24/05/2019
2015 წელს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას. საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო და დღემდე გადის აღნიშნულ გზას.
დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებ მდგრადი განვითარების მერვე მიზანზე, რომელიც ეკონომიკურ ზრდასა და ღირსეულ სამუშაოს ეხება. სწორედ ამ საკითხზე დღევანდელი CSR ბლოგის სტუმარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მდგრადი განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დავით ადვაძე.
მდგრადი განვითარების მე-8 მიზანი, მდგრადი განვითარების მიზნების ეკონომიკური მიმართულების ჯგუფიდანაა.
“სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის“ – ესაა მე-8 მიზნის სრული სახელწოდება. ალბათ შენიშნავდით, თუ რა ფართო და მრავლისმომცველია იგი. ამ მიზნის შემადგენლები ნებისმიერი სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველია. ამასთან აქცენტი გაკეთებულია არა მარტო სახელმწიფოს ძლიერებაზე, რაც ვერ მიიღწევა თუ მას ასევე არ ეყოლება „ძლიერი“ მოქალაქეები, არამედ ამ მოქალაქეების, პიროვნების კეთილდღეობაზე – რა, თუ არა პროდუქტიული და ღირსეული დასაქმება იძლევა პიროვნული თავისუფლების იმ ხარისხს, რაც თანამედროვე განვითარებული სახელმწიფოს ქვაკუთხედია.
აღნიშნული მე-8 მიზნის ფარგლებში, საქართველომ მოახდინა შემდეგი ქვემიზნების ნაციონალიზება:
8.1. 2030 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება ეროვნული გარემოებების შესაბამისად.
8.2. 2030 წლისთვის ეკონომიკური პროდუქტიულობის უფრო მაღალი დონეების მიღწევა დივერსიფიცირების, ტექნოლოგიების განახლებისა და ინოვაციების მეშვეობით, მათ შორის მაღალი დამატებითი ღირებულებისა და იმ სექტორებზე ფოკუსირების მეშვეობით, რომლებიც მოითხოვს ინტენსიურ შრომას.
8.3. განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საწარმოო საქმიანობას, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას, მეწარმეობას, ინოვაციას და MSME ჩამოყალიბებისა და ზრდის წახალისებას, მათ შორის ფინანსურ მომსახურებაზე მათი წვდომის უზრუნველყოფის მეშვეობით.
8.5. 2030 წლისთვის ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება ყველა ქალისა და მამაკაცისათვის, მათ შორის ახალგაზრდებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, პროდუქტიული დასაქმების და ღირსეული სამუშაოს, ასევე თანასწორი ღირებულების სამუშაოსთვის თანასწორი ანაზღაურების მისაღწევად.
8.9. 2030 წლისთვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი ტურიზმის მხარდასაჭერად – რომლის შედეგად იქმნება სამუშაო ადგილები და ხდება ადგილობრივი კულტურისა და პროდუქტების პოპულარიზაცია.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩამოთვლილ ქვემიზნებს თავისი შესრულების ინდიკატორებიც აქვს. ამასთან, აქ მოყვანილი ქვემიზნების უმრავლესობა მთლიან შიდა პროდუქტთან არის კავშირში. მშპ არის მაჩვენებელი, რომლის ზრდა და განსაკუთრებით კი, მისი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული ზრდა, განსაზღვრავს ამა თუ იმ სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგომარეობას. იმ კითხვის პასუხად, თუ რა სახის საქმიანობებს ახორციელებს ამ მიმართულებით სახელმწიფო, შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მთელი საქმიანობის შედეგი, განსაკუთრებით კი – ეკონომიკური საქმიანობისა, აისახება მშპ-ში.
უფრო კონკრეტულად, მე-8 მიზნის და შესაბამისი ქვემიზნებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ, პირველ რიგში სამთავრობო პროგრამა 2018-2020 „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025, რეგიონული განვითარების პროგრამა 2018-2021, საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია, ხოლო უფრო კონკრეტულ ქმედებათა რიცხვშია: ლარიზაციის რეფორმა, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება/გამარტივება, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა, მათზე მორგებული სერვისების შეთავაზება და და ექსპორტის სტიმულირება, საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება და სახელმწიფო ინვესტიციების მართვა, საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, მიწის რეფორმა, სივრცითი მოწყობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ინოვაციური „სტარტაპების“ დაფინანსება, ბიზნეს ინკუბატორის პროგრამა, ღია მმართველობის ხელშეწყობა, განათლების რეფორმა, ინვესტიციების მოზიდვა ტურიზმის სექტორში და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებზე საქართველოს პოპულარიზაცია, სამთო-სათხილამურო ტურიზმის ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების გაფართოება. ესაა იმ ღონისძიებების ნაწილი, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფოს ინიციატივით და აქტიური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ღირსეული სამუშაო ესაა საქმიანობა, რომელიც აღიარებს და პატივს სცემს პიროვნების ფუნდამენტალურ უფლებებს, ისევე როგორც მშრომელების უფლებებს უსაფრთხო სამუშაო პირობებზე და ანაზღაურებაზე, საქმიანობის პროცესში დასაქმებულთა ფიზიკურ და გონებრივ შრომას. შრომის საერთაშორისო ორანიზაციაც (ILO) იძლევა ღირსეული სამუშაოს განსაზღვრებას, რომლის მიხედვითაც ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრება შესაძლებლობა განახორციელო პროდუქტიული შრომა და მიიღო შემოსავალი, გქონდეს უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე და ოჯახების სოციალური დაცულობა, არსებობდეს პიროვნული განვითარების და სოციალური ინტეგრირების პერსპექტივა.
უფრო მოკლედ, ესაა არა მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნა, არამედ – მისაღები ხარისხის სამუშაოს შექმნა. ღირსეული სამუშაოს შექმნა პროგრესის საფუძველია და ამგვარად, მის ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ პოლიტიკური კონცეფციად იქცა. ღირსეული სამუშაოს დღის წესრიგი ეფუძნება იმგვარ ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ოთხ საყრდენზე დგას. ესენია:
საქართველო, მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკაციაში არაა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოთა რიცხვში. ამჟამად საქართველო საშუალოზე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაში გადის. შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაცია საქართველოზე არ ვრცელდება.
საქართველოში, 2019 წლისთვის 4.5% ზრდის ტემპია პროგნოზირებული. თუ კვარტლების მიხედვით გაინტერესებთ, ეს შემდეგნაირად გამოიყურება: I კვარტალი – 5.2%, II კვარტალი -5,6%, III კვარტალი – 3,7%, IV კვარტალი – 4,5%. 2019 წელს საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) 45 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს.
ყველა ის პროექტი, სტრატეგია თუ აქტივობები, რომელიც ზემოთ იყო დასახელებული, ირიბად თუ პირდაპირ ემსახურებიან ქვეყანაში შრომითი უფლებების უზრუნველყოფას და დაცვას.
ამასთან, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გადაწყდა უფრო სიღრმისეულად ყოფილიყო შესწავლილი პრობლემა. მიმდინარე წლის 8 მაისს საქართველოს პარლამენტში შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი. საკითხის შესწავლის და არსებული გამოწვევების გაანალიზების შედეგად დაიდება დასკვნები და შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები პრობლემური საკითხების გადასაჭრელად, მათ შორის შესაბამისი რეგულაციების და კანონმდებლობის შემუშავებით.
ამ მიმართულების ძიებისას ჩვენ ვერ დავიწყებთ ველოსიპედის გამოგონებას.
წარმატებული ეკონომიკების მაგალითები მრავლადაა მსოფლიოში, თუნდაც სოციალისტური წარსულის ქვეყნების მაგალითებს რომ გადავხედოთ. მართალია, გეოგრაფიულმა კონტექსტმა, შიგნიდან თუ გარედან პროვოცირებულმა პოლიტიკურმა რყევებმა, თავისი კორექტივები შეიტანეს განვითარების სრული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობაში, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა უნდა ითქვას, რომ ქვეყანა ვითარდება.
ბიზნეს-ურთიერთობათა სისტემაში (კერძო სექტორში), არცთუ იშვიათად გადამწყვეტ როლს ასრულებს მცირე ბიზნესი (მეწარმეობა), რომელიც განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის საწინდარია – მასზე მოდის კერძო სექტორში წარმოებული საქონლისა და მომსახურების თითქმის ნახევარი და ახალი სამუშაო ადგილების 2/3-დან 3/4-მდე. დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკაში მცირე ბიზნესი აწარმოებს მშპ-ის უმეტეს ნაწილს, უზრუნველყოფს მომუშავე მოსახლეობის უმრავლესობის დასაქმებას, იქმნება მთელი ინოვაციების ნახევარზე მეტი.
მცირე საწარმოს მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ ფუნქციას წარმოადგენს ის, რომ მას შეუძლია დიდ მასშტაბებში „შთანთქოს“ დაუსაქმებელი მუშახელი, რომელიც გამოთავისუფლებულია მსხვილი საწარმოებიდან, შეამციროს ან განმუხტოს ეკონომიკური კრიზისისა თუ ვარდნის პირობებში წარმოქმნილი სოციალური დაძაბულობა. ამდენად, ნებისმიერი რეფორმისა თუ ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სამეწარმეო აქტივობის გამოცოცხლება უნდა იყოს, რომლის „ლომის წილი“ მცირე ბიზნესის განვითარებაზე მოდის.
მდგრადი განვითარების მე-9 მიზანიც – მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა – ეკონომიკური ხასიათის მიზნების ჯგუფიდან არის.
წარმატებული ეკონომიკური პროექტების განხორციელება წარმოუდგენელია განვითარებული ინფრასტრუქტურის გარეშე; ამიტომაც საქართველოს მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მსგავსი პროექტების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, რაც ამავდროულად ინკლუზიური და განვითარებული მრეწველობის საფუძველია. თავის მხრივ, ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა აუცილებელი შემადგენელი ნაწილია თანამედროვე მრეწველობის განვითარებისთვის.
რამდენადაც მცირე ბიზნესში უფრო იოლი და მარტივია წარმოების გადაწყობა, ვიდრე მსხვილ ბიზნესში, ინოვაციების დანერგვა მცირე ბიზნესში უფრო ხელსაყრელია.
დასავლეთის ეკონომიკური მოძღვრების სპეციალისტები მეწარმის ცნების ქვეშ გულისხმობენ ნოვატორს, რომელსაც ექნებოდა ეკონომიკაში ცვლილებების შეტანის უნარი, წარმოებასა და მიმოქცევაში ახალი კომბინაციების გამოყენებისა და სხვადასხვა ინოვაციების დანერგვის გზით. ინოვაციები, მათი შეხედულებით განისაზღვრება, როგორც მეწარმის ძირითადი ინსტრუმენტი.
მცირე ბიზნესი ვერ შეძლებს მსხვილ ფირმებთან ფასებში კონკურენციის გაწევას, მაგრამ მას შესწევს ისეთი პროდუქციის და მომსახურების წარმოების უნარი, რომელიც არსებითად განსხვავდება კონკურენტების პროდუქციისა და მომსახურებისგან. რამდენადაც მცირე ბიზნესში უფრო იოლი და მარტივია წარმოების გადაწყობა, ვიდრე მსხვილ ბიზნესში, ინოვაციების დანერგვა მცირე ბიზნესში უფრო ხელსაყრელია. ამასთან, ჩემი აზრით, მეწარმე ვალდებულია გაყვეს სწრაფ ცვლილებებს ტექნიკასა და ტექნოლოგიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება რისკი იმისა, რომ დარჩეს ბიზნესის გარეშე.
ესაუბრა: ელენე ჩხეიძე