01/12/2021
ყველაზე ემოციური, გამორჩეული და ჯადოსნური დღესასწაულის – ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება. თუმცა, ამ პერიოდს, მხიარულებასა და დიდებულებასთან ერთად, სევდა და მელანქოლიაც ახლავს თან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სამწუხაროდ, ახალი წელი ყველასთვის ჯადოსნური ნამდვილად არ არის. თუკი წინასაახალწლო ფუსფუსს მცირე ხნით მოვწყდებით, მაშინვე შევამჩნევთ, რომ ჩვენ გარშემო უამრავი სოციალური პრობლემაა. ამაზე ზრუნვა კი, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
სწორედ ამ საზოგადო პრობლემებსა და ზრუნვის მნიშვნელობაზე გვესაუბრება თეგეტას ახალი, მასშტაბური საახალწლო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს, სასიკეთო ცვლილებების მისაღწევად, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააერთიანოს.
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პლატფორმა — tegeta.care, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. პლატფორმის მეშვეობით, თეგეტა ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს – დააფინანსოს, მხარი დაუჭიროს, ან თუნდაც, სოციალურ ქსელში გაზიარებით, პრობლემის შესახებ ცნობადობა გაზარდოს. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა, ჯერჯერობით, ორგანიზაციების მხოლოდ ნაწილს აერთიანებს, მათი სია კი, დროთა განმავლობაში, მუდმივად განახლდება.
მარიამ კარკალაია – თეგეტას მარკეტინგის დირექტორი: „ადამიანების უმრავლესობას აქვს სურვილი, რაიმე მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილების თანამონაწილე გახდეს. თუმცა, ხშირად, ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ამის მიღწევა მხოლოდ რაიმე დიადი საქმით – გმირული ქმედებითაა შესაძლებელი.
სინამდვილეში კი, სხვისი ცხოვრების თუ სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად, გმირობა სულაც არაა საჭირო. თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად აქვს შანსი, ერთი მზრუნველი ქმედებით დიდი სასიკეთო ცვლილება გამოიწვიოს – შეცვალოს განწყობა, მიანიჭოს ბედნიერება, განსაზღვროს ერთი ადამიანის ცხოვრება, და ზოგჯერ, მთელი სამყაროც კი.
სწორედ ამაშია ზრუნვის უდიდესი ძალა — ზრუნვა მართლაც ცვლის სამყაროს. სწორედ ამ დაკვირვებაზე ავაგეთ წინასაახალწლო კამპანია.“
ნათიკა ბერძული – თეგეტას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:
„თეგეტა ქართული კომპანიაა 26-წლიანი ისტორიით, რომლისთვისაც ზრუნვა ყოველთვის იყო.
ის მამოძრავებელი ღირებულება. ზრუნვითაა გაჯერებული თეგეტას, როგორც ბიზნესის საქმიანობა:
ზრუნვა განვითარებაზე, რაც ბიზნესის განვითარებასთან ერთად, მთლიანად ავტოინდუსტრიის განვითარებას ნიშნავს და ქვეყნის ეკონომიკაზე ზრუნვაში ითარგმნება. ზრუნვა დასაქმებულებზე, პარტნიორებსა და მომხმარებლებზე. სწორედ ზრუნვის ეს ჯაჭვი ქმნის საბოლოოდ თეგეტას ისეთად, როგორიც არის დღეს.
უშუალოდ საქმიანობის გარდა, მუდმივად ვცდილობთ ბრენდის ეს დამოკიდებულება კონკრეტულ აქტივობებში გამოვხატოთ. ზრუნვის ძალის თეგეტაში ყოველთვის გვჯეროდა. რომ დასვათ კითხვა, რას საქმიანობს თეგეტა? ჩვენი პასუხი იქნებოდა – თეგეტა ზრუნავს. ზრუნავს, რომ მომხმარებელს ავტომობილის ფლობის გამოცდილება გაუმარტივოს. ზრუნავს, რომ ბიზნესი განვითარდეს. ზრუნავს, რომ განათლების დონე ამაღლდეს, ადამიანებმა უფრო თანასწორუფლებიან გარემოში იცხოვრონ, ცხოველებმა კი, უფრო უსაფრთხოში. ზუსტად ამიტომ ვეხმარებით სხვადასხვა ორგანიზაციას და ამიტომ შევქმენით პლატფორმა — Tegeta Care. ამით, ზრუნვის მსურველ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, შემოგვიერთდნენ, მარტივად გააკეთონ დონაცია და ერთად უზრუნველვყოთ სასიკეთო ცვლილებები. ამავდროულად, tegeta.care ერთგვარი მედიაპლატფორმაა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის – ემსახურება მათ შესახებ ცნობადობის გაზრდას და მუდმივად გაუწევს საინფორმაციო მხარდაჭერას.“
მარიამ კარკალაია – თეგეტას მარკეტინგის დირექტორი: „ამ დრომდე, მზრუნველობის მსურველი ადამიანებისთვის, შესაბამისი ორგანიზაციის მოძიება, გარკვეულწილად, სირთულეს წარმოადგენდა. ერთი მხრივ, საზოგადოებას არ ჰქონდა ინფორმაცია, სად უნდა ეპოვა მისთვის სასურველი სივრცე სხვისთვის დახმარების გასაწევად, მეორე მხრივ კი, პოვნის შემთხვევაში, არ იყო დარწმუნებული ამა თუ იმ ორგანიზაციის სანდოობაში. ვფიქრობთ, ამ გამოწვევას სწორი გადაწყვეტით ვუპასუხეთ. გვჯერა, რომ საზოგადოებისთვის აქტუალური თემების მხარდაჭერა თეგეტას მსგავსი, დიდი კომპანიების პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ ჩვენი კამპანია არა მხოლოდ შემოქმედებით კომუნიკაციას, არამედ, რეალურ ქმედებებს მოიცავს. ერთი მხრივ, ვახორციელებთ ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს, ხოლო მეორე მხრივ, ვდგამთ რეალურ ნაბიჯებს პრობლემების მოსაგვარებლად. ამის მაგალითია სხვადასხვა ორგანიზაციასთან ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა.”
