CSR ბლოგი

"Storytelling"-ი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

"Storytelling"-ი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

11/07/2018

დაახლოებით 20 წელია რაც ბიზნეს სამყაროში გაჩნდა ტერმინი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და კომპანიებმა დაიწყეს ამ მიმართულებით მუშაობა.

ამ პერიოდში მათ,  რათქმაუნდა დაუგროვდათ საინტერესო გამოცდილება და სურთ აღნიშნული გამოცდილების გაზიარება, მაგრამ ცოტანი თუ ახერხებენ ისტორიების საინტერესოდ გადმოცემას. 

ბიზნეს კომპანიების გარკვეული ნაწილი მდგრადი განვითარების ანგარიშს იყენებს საკუთარ საქმიანობაზე სალაპარაკოდ. მართალია, ასეთი ფორმატი კომპანიების გამჭირვალობაზე მიუთითებს, თუმცა საზოგადოება იშვიათად თუ კითხულობს კომპანიების ანგარიშებს საინტერესო ამბების აღმოსაჩენად.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც კომპანიებს უჭირთ საინტერესოდ მოყვნენ საკუთარი ისტორიები:

  • ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ემოციური განწყობა და აინტერესებთ სხვა ადამიანის ისტორიები და არა იმის გაგება თუ რა გააკეთა თავად კომპანიამ.
  • კომპანიები ხშირად იყენებენ პროფესიულ და კორპორაციულ ენას, რაც საზოგადოებისთვის საინტერესო და გასაგები არ არის. შესაბამისად, თავიდანვე ნეგატიურად განაწყობს მკითხველს/მსმენელს და რთული ხდება მათი დაინტერესება.
  • ადამიანები, ხშირად, არ ენდობიან იმ ისტორიებს, რომელბსაც თავად კომპანიები ყვებიან. მსმენელი/მკითხევლი ფიქრობს, რომ ეს არის ტყუილი ან კარგად შეფუთული ამბავი, რომელსაც სიმართლესთან ძალიან ცოტა კავშირი აქვს.

შესაბამისად, საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში იქნება, თუ ისტორიებს მოაყოლებთ სხვებს, ვინმეს ვინც არ ასოცირდება თქვენს კომპანიასთან.

იმისთვის რომ ამბავი იყოს საინტერესო, რამდენიმე ტიპის ეფექტური მთხრობელის  ტიპს გამოყოფენ:

– ადამიანი, რომელიც ყვება თავის საკუთარ ისტორიას.

– ადამიანი, რომელიც ყვება იმას რაც ნახა და ჰყავს საკუთარი აუდიტორია.

– და ადამიანი, რომელმაც იცის მთლიანი ისტორია და შეუძლია მოყვეს ეს ეფექტური გზით.

ასეთი ადამიანების მიერ მოყოლილი ისტორიები ყოველთვის უფრო საინტერესო და ემოციურად ძლიერია.

Storytelling-ის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია Starbucks-ის მიერ გაკეთებული ვიდეო სერიები „Upstanders.“ თითოეული ვიდეო მაყურებელს თავიდანვე ინტერესს უჩენს და ტოვებს შთაგონებულს. ამ შემთხვევაში Starbucks-მა გადაწყვიტა მიეცა სალაპარაკო პლატფორმა ადამაინებისთვის და თვითონ საერთოდ არ გამოჩენილიყო. რა თქმა უნდა ასეთ დროს კომპანიას შეუძლია გამოჩნდეს კიდეც და შეასრულოს მენტორის ან ფასილიტატორის როლი.

იხ. ვიდეო:

 მეორეა Heineken-ის მაგალითი. კომპანიის სურვილი იყო კლიმატის ცვლილების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათთვის გაზიარება, თუ რას საქმიანობს კომპანია ამ მიმართულებით. ჰეინეკენის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს დაეპატიჟებინათ YouTube-ის ცნობილი ვლოგერი, ბენი ბრაუნი, რომელსაც 600,000 გამომწერი ყავს, Heineken-ის ქარხანაში, ავსტრიაში. კომპანიის მიზანი იყო ახალგაზრდა აუდიტორიას გაეგო, რომ ქარხანას სათბური აირების ნულოვანი გაფრქვევა აქვს და, შესაბამისად, მისი გავლენა გლობალურ დათბობაზე მინიმალურია.

ბენი სწორედ შერჩეული ადამიანი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მისი სტილიც სწორედ ეს არის. ბრაუნი მოგზაურობს და გამომწერებს უზიარებს სხვადასხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მოგზაურობისას მიღებულ გამოცდილებას. შესაბამისად, მისგან იმის მოსმენა თუ  რას აკეთებს ლუდსახარში კომპანია გლობალური დათბობის წინააღმდეგ, ავსტრიაში გადაღებული ვიდეო და პლიუს Heineken-ის ქარხანა ძალიან დამაჯერებელი ამბავი იყო მაყურებლისთვის.

რა თქმა უნდა ვლოგერისთვის კომპანიას არ დაუკვეთავს თუ რაზე უნდა ესაუბრა. ბენიმ ხუმრობებითა და საინტერესო კადრებით შეავსო ვიდეო, რომელიც დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა ნახა.  შეიძლება ითქვას, რომ მიზანი მიღწეულია, პლიუს ამას მთხრობელი დამაჯერებელი ადამიანია, რომლის სიტყვებისაც მის მიმდევრებს სჯერათ.

იხ. ვიდეო:

რა თქმა უნდა საუკეთესოა, როდესაც მომხმარებლები თავად იწყებენ შენს ბრენდზე ლაპარაკს. თუმცა ვერასდროს გააკონტროლებ იმას, თუ რას იტყვიან ისინი. მითუმეტეს მაშინ, როდესაც სოციალური ქსელები ასეთი ხელმისაწვდომია და ინტერნეტის საშუალებით ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება.

გეტყვით იმასაც, რომ ადამიანები ერთმანეთის ნათქვამს უფრო ენდობიან, ვიდრე კომპანიის წარმომადგენლების სიტყვებს.

შესაბამისად, გამჭვირვალე და ეთიკურ კომპანიებს ნამდვილად შეუძლიათ „თავისუფლად შეცურონ“ სოციალურ სამყაროში და სხვებს მისცენ უფლება  ილაპარაკონ მათზე.


 

ელენე ჩხეიძე

უკან დაბრუნება