10/07/2018
მარიამ შოთაძე გარემოს დაცვის საკითხების ექსპერტია და უკვე წლებია ამ მიმართულებით მუშაობს. აქვს მაგისტრის ხარისხი ბიოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. ისწავლა და იმუშავა ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოში.
მარიამი წლებია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. ამჟამად მისი ძირითადი მიმართულება ნარჩენების, წყლის რესურსებისა და ბუნებრივი რესურსების მართვაა. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს პროექტის მენეჯერად ბერძნულ-გერმანულ კონსორციუმში და ახორციელებს ევროკავშირის პროექტს, რომლის მიზანია ტექნიკური დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვაში.
დღეს ის csrblog-ის სტუმარია და გვესაუბრება ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა: ეკოლოგიური პრობლემები მსოფლიოსა და საქართველოში, ნარჩენების მართვის მნიშვნელობა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.
ქ. მარიამ, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუს ჩაწერაზე. მოდით ვისაუბროთ იმ ეკოლოგიურ საფრთხეებზე რომლის წინაშეც დგას დღეს მთელი მსოფლიო.
დიდი მადლობა თქვენ, რომ მომიწვიეთ და დაინტერესდით ამ მნიშვნელოვანი საკითხით.
გლობალურ კონტექსტში რომ ვისაუბროთ ეკოლოგიურ პრობლემებზე, არსებობს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც გამოვყოფდი. ესენია: გლობალური კლიმატის ცვლილება, ჰაერის დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების არაეფექტურად გამოყენება, ნარჩენების მართვა, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების კარგვა, გაუდაბნოება და მიწის დეგრადაცია, მწვანე საფარის განადგურება, ოკეანეების დაბინძურება, ოზონის შრის შეთხელება, წყლის დაბინძურება და ა.შ.
ქვეყნები და მთავრობები აქტიურად მუშაობენ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად და შემუშავებულია რამდენიმე მნიშვნელოვანია კონვენცია. რა თქმა უნდა მე ყველა მათგანზე დღეს ვერ ვისაუბრებ, თუმცა გამოვყოფ რამდენიმეს.
ყველაზე ძველი და პირველი იყო ვენის კონვენცია, რომელიც 1985 წელს მიიღეს და ეხება ოზონის შრის დაცვისა და ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღებას. ოზონის შრე იცავს დედამიწას მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. სწორედ ოზონდამშლელმა ნივთიერებებმა გამოიწვია ოზონის ხვრელის გაჩენა. აღნიშნულ კონვეციას ძალიან ბევრი ქვეყანა მიუერთდა, მათ შორის საქართველო და დღემდე აღნიშნული მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, ქვეყნები ნელ-ნელა ხმარებიდან იღებენ ისეთ ტექნიკასა და პროდუქტებს რომლებიც იწვევს ოზონის დაშლას.
ზემოთ აღნიშნული პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში შეუძლიათ თავის წვლილი შეიტანონ ბიზნეს კომპანიებმაც და ხმარებიდან ამოიღონ ან შეამცირონ ის ტექნიკა, რომლებიც ოზონდამშლელ ნივთიერებებს შეიცავს. სწორედ ეს იქნება მათი წვლილი გარემოს დაცვის კუთხით.
შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ (UNFCCC), რომლის მიზანია ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდისა და ამით გამოწვეული გლობალური დათბობის შეჩერება. აღნიშნულ კონვენციას საქართველოც მიერთებულია.
ბოლო 100 წლის მონაცემებმა და დაკვირვებებმა აჩვენა, რომ გლობალური ტემპერატურა იცვლება, გახშირებულია კლიმატური კატასტროფები, რაც თავისთავად დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან. გაეროს ჩარჩო კონვენციის პანელმა აღიარა რომ კლიმატურ ცვლილებებსა და გლობალურ დათბობას ადამიანების საქმიანობა იწვევს, კონკრეტულად კი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სათბური აირების გაფრქვევაა.
თითოეულმა ბიზნეს კომპანიამ, ექსპერტების დახმარებით უნდა გამოიკვლიოს რა რაოდენობის სათბურ აირებს აფრქვევს და შეეცადოს შეამციროს აღნიშნული ზეგავლენა გარემოზე.
აუცილებლად უნდა გამოვყო სტოკჰოლმის კონვენცია „მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ“ , რომელსაც საქართველომ 2001 წელს მოაწერა ხელი. მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები (მოდ) არის ნივთიერებები, რომელიც არის მდგრადი/პერსისტენტული და იწვევს აკუმულაციას ადამიანისა და ცხოველების ქონში/ცხიმში. ის ძალიან დიდი ხანი გროვდება ორგანიზმში და რძით დედიდან შვილზეც კი გადადის. აღნიშნული ნივთიერება თავისუფლად შეიძლება იყოს თევზის ქონშიც. ასეთი ნივთიერებებია, მაგალითად პესტიციდები, სინთეზური ზეთები და ა.შ. საქართველოში მოდ პესტიციდების დაგროვება და ქვეყნიდან გატანა დაიწყო 70-იანი წლების დასაწყისიდან. მიუხედავად აკრძალვისა, დღემდე ამ ნივთიერებების აუთვისებელი მარაგები კვლავაც არის სხვადასხვა საწყობში, სახელმწიფო მეურნეობასა და ყოფილი კოლმეურნეობების საცავებში.