მხარდამჭერი აქტივობებისა თუ ფინანსური დახმარების გარდა, კამპანია საახალწლო ვიდეოსაც მოიცავს, რომელიც ადამიანებს ზრუნვის საჭიროებას შეახსენებს და აჩვენებს, რომ გარშემო უამრავი რამაა, რისი შეცვლაც ჩვენს ხელშია და ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს.
ვიდეოს საუნდტრეკი აგებულია ვაჟა-ფშაველას ცნობილ ლექსზე – ,,რამ შემქმნა ადამიანად”. მუსიკალური კომპოზიცია კი, Sophie Villy-იმ შექმნა და ვოკალური შესრულებაც მას ეკუთვნის. ვიდეოში სათქმელის გადმოცემის საინტერესო ხერხია შერჩეული – კადრები ტექსტის შინაარსს ემთხვევა და სტრიქონების შესაბამისად, ზრუნვის საჭიროების მქონე ადამიანებისა თუ ცხოველების სენტიმენტალურ მომენტებსა და ნატვრებს წარმოაჩენს.
აშკარაა, რომ ვაჟას გენიალური სტრიქონები მელანქოლიურ კადრებს განსაკუთრებულ სიღრმეს სძენს, ვიდეოს ემოციას კი, კიდევ უფრო ამძაფრებს ტექსტებისა და კადრების თანხვედრა – როდესაც, მაგალითად, აკანკალებული კნუტების კადრის პარალელურად, Sophie Villy-ის ხმა ჩაგვესმის: ,,მიწაზე გადმოსაგდებად, ცვარად ან თოვლად ცივადა”… ან, სულაც, ემიგრანტი მშობლებისა და შვილების შეხვედრისას, ფრაზა: ,,გადავუშლიდი გულ-მკერდსა დღისით მზეს, ღამით მთვარესა”…
პავლე გაბრიჭიძე – კამპანიის კრეატიული დირექტორი : „ჩვენ მიერ შექმნილი ვიდეო ყველასთვის ნაცნობ, ახლობელ და აქტუალურ პრობლემებს ეხება. ვიდეოში სხვადასხვა პერსონაჟის რამდენიმე სიუჟეტი ვითარდება. თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური ისტორია და ახალი წელი აქვს.
პატრონის მიერ მიტოვებული ძაღლი, სანაგვესთან დატოვებული მეტისი კნუტები, მარტოსული ხანდაზმულები, ემიგრანტი მშობლებისგან განშორებული ბავშვის მოლოდინი, ქუჩაში ლიმონის გამყიდველი ბაბუ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მოკრძალებული ახალი წელი, თუ ფარეხში მცხოვრები ობოლი ბავშვის თვალებში ჩამდგარი სევდა… თითოეული ისტორია ჩვენ გარშემო არსებულ რეალობას ასახავს. ამიტომაც, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვიდეო რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.
მუსიკალური კომპოზიციის შესაქმნელად, ნიჭიერ და გამორჩეულ სოფი ვილის დავუმეგობრდით, რომელმაც ვფიქრობთ, მართლაც, ძალიან განსხვავებული, ჯადოსნური და ემოციური საუნდტრეკი შექმნა.
ვიდეოს პოზიტიური დასასრულით ჩვენი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ზრუნვა ცვლის სამყაროს. ჩვენ კი, ყველამ ერთად, უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს წელი ყველასთვის ჯადოსნური იყოს.“
მარიამ კარკალაია – თეგეტას მარკეტინგის დირექტორი: „ხაზგასასმელია, რომ კამპანიის მთავარ მესიჯში ახალი წელი არ ვახსენეთ. ამას თავისი მიზეზი აქვს – ჩვენთვის ეს თემა ძალიან ძვირფასია და არ გვინდოდა, მხოლოდ წინასაახალწლო კამპანიით შემოვფარგლულიყავით. “
ნათიკა ბერძული – თეგეტას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: “ეს კამპანია არ არის ერთჯერადი საახალწლო აქტივობა. ის თეგეტას ახალი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი და ზრუნვის მასშტაბური აქტივობის მხოლოდ დასაწყისია. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ თეგეტა, სხვადასხვა აქტივობით, მუდმივად შეეცდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.
ამიტომ, შემოგვიერთდით და კიდევ ერთხელ, ერთად დავამტკიცოთ, რომ ზრუნვა ცვლის სამყაროს.“
წყარო: wwww.marketer.ge