CSR ბლოგი

სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირება

სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირება

04/06/2018

სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირება (Socially responsible investment/SRI), საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას კომპანიის საქმიანობის სოციალური და გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გათვალისწინებას გულისხმობს. მსოფლიოში მდგრადი განვითარებისა და ეთიკური ინვესტიციების ბევრი ინდექსი არსებობს, რომელიც ასახავს სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიების საქმიანობას. 

ჯერ კიდევ 2003 წელს, ევროპის ინვესტორთა 86% აცხადებდა, რომ სოციალური და გარემოსდაცვითი რისკების მენეჯმენტი მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს კომპანიის გრძელვადიან საბაზრო ღირებულებაზე.

Little Arthur D., The business Case for Corporate Responsibility, 2003.  

სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირების ერთი მიდგომა არ არსებობს, ასევე არ არსებობს ერთი ტერმინი, რომელიც აღნიშნულ მიდგომას გამოხატავს. ამის გამო ინვესტორები იყენებენ სხვადასხვა ტერმინებს, ესენია: „სათემო ინვესტიცია“, „ეთიკური ინვესტიცია“, „მწვანე ინვესტიცია“, „ზეგავლენებზე ორიენტირებული ინვესტიცია“, „პასუხისმგებელი ინვესტიცია“, „მდგრადი ინვესტიცია“ და ა.შ.

სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტორები მიიჩნევენ, რომ სოციალური და გარემო-ზემოქმედების კრიტერიუმებით კომპანიის შეფასება (სხვა კრიტერიუმებთან ერთად) უფრო ნათელს ხდის რამდენად მდგრადი და გრძელვადიანი მიზნები აქვს კომპანიას.

კომპანიების გარკვეულ ნაწილს შემუშავებული აქვთ CSR პოლიტიკა და ინსტრუქციბი, რომელთა თანახმად საკუთარ საკრედიტო პოლიტიკაში ითვალისწინებენ კომპანიათა CSR მაჩვენებლებს. მაგალითად, Bank of America, Citi group და JP Morgan Chase კოლექტიურად შეთანხმდნენ უარი ეთქვათ ისეთ ფინანსურ პროექტებზე, რომელიც ერთი, საფრთხეს უქმნის  ტყის საფარს და/ან მეორე, არალეგალური ტყის ჭრის პროცესის ხელშემწობია.

საბაზრო ინდექსებით კომპანიების შეფასება გულისხმობს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კორპორაციული მმართველობა, გარემოს დაცვა, თემის განვითარება და ა.შ. მაგალითად, FTSE4Good global index და Dow Jones Sustainability index კომპანიათა რეიტინგს ადგენენ გარკვეული სოციალური და გარემოსდაცვითი კრიტერიუმების გათვალისწინებით (სხვა კრიტერიუმებთან ერთად). კარგი საბაზრო რეიტინგი კომპანიას არა მხოლოდ ეხმარება რეპუტაციის შენარჩუნებაში, არამედ ზრდის ინვესტორთა მოზიდვის შესაძლებლობებსაც.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, SIF Foundation-ის 2016 წლის „სოციალურად პასუხისმგებელი და მდგრადი განვითარების ინვესტირების შესახებ ანგარიშის“  მიხედვით 2015 წელს, მხოლოდ ამერიკაში $8.72 ტრილიონ დოლარზე მეტი ეთიკური ინვესტიცია განხორციელდა.

„მდგრადი ინვესტიციების გლობალური ალიანსის კვლევის“ თანახმად კი 2016 წელს მსოფლიოში 23 ტრილიონ დოლარამდე პასუხისმგებელი ინვესტიცია განხორციელდა.

ყველა ქვეყანაში მოიმატა სოციალურად პასუხისმგებელმა ინვესტიციებმა და მსოფლიო საინვესტიციო თანხების 26% სწორედ მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ინვესტიციებია.


რეგიონების მიხედვით სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირების ზრდის ტემპი იხილეთ აქ. 

წყარო:

ლ. ხოფერია, „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო“

https://www.ussif.org

http://www.gsi-alliance.org

უკან დაბრუნება