ეს რათქმაუნდა გლობალური პრობლემაა, რადგან როდესაც ერთ ქვეყანაში წარმოიქმნება მოდ, საბოლოო ჯამში ის აუცილებლად ხვდება ჰაერში ან წყალში და დიდ მანძილებზე გადადის.
ერთ-ერთი ძალიან დიდი ეკოლოგიური პრობლემაა, როგორც უკვე აღვნიშნე ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების კარგვა. როგორც ხვდებით აღნიშნული საკითხი მნიშნელოვანია, როგორც ადამიანისთვის, ასევე ცხოველთა სამყაროსთვის. საქართველო ზომიერ სარტყლებში არსებული 24 ცხელი წერტილიდან ერთ-ერთია ბიომრავალფეროვნების კუთხით. ანუ ძალიან მდიდარია ბიომრავალფეროვნებით, განსაკუთრებით კი მცენარეული და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნებით. სწორედ ამიტომ აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ და მივიღოთ ზომები ადგილობრივი ეკოსისტემის შესანარჩუნებლად.
რაც შეეხება გაუდაბნოებასა და მიწის დეგრადაციას, ეს ძირითადად საჰარის ტერიტორიებს ეხება. თუმცა საქართველოშიც, მაგალითად ქვემო ქართლში, კახეთში, განსაკუთრებით დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და სამცხე ჯავახეთში გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის სერიოზული პრობლემებია.
და ბოლოს, მინდა ხაზი გავუსვა „ბაზელის კონვენციას“ რომელიც საქართველოში რატიფიცირებულია და რეგულირდება კანონით „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე.“
სახიფათო ნარჩენებსა და მის განსაზღვრებებზე აუცილებლად შეგეკითხებით, თუმცა მანამდე რომ გვითხრათ რა სახის ეკოლოგიურ პრობლემებს ვაწყდებით საქართველოში ?
მოდით ცალ-ცალკე ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო.
ჩვენს ქვეყანას უმნიშვნელო წვლილი შეაქვს სათბური აირების გაფრქვევაში და შესაბამისად გლობალურ კლიმატურ ცვლილებაშიც. თუმცა ის პრობლემა, რის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას ჩვენც გვეხება და საქართველოც გრძნობს იმ უარყოფით შედეგებს რაც გლობალურ დათბობას მოაქვს. გახშირდა ბუნებრივი კატასტროფები, როგორიცაა მეწყერები, ღვარცოფები, ზვავები, წყალდიდობები, წყალ მოვარდნები, სეტყვა და ეს ყველაფერი რათქმაუნდა დაკავშირებულია გლობალურ კლიმატის ცვლილებასთან. ადვილად მისახვედრია, რომ გლობალურ კლიმატის ცვლილებებს ჩვენზე ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს და სამწუხაროდ ქვეყანას აღნიშნული კატასტროფების თავიდან ასაცილებლად არანაირი მზაობა არ გააჩნია. ანუ ვერ აკეთებენ კატასტროფული მოვლენების პროგნოზირებას, არ არსებობს ადრეული შეტყობინებების სისტემები და სწორედ ამის შედეგია მაგალითად 13 ივნისის ტრაგედია. აღსანიშნავია, რომ არის აღნიშნული სისტემების გაუმჯობესების მცდელობები, თუმცა ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო ამ მიმართულებით და მეტი ექსპერტების ჩართვა.
აქვე ვიტყვი, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნეს კომპანიას, რომელზეც პირდაპირ აისახება ბუნებრივი კატასტროფები, შეუძლია აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და ქვეყნის მთავრობასთან ერთად გამონახოს საუკეთესო გზები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ეს შეიძლება იყოს პრო-ბონოდ ექსპერტების დახმარება და სამოქმედო გეგმების შედგენა, ან სხვადასხვა პროექტების განხორციელება.
რაც შეეხება ოზონდამშლელ ნივთიერებებს, როგორც უკვე აღვნიშნე საქართველო არ არის მწარმოებელი ოზონდამშლელი ნივთიერებების, თუმცა ის არის იმპორტიორი. სწორედ ამიტომ, ბიზნეს კომპანიებს შეუძლიათ დაფიქრდნენ მანამ სანამ შესყიდვებს განახორციელებენ და „მწვანე შესყიდვები“ გახადონ პრიორიტეტი. მაგალითად შეისყიდონ ენერგოდამზოგი ან ოზონდამშლელი ნივთიერებების არ შემცველი პროდუქტები და ა.შ. სწორედ ეს იქნება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის კუთხით.
