CSR ბლოგი

მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა - ინტერვიუ თეა ლევიძესთან

მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა - ინტერვიუ თეა ლევიძესთან

11/04/2019

2015 წელს  გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას. საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო და დღემდე გადის აღნიშნულ გზას.

დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებ მდგრადი განვითარების მეცხრე მიზანზე, რომელიც ეხება მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნას, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და  ინოვაციების ხელშეწყობას.  სწორედ ამ საკითხზე დღევანდელი CSR ბლოგის სტუმარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მდგრადი განვითარების სამმართველოს უფროსი ქ. თეა ლევიძე. 

  1. ქ. თეა მოდით პირველ რიგში ვისაუბროთ ზოგადად მდგრადი განვითარების მეცხრე მიზნის შესახებ. რას ეხება და რატომ არის ის მნიშნელოვანი ?

როგორც ცნობილია, გაეროს მდგრადი განვითარების მე-9 მიზნად განისაზღვრა „მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა“. თანამედროვე, განვითარებული სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია განვითარებული ინფრასტრუქტურის გარეშე; სწორედ ამიტომ ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა მსგავსი პროექტების განვითარებას ჩვენს ქვეყანაშიც, რაც ამავდროულად ინკლუზიური და განვითარებული მრეწველობის საფუძველია. თავის მხრივ, ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა აუცილებელი შემადგენელი ნაწილია თანამედროვე მრეწველობის განვითარებისთვის.

  1. მდგრადი განვითარების მეცხე მიზნის რომელი ქვემიზნებია ნაციონალიზებული? და კონკრეტულად რა სახის საქმიანობებს ახორციელებს ამ მიმართულებით სახელმწიფო ?

საქართველოს ნაციონალიზებული აქვს გაეროს მდგრადი განვითარების მე-9 მიზნის შემდეგი ქვემიზნები:

9.2. ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობა და 2030 წლისთვის დასაქმებასა და მთლიან შიდა პროდუქტში მრეწველობის წილის მნიშვნელოვანი ზრდა ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით;

9.3. მცირე და საშუალო ზომის სამრეწველო და სხვა მეწარმეობისთვის ფინანსურ მომსახურებებზე წვდომის გაზრდა და მათი ინტეგრირება საწარმოო ჯაჭვებსა და ბაზრებში;

9.ბ. ადგილობრივი ტექნოლოგიის განვითარების, კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობა, ხელშემწყობი პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის ჩათვლით, მათ შორის, სამრეწველო დივერსიფიცირების და ფართო მოხმარების საქონლისთვის ღირებულების დამატების მეშვეობით;

9.გ. 9.გ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე წვდომის მნიშვნელოვნად გაზრდა და 2020 წლისთვის ინტერნეტზე საყოველთაო და ხელმისაწვდომი წვდომის უზრუნველყსაყოფად ზომების მიღება.

რაც შეეხება დასახული ამოცანების შესრულებას, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს შესაბამისი პოლიტიკისა და თუ კონკრეტული პროგრამის/პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაზე. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამები; მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება და ექსპორტის სტიმულირება; პროფესიული განათლების სტიმულირება და მუშახელის გადამზადება; ინოვაციური „სტარტაპების“ დაფინანსება; ინოვაციების და სტარტაპ პროექტების ფინანსებზე ხელმისაწვდომობა – თანადაფინანსების და მიკროგრანტები მთელი საქართველოს მასშტაბით; მაღალმთიან რეგიონებში სათემო ინტერნეტიზაციის პროექტების ხელშეწყობა; საქართველოს გავლით, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის  ჩამოყალიბება და კიდევ სხვა მრავალი ინიციატივა, რომელიც სახელმწიფოს უშუალო ინიციატივით ან აქტიური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

  1. ჩვენი მოსახლეობის რამდენ პროცენტს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს ნაციონალიზებული აქვს მე-9 მიზნის 9გ ქვე-მიზანი, ხოლო პროგრესის გასაზომად გამოიყენება შემდეგი ინდიკატორი – ქვეყნის მოსახლეობის რა პროცენტული მაჩვენებელია დაფარულია 3G და 4G მობილური ინტერნეტით. 2018 წლის მონაცემებით, 3G ინტერნეტით დაფარულია მოსახლეობის 99.9% და 4Gინტერნეტით – 99.7%. საბაზისო 2015 წელთან შედარებით პროგრესი სახეზეა და გაუმჯობესებულია მდგომარეობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  შემუშავებაზე, რათა უფრო მეტ მოსახლეს ქონდეს წვდომა ინტერნეტზე; ამასთანავე, აქტიურად ხორციელებდა სხვადასხვა პროექტი, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში სათემო ინტერნეტიზაციის პროექტების ხელშეწყობას ისახავს მიზნად; ასევე იგეგმება საქართველოს გავლით, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის  ჩამოყალიბება და ციფრული ეკონომიკის შემდგომ განვითარება.

  1. რა სახით უწყოს ხელს სახელმწიფო ინკლუზიურ და მდგრად ინდუსტრიალიზაციას ?

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს როგორც სპეციალური პოლიტიკის შემუშავების, ასევე კონკრეტული პროგრამებისა თუ პროექტების განხორციელების მიმართულებით. მოგეხსენებათ, საქართველოში მოქმედებს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და ამასთანავე ხელს უწყობს მათი ექსპორტის სტიმულირებას; მოქმედებს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის და მიმდინარეობს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება. მოგეხსენებათ, უმნიშვნელოვანესია განათლების რეფორმა და სამინისტროს უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს შრომის ბაზრის საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი დასაქმების პროგრამების განვითარება და პროფესიული განათლების სტიმულირება. რაც შეეხება ინოვაციებს, უკვე რამდენიმე წელია შექმნილია სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და მოქმედებს „სტარტაპ საქართველო“ პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სტარტაპ პროექტების ფინანსებზე ხელმისაწვდომობას – თანადაფინანსების და მიკროგრანტების მეშვეობით. ეს არის ის მცირედი ჩამონათვალის, რასაც ხორციელდება ქვეყანაში ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

  1. „ადგილობრივი ტექნოლოგიების განვითარების, კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობა განვითარებად ქვეყნებში“, ეს არის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ქვემიზანი. რას აკეთებს ამ მიმართულებით სახელმწიფო ?

რაც შეეხება ადგილობრივი ტექნოლოგიების, კვლევებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას, საქართველოში რამდენიმე სახელმწიფო უწყების მხარდაჭერით შემუშავებულია „ინოვაციების სტრატეგია 2025“ და საქართველოს კანონი „ინოვაციების შესახებ“. ამასთანავე, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახორციელებს პროგრამას „სტარტაპ საქართველო“, რომელიც ბევრ ახალგაზრდას და არამხოლოდ ახალგაზრდა გამომგონებლებს აძლევს საშუალებას განახორციელონ თავიანთი პროექტები. აქტიურად მიმდინარეობს ინოვაციების საკანონმდებლო ბაზის ფორმირება ინოვაციების და სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით. სააგენტო საქართველოს რეგიონებშიც აქტიურად მუშაობს და ხელს უწყობს ინოვაციების ინფრასტრუქტურის ფორმირებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

  1. უწყობს თუ არა სახელმწიფო ხელს სამეცნიერო კვლევების გაძლიერებასა და სამრეწველო სექტორის ტექნოლოგიური შესაძლებლობების განახლებას ?

სამეცნიერო კვლევების გაძლიერების მიმართულებით ამ ეტაპზე საუბარი გაგვიჭირდება; თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმნიშვნელოვანესია განათლების რეფორმა და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები. რაც შეეხება სამრეწველო სექტორის ტექნოლოგიური შესაძლებლობების განახლებასა და გაძლიერებას, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ითვალისწინებს საწარმოთა ტექნიკური დახმარებას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებასა და მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება სამრეწველო სექტორის განვითარებაზე.

  1. და ბოლოს, თქვენი აზრით რა მიმართულებით უნდა იმუშაოს ბიზნესმა და სად ხედავთ გადაკვეთის წერტილებს მდგრადი განვითარების მეცხე მიზანსა და კერძო სექტორს შორის ?

გაეროს მდგრადი განვითარების მე-9 მიზნით განსაზღვრულ ამოცანებში პირდაპირ იგულისხმება ბიზნეს ჩართულობა და დიდი როლი ენიჭება ბიზნეს აქტივობებს. სწორეს ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და იძლევა საშუალებას უფრო მეტი მოქალაქის დასაქმებისათვის, რაც თავის მხრივ ინკლუზიური განვითარების საფუძველია. ზოგადად, მე-9 მიზნით განსაზღვრული აქტივობები და ბიზნეს საქმიანობა ურთიერთდაკავშირებული ქმედებებია – როგორც პირველი უწყობს ხელს მეორის განვითარებას, ასევე მეორის წარმატებები აისახება პირველზე.


ესაუბრა: ელენე ჩხეიძე

უკან დაბრუნება