26/02/2019
2015 წელს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას. საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო და დღემდე გადის აღნიშნულ გზას.
დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებ მდგრადი განვითარების მეშვიდე მიზანზე, რომელიც ხელმისაწვდომ, საიმედო, სტაბილურ და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობას ეხება. სწორედ ამ საკითხზე დღევანდელი CSR ბლოგის სტუმარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ქ. ელენე გოქსაძე.
1. ქ. ელენე მოდით პირველ რიგში ვისაუბროთ ზოგადად მდგრადი განვითარების მეშვიდე მიზნის შესახებ. რას ეხება და რატომ არის ის მნიშნელოვანი?
ენერგეტიკა წარმოადგენს სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობას. შესაბამისად, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მოსახლეობისა და ბიზნესის სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა. აქ გამოწვევაა არამარტო ენერგეტიკული სისტემის განვითარების თანხვედრა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და სექტორის მდგრადი განვითარება ენერგომოხმარების ზრდის გათვალისწინებით, არამედ ამ კუთხით გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შერბილებაც. სწორედ ამიტომ, მომდევნო ათწლეულების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა განახლებადი ენერგიების ათვისება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაა. სწორედ ამ საკითხებს ფარავს მდგრადი განვითარების მიზნების მე-7 მიზანი – ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობა. აღნიშნული მიზნიდან ნაციონალიზირებულია სამი ქვემიზანი:
7.1 2030 წლისთვის საქართველო მიაღწევს მნიშვნელოვან პროგრესს ხელმისაწვდომ, საიმედო და თანამედროვე ენერგო მომსახურებაზე ქვეყნის მასშტაბით წვდომის უზრუნველყოფის თვალსაზრისით;
7.2 2030 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოში არსებულ სხვადასხვა ენერგიებს შორის განახლებადი ენერგიის წილი;
7.3 2030 წლისთვის საქართველოში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდა.
„საქსტატის“ მონაცემების თანახმად 2017 წელს საქართველოს მთლიანმა მოხმარებამ დაახლოებით 4 მილიონი ტონა ნავთობის ეკვივალენტი შეადგინა. შედარებისათვის, ჩინეთის მოხმარება ამ პერიოდისათვის 3105 მლნ.ტნე იყო, აშშ-ს – 2201 მლნ.ტნე, საფრანგეთის 243მლნ.ტნე. თუ ვიმსჯელებთ ენერგოინტენსიურობის მიხედვით, ის ყოველ მილიონ საერთაშორისო დოლარზე დაახლოებით 5,48მჯ-ს შეადგენდა (სომხეთი – 5,38, აზერბაიჯანი – 3,73, რუსეთი – 8,41, უკრაინა – 11,79).
რაც შეეხება СО2-ის ემისიებს, მისი ინტენსივობა მსოფლიო ბანკის 2014 წლის მონაცემებით 2,05 იყო ყოველ გამოყენებულ კგ ნავთობის ეკვივალენტ ენერგიაზე (სომხეთი – 1,87, აზერბაიჯანი – 2,62, რუსეთი – 2,4, უკრაინა – 2,15).
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ბაზაზე: მომზადებულია განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი და განახლებადი ენერგიის გარდამავალი პერიოდის ერთწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა; ასევე, მომზადებულია ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის პროექტი და ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა; კანონპროექტი ენერგოეტიკეტირების შესახებ, ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა ეკოდიზაინის კანონის პროექტზე.
განახლებადი ენერგია არის ენერგია, რომელიც იწარმოება განახლებადი რესურსიდან, რომელთა განახლებაც ხდება ბუნებრივად, ადამიანის სიცოცხლის პერიოდში. ესენია მდინარეები, მზე, ქარი, წვიმა, ტალღები, გეოთერმული წყლები და სხვა.
საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით და შესაბამისად, საქართველოში წარმოებული ენერგიის უდიდესი წილი სწორედ ჰიდროენერგიაზე მოდის (დაახლოებით 60%). მისი წილი შიდა პირველადი მიწოდების დაახლოებით 17%-ია. საერთო ჯამში კი განახლებადი ენერგიები ქვეყნის 2017 წლის ენერგიის პირველადი მოხმარების 25%-ს შეადგენდა.
ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, განახლებადი ენერგიების ათვისება მნიშვნელოვანია არა მარტო გარემოზე ზემოქმედების შერბილების კუთხით, არამედ ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვისაც (მოგეხსენებათ, საქართველოს ნახშირწყალბადების ძალიან მწირი რესურსი აქვს და ამ მხრივ თითქმის მთლიანად იმპორტირებულ რესურსზეა დამოკიდებული). სწორედ ამიტომ, მიმდინარეობს მუშაობა როგორც ჰიდრო რესურსების, ასევე, ენერგიის ალტერნატიული წყაროების (მზე და ქარი) ათვისების მიმართულებით: იმართება მოლაპარაკებები დაინტერესებულ ინვესტორებთან, ფორმდება მემორანდუმები. მიმდინარეობს კვლევები ენერგიის ალტერნატიული წყაროების ელექტროენერგიის ქსელში ინტეგრაციის შესაძლებლობების შესწავლის მიზნით, ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები. მაგალითად, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში განისაზღვრა მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური, როგორც საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან და მისი დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. აღნიშნული ცვლილებით საცალო მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა, დაამონტაჟოს მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური და აწარმოოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის; ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროსისტემაში და გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია. იმ შემთხვევაში კი, თუ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მის მოხმარებას, მომხმარებელი შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგიას გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღებს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია ისეთი, რომელსაც ხელი არ მიუწვდება ელექტროენერგიაზე. ეს რაოდენობა 1%-ზე გაცილებით მცირეა. რამდენიმე წლის წინ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში დაიწყო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების ელექტრიფიცირების სამუშაოები. სამუშაოები 2016 წელს დასრულდა და 29 უშუქო სოფელში 677 აბონენტი ჩაერთო ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში. სოფელ მუცოში კი აშენდა 100 კილოვატიანი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ასევე ემსახურება მუცოს ისტორიული ძეგლის განათებას.
გასულ წელს კვლავ განხორციელდა კვლევა და გამოვლენილ იქნა 400-მდე ოჯახი (ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში არსებული ცალკეული დასახლებები), რომლებიც არ არიან ჩართული ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მათი ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროებით უზრუნველყოფის შესაძლებლობის მიმართულებით.
რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, რეგიონების გაზიფიცირების პროგრამა 2009 წელს დაიწყო და პროგრამის ფარგლებში სამუშაოები ხორციელდებოდა როგორც კერძო ინვესტიციებით, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
2017 წლის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის (მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლები) დაახლოებით 68%-ს ჰქონდა ბუნებრივი გაზის მიღების საშუალება. სამუშაოები ამ მიმართულებით გრძელდება.
ასე რომ, „მდგრადი განვითარების მიზნების“ ფარგლებში აღებული ვალდებულება – 2030 წელს მოსახლეობის თითქმის 100%-ს ექნება წვდომა ელექტროენერგიაზე და 75%-ს – ბუნებრივ გაზზე, მაღალი ალბათობით, მიღწეულ იქნება.
ცნობილია, რომ საკვების მომზადებაზე, გათბობასა და განათებაზე მიდის საყოფაცხოვრებო სექტორის მიერ მოხმარებული ენერგიის უდიდესი ნაწილი. როგორც წესი, გათბობისა და საკვების მომზადებისათვის სოფელად მცხოვრები
მოსახლეობა შეშას იყენებს, თან არაეფექტური ღუმელების საშუალებით, რაც პირდაპირ კავშირშია ტყეების განადგურებასა და ჰაერის დაბინძურებასთან.
სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს ქვემიზანი 7.1 „2030 წლისთვის საქართველო მიაღწევს მნიშვნელოვან პროგრესს ხელმისაწვდომ, საიმედო და თანამედროვე ენერგომომსახურებაზე ქვეყნის მასშტაბით წვდომის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“ და მის შესრულებას ემსახურება ღონისძიებები, რომლებზედაც ზემოთ ვისაუბრეთ.
ძალიან ბევრია გადაკვეთის წერტილი მდგრადი განვითარების მე-7 მიზანსა და ბიზნეს შორის. ეს მისთვის წარმოადგენს როგორც გამოწვევას, ასევე, შესაძლებლობას.
განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა მოითხოვს ინვესტიციებს, თუმცა, გატარებული ღონისძიებები გულისხმობს ენერგიის დაზოგვას, რაც საბოლოო ჯამში კომპანიებისა თუ კერძო სექტორის ბიუჯეტზე დადებითად აისახება. გარდა ამისა, ეს ნიშნავს ბაზარზე ახალი პროდუქციისა და სამუშაო ადგილების გაჩენას.
რომ აღარაფერი ვთქვათ 7.1 ქვემიზანზე, რომელიც ცალსახად გულისხმობს რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ხელს შეუწყობს სოფლებში მოსახლეობის დაბრუნებასა თუ დამაგრებას.
ესაუბრა: ელენე ჩხეიძე