საქართველოში სამწუხაროდ გაუდაბნოების წინააღმდეგ ღონისძიებები ძალიან სუსტია. არ არის და აუცილებლად უნდა იყოს განვითარებული მელიორაციის სისტემები, ირიგაცია, დრენაჟი. არ ხდება ყოველწლიური სამელიორაციო ღონისძიებები, ტყეები იჩეხება და ნადგურდება. ატმოსფერული ჰაერი საშინლად არის დაბინძურებული, რაც სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. ასევე დიდი პრობლემაა წყლის რესურსების არარაციონალურად გამოყენება. მიუხედავათ იმისა, რომ საქართველოს ჭარბად აქვს წყლის რესურსი, უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს ამოწურვადი რესურსია და აუცილებელია მისი ეფექტურად მოხმარება.
რაც შეეხება მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს, ძველი პესტიციდების დიდი ნაწილი შეგროვდა და განადგურდა. თუმცა რაღაც ნაწილი, მაგალითად ნახმარი ზეთები ისევ დარჩენილია ქვეყანაში და სხვადასხვა კომპანიებს დასაწყოებული აქვთ.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ეკოლოგიის კუთხით საქართველოში, რაზეც მე ამჟამად ვმუშაობ არის ნარჩენების მართვა. ყველაფერი ძირითადად ნაგავსაყრელებზე იყრება რაც არაფრით არ შეიძლება, რადგან ის ჟონავს და გადის მიწისქვეშა წყლებში, შემდეგ კი შესაძლოა სასმელ წყალშიც კი მოხვდეს. რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა.
ორგანიზაციამ თავისი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში ერთ-ერთი მიმართულებად შესაძლოა აირჩიოს ნარჩენების მართვა. გთხოვთ განგვიმარტეთ რას გულისხმობს ნარჩენების მართვა ?
გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწის მოსახლეობა იზრდება და ასევე იზრდება მოთხოვნები სხვადასხვა პროდუქტებზე, დედამიწაზე წარმოიქმნება ნარჩენების ძალიან დიდი რაოდენობა.
,,ნარჩენების იერარქია“ იყოფა ხუთ კომპონენტად. ყველაზე მნიშნელოვანი და სასურველი ქმედებაა – შემცირება, ამას მოსდევს ხელახალი გამოყენება, გადამუშავება, ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად და ნარჩენების განთავსება.
ნარჩენები იყოფა კატეგორიებად, სახიფათო ნარჩენები და არა სახიფათო ნარჩენები. ასევე არსებობს სპეციფიკური ნარჩენები და ისინი სპეციფიკური ზომების მიღებასა და მოვლას საჭიროებს.
სპეციფიკური ნარჩენი შეიძლება იყოს სახიფათოც და არა სახიფათოც. სპეციფიკური ნარჩენებია: საბურავები, შესაფუთი მასალები, ნახმარი, ვადაგასული მოძრავი საშუალებები (მაგ: ავტომანქანა), აკუმულატორები და ბატარეები, ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობები და გამოყენებული ზეთები (სინთეტური ზეთები).
საქართველოში 2015 წელს მიიღეს კოდექსი „ნარჩენების მართვის შესახებ“. რაც ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. აღნიშნული კოდექსის მიხედვით 2019 წლიდან კომპანიებმა უნდა შეიმუშაონ ნარჩენების მართვის გეგმები. ეს იქნება ვალდებულება და გეგმებს ჩაიბარებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სამინისტრო. თუმცა ეს არ შეეხება ყველა კომპანიას, არამედ მხოლოდ იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს (ადგილობრივსა და იმპორტიორს), რომელთა საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება. (იხილეთ კოდექსი „ნარჩენების მართვის შესახებ“, მუხლი 14). კომპანიები ვალდებულები იქნებიან ნარჩენების მართვის გეგმა განაახლონ ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.
შესაბამისად ყველა იმ კომპანიამ, რომელიც არ არის კანონით ვალდებული შეიმუშაოს ნარჩენების მართვის გეგმა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეუძლია იმუშაოს ამ მიმართულებით. ეს არამარტო გარემოსთვის არამედ ადამიანების ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია.
რა გზებით შეიძლება კომპანიებმა მართონ თავის ნარჩენები ? და რა გზებს მიმართავენ სხვა ქვეყნებში კომპანიები ?
არსებობს ნარჩენების მართვის რამდენიმე მიდგომა, ერთ-ერთი და პრიორიტეტულია გადამუშავება. ასევე შესაძლებელია ნარჩენები განათავსო ნაგავსაყრელზე და ასე შემდეგ, ამაზე უკვე ვილაპარაკე. თუმცა კანონი არ ავალდებულებს არავის რა მიდგომა გამოიყენონ ნარჩენების მართვის დროს, ეს გადაწყვეტილება თავად კომპანიამ უნდა მიიღოს. (სახიფათო ნარჩენები აუცილებლად უნდა განადგურდეს, ეს ეხება სპეციფიკურ ნარჩენებს)
საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“ – განსაზღვრავს „მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას“. აქ იგულისხმება პროდუქტის უშალო მწარმოებელი ვალდებულია მოახდინოს პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირება, შეგროვება, ტრანსპორტირება, აღდგენა და გარემოსთვის უსაფრთხო განთავსება. ეს ვალდებულება ეხება მხოლოდ სპეციფიკურ ნარჩენებს.
აღნიშნული მიდგომა ქვეყნისთვის სიახლეს წარმოადგენს და დაგეგმილია მისი ეტაპობრივი დანერგვა, რომელიც ძალაში შევა 2019 წლიდან.
კერძო კომპანიების დონეზე, რომ ვილაპარაკოთ ძალიან დიდი პრობლემაა ნარჩენების მართვა. მწარმოებლებსაც და იმპორტიორებსაც აქვთ ძალიან ბევრი სახიფათო, არასახიფათო და სპეციფიკური ნარჩენებიც. ხოლო მის მართვაზე პასუხს არცერთი მათგანი არ აგებს და არც იმ ზეგავლენაზე რაც აქვთ გარემოს მიმართ.
მაგალითად განვითარებულ ქვეყნებში, რომელიმე ნარჩენზე ერთიანდებიან კომპანიები, ქმნიან ასოციაციებს. ამას ქვია Producers Responsible organization (PRO). ეს შეიძლება იყოს როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი, ასევე შპს. ისინი იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ნარჩენებს გაუკეთებენ რეციკლირებას, ან გადაამუშავებენ ან გაანადგურებენ. ასეთი მიდგომა შეიძლება იყო ფინანსურად მომგებიანიც კი, გააჩნია რომელი ნარჩენების ნაკადის გარშემო იქმნება აღნიშნული ასოციაცია.
რომ მივუბრუნდეთ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას, აქ სახელმწიფოს შემუშავებული აქვს მინიმალური მაჩვენებლები სპეციფიკური ნარჩენებისთვის. აღნიშნული მაჩვენებლები უნდა შესრულდეს 2020, 2025, 2030 წლისთვის. ეს არის ქვეყნის გეგმა და კომპანიებიც ვალდებულები იქნებიან მიყვნენ აღნიშნულ მაჩვენებლებს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ კომპანია ქვეყნის მიერ შემოთავაზებულ მინიმალურ მაჩვენებლებს გასცდება და მიზნად დაისახავს უფრო მეტ პროცენტულ მაჩვენებელს მიაღწიოს, ან მართოს ის ნარჩენები, რომელსაც კანონმდებლობა არ არეგულირებს, ეს უკვე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მისი სოციალური პასუხისმგებლობა.
აქვე მინდა, უფრო ვრცლად ვისაუბრო „მწვანე შესყიდვებზე“. ორგანიზაციას როდესაც სურს შეისყიდოს რაიმე სახის პროდუქტი უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ მისი ფასი და ხარისხი, არამედ მისი ზეგავლენა ბუნებრივ გარემოზე და შემდეგ მიიღოს შესყიდვის გადაწყვეტილება. კომპანიებმა შესაძლებლობის ფარგლებში უპირატესობა უნდა მიანიჭონ ისეთ პროდუქტებს, რომლებსაც ნაკლები ზეგავლენა აქვთ გარემოზე. სწორედ ეს შეიძლება იყოს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის კუთხით.
მაგალითად დომენიკის რესპუბლიკა, სახელმწიფო შესყიდვების დროს პრიორიტეტს ანიჭებს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ან არ შეიცავს ან ძალიან მინიმალური რაოდენობით შეიცავს ოზონდამშლელ ნივთიერებებს.
და ბოლოს ძალიან კარგი იქნება თუ საზოგადოებისგან წამოვა მოთხოვნა, რომ კომპანიები იყვნენ უფრო პასუხისმგებლები, განახორციელონ მწვანე შესყიდვები, დაიცვან გარემო და მართონ ნარჩენები. ამ შემთხვევაში კომპანიები უფრო მეტად იზრუნებენ განავითარონ თავის CSR მიმართულება.
ამის შესახებ ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია.
ქ. მარიკა, დიდი მადლობა ამ საინტერესო ინტერვიუსთვის და ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისთვის.
დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და იმედია სულ მალე ბიზნეს კომპანიები და ასევე მთელი საზოგადოება უფრო მეტად იზრუნებს გარემოზე.
ესაუბრა: ელენე ჩხეიძე