უკრაინა და რუმინეთი, ტურიზმის მდგრადი განვითარების შეფასების ევროპული მოდელის პილოტაჟი. უფრო კონკრეტულად, პროექტი, „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის – მონაცემთა ანალიზი ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიებისთვის“, ეხება ტურიზმის დანიშნულების ადგილის (destination) მდგრადი განვითარების გაზომვას დიდი მონაცამების და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით. ამისათვის პროექტი იყენებს ციფრულ ხელსაწყოს სახელად „ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model), რომელიც შექმნილია სლოვენიაში, კომპანია Arctur-ის მიერ. სწორედ მისი პილოტაჟი მიმდინარეობდა ქალაქ ბათუმში და აჭარის რეგიონში, 2019 წლის ნოემბრიდან – 2021 წლის ნოემბრამდე.
წყარო: www.bm.ge