05/10/2018
ხშირად ისმის კითხვა „რა როლი აქვთ და რა შეიძლება გააკეთონ ბიზნეს კომპანიებმა გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების კუთხით?
მინდა გაგაცნოთ ერთი ძალიან საინტერესო კვლევის შედეგები, რომელიც ფრანგმა მეცნიერებმა ჩაატარეს ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.
მანამდე კი გეტყვით, რომ 2015 წლის დეკემბერში, პარიზში 195 ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა გლობალური დათბობის წინააღმდეგ მოქმედების პრინციპებსა და მიზნებზე. შემუშავდა და ხელი მოეწერა გრძელვადიან გეგმას, რომლის მიზანია გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა. ამ ინიციატივას 2016 წლის 22 აპრილს საქართველოც შეუერთდა.
ბევრმა ადამიანმა არც კი იცის რა შეიძლება გამოიწვიოს გლობალური ტემპერატურის 2 გრადუს ცელსიუსზე გადაჭარბებამ. შედეგების ჩამონათვალი ძალიან დიდია, მათ შორის გამოვყოფდი:
კიდევ ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი, დაირღვევა დღესდღეობით არსებული ბალანსი, რაც ადამიანისთვის და საერთოდ სამყაროსთვის შესაძლებელია დამღუპველი აღმოჩნდეს!
საზოგადოებისთვის, რომელიც არ არის გათვითცნობიერებული კლიმატის ცვლილების საკითხებში, ტემპერატურის 2 გრადუსით ცვლილება არ აღიქმება კატასტროფად და ფიქრობენ, რომ ეს არაფერს შეცვლის დედამიწაზე. სანამ ფრანგი მეცნიერების კვლევის შედეგებს გაგაცნობთ, გეტყვით რომ ახლა პლანეტაზე საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 15°C-ია. გამყინვარების პერიოდში საშუალო ტემპერატურა სულ რაღაც 4°C-ით ნაკლები იყო. ამ გარემოების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2°C-ზე მეტით გლობალური ტემპერატურის მატება არათუ დამღუპველი, არამედ კატასტროფული იქნება დედამიწისთვის.
ფრანგმა მკვლევარებმა გადაწყვიტეს ხმელთაშუაზღვისპირეთში ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი. ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით და კლიმატის მოდელირების პროგრამების გამოყენებით მეცნიერებმა გამოსცადეს ტემპერატურის ზედა ზღვარი. მიზანი იყო ეხილათ რა მოხდებოდა ხმელთაშუაზღვისპირეთში, თუ ტემპერატურა გადააჭარბებდა ზედა ზღვარს.
ცდის ბოლოს ნათელი გახდა, რომ ტემპერატურის 2°C-ით მომატების შემთხვევაში, სამხრეთ ესპანეთის ტყიანი ტერიტორია მთლიანად განადგურდება, შეიცვლება რეგიონის ბიომრავალფეროვნება, დიდი ალბათობით, ეს გამოიწვევს კლიმატურ მიგრანტთა მასობრივ ტალღებს. ნათელი გახდა, რომ დედამიწა მთლიანად შეიცვლება, იქნება გვალვები, ტყეების ადგილას მასიურად გაჩნდება უდაბნოები და დრამატული საფრთხე შეექმნება არსებულ ეკოსისტემას. რაც, საბოლოო ჯამში, კატასტროფულ ვითარებაში ჩააგდებს ადამიანს.
აქვე გეტყვით რომ, Yale University ცნობით, მსოფლიოში 3 ტრილიონი ხეა. კარგი ინფორმაცია ის არის, რომ ეს 7.5-ჯერ მეტია ვიდრე აქამდე ქონდათ დაანგარიშებული. ცუდი ამბავი კი ისაა, რომ წელიწადში დაახლოებით 15 მილიარდი ხე იჭრება.
გლობალური განვითარების ცენტრის (CGD) ანგარიშის მიხედვით, თუ არ მოხდება ახალი რეგულაციების შემოღება ხის ჭრაზე, ძალიან მალე 298 მილიონი ჰექტარი ტროპიკული ტყის საფარი დედამიწაზე აღარ იარსებებს, ეს კი მსოფლიოში არსებული ტყის საფარის 1/7 ნაწილია. საბოლოო ჯამში კი, ეს გამოიწვევს დედამიწაზე 169 გიგატონი ნახშირორჟანგის გაფრქვევას.
რა თქმა უნა კლიმატის ცვლილებების გამომწვევი ფაქტორი მხოლოდ ტყეების გაკაფვა არ არის და აქ უამრავი სხვა მიზეზიც გასათვალისწინებელია. მეცნიერების უმრავლესობის აზრით, გლობალური დათბობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი – ინდუსტრიალიზაციის ძალიან მაღალი ტემპია.
რა შეიძლება გააკეთონ კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში? როგორ შეუძლიათ იბრძოლონ კორპორაციებმა კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ?
XX საუკუნის ბოლოს იწყება ინდუსტრიალიზაციის ახალი ეტაპი. რასაკვირველია, აღნიშნული ფაქტი მოქმედებს ჰაერის დაბინძურებაზეც და იზრდება სათბური აირების კონცენტრაცია გარემოში. ავტომობილების, თვითმფრინავების, თბოელექტროსადგურების, გადამამუშავებელი ქარხნებისა და ფაბრიკების ზრდას მოყვება უფრო და უფრო მეტი ბუნებრივი რესურსის გამოყენება, რაც გარემოს დაბინძურებაზე პირდაპირ აისახება, კერძოდ, იზრდება ნახშირორჟანგის კონცენტრაცია.
შეიძლება ითქვას, რომ „ადამიანები სწორედ იმ ტოტს ვჭრით, რაზეც ვზივართ“, თავად ვართ ვალდებულები ვიზრუნოთ ამ გარემოების გამოსწორებაზე.
არ იქნება ხმამაღალი განაცხადი თუ ვიტყვი, რომ დღეს მსოფლიოს კორპორაციები მართავენ. Global Justice Now 2016 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიოში 200 ფინანსურად ყველაზე ძლიერი ორგანიზაციიდან 153 სწორედ ბიზნესის წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სიმდიდრის უმეტეს ნაწილს სწორედ კორპორაციები ფლობენ.
თუ ვთანხმდებით, რომ დღეს კომპანიებს იმაზე მეტი ფინანსური რესურსი აქვს, ვიდრე ქვეყნებს, იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ბიზნესმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე.
ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობა, იქნება ეს პატარა თუ დიდი კომპანია, ზეგავლენას ახდენს ბუნებრივ გარემოზე. ეს ზეგავლენა უკავშირდება ორგანიზაციის მიერ ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, ნარჩენების წარმოებას, ჰაერისა და წყლის დაბინძურებას, პროდუქციის ზეგავლენას ბუნებრივ ეკოსისტემაზე და ა.შ.
ორგანიზაციათა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. კომპანიამ რომ შეამციროს გავლენა გარემოზე, აუცილებელია გარემოსდაცვითი საკითხები გაითვალისწინოს საქმიანობის ყველა ეტაპზე. ნებისმიერ ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა შეამციროს საკუთარი საქმიანობით გამოწვეული ნეგატიური გავლენა ეკოლოგიაზე.
და მაინც რას მოუტანს კომპანიას გარემოზე ზრუნვა?
კომპანიებს რეალურად აქვთ ძალა და რესურსები იმისა, რომ დაიცვან სამყარო კატასტროფისგან. ეს ხმამაღალი განაცხადი არ არის, როგორც ზემოთ ვახსენე, მეცნიერები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად ყველა რამეს არ მოვიმოქმედებთ, დედამიწას ნამდვილად კატასტროფული შედეგები ელოდება.
გარემოსდაცვითი პოლიტიკა და აქტივობები კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია. ის ეხმარება ორგანიზაციებს „სოციალური ლიცენზიის“ მოპოვებაში და ამასთანავე კომპანიებს ხელს უწყობს მოიზიდონ საერთაშორისო ინვესტიციები.
დღეს მსოფლიოში იზრდება პასუხისმგებელი და სოციალური ინვესტიციები. მრავალი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მოითხოვს კომპანიისგან ძირითადი გარემოსდაცვითი პრინციპების დაკმაყოფილებას. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინება ორგანიზაციებს ეხმარებათ იყვნენ კონკურენტუნარიანები ბაზარზე და მოიზიდონ ახალი ინვესტორები.
რა ხდება ამ დროს მსოფლიოში?
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა გადაწყვიტა აშშ გამოეთიშოს პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილების შესახებ და შეწყვიტოს კლიმატური ცვლილებებისკენ მიმართული დაფინანსება, სხვა ქვეყნები არ აპირებენ გაჩერებას.
მაგალითად, ინდოეთს შემუშავებული აქვს ქვეყნის ენერგეტიკული გეგმა, რომლის მიხედვითაც 2027 წლისთვის მოსახლეