14/03/2022
“გასაჩერებელი ამბები ქალებზე”, ასევ ქვია სარვამარტო კამპანიას, რომელიც კომპანია “ალმამ” თბილისის მასშტაბით წამოიწყო და რომლის მიზანიც, ნაკლებად ცნობილი, თუმცა ძალიან დიდი როლის მქონე ქართველი ქალბატონების შესახებ ცნობადობის ამაღლებაა. მათი ისტორიების ფართო აუდიტორიამდე მიტანასთან ერთად, კამპანიის გზავნილი საზოგადოების შთაგონება და მათში მოტივაციის გაზრდაც არის.
კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო “კრაკენმა” იმუშავა. მის ფარგლებში მოძიებულ იქნა ინფორმაციები იმ ქალბატონების შესახებ, რომლებმაც გენდერული სტერეოტიპები დაამსხვრიეს სხვადასხვა სფეროში. ესაა იმ ქალების სია, რომლის ისტორიებსაც გასაჩერებელ ამბებში შეხვდებით:
– ანასტასია ერისთავი-ხოშტარია – ქართველი მწერალი;
– ალექსანდრა ჯაფარიძე – ქართველი მთამსვლელი;
– ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი – ქართველი არქიტექტორი;
– ნუცა ღოღობერიძე – ქართველი კინორეჟისორი;
– ელეონორა (ლოლა) ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე – ქართველი პოლიტიკოსი;
– ფადიკო გოგიტიძე – ქართველი მფრინავი.
“ამ ამბებით გვინდოდა თითოეული ადამიანისთვის, მიგვეცა მოტივაცია და ბიძგი, რომ გადადგან ნაბიჯები წარმატებისკენ, თუნდაც ეს შეუძლებლად ეჩვენებოდეთ.
ამბების გასავრცელებლად გამოვიყენეთ ავტობუსის გაჩერებები, რადგან ამ გზით მოქალაქეების ცხოვრების არსებულ რიტმში ჩავსვით მათთვის უცნობი ისტორიები, რომლებსაც წაიკითხავენ ყოველ დილით სამსახურისკენ გზაზე, ან თუნდაც საღამოს სახლში დაბრუნებისას. მივცემთ ამ ისტორიებზე დაფიქრების საშუალებას ქალაქში გადაადგილებისას და ალბათ როცა თავიანთ ცხოვრებაში გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის წინაშე აღმოჩნდებიან, გაახსენდებათ ეს გამბედავი ქალები, რომლებმაც დაწერეს ქართული ისტორია თავიანთ დარგებში.”- თამარ ბურკაძე, კომპანია ალმა.
წყარო: www.marketer.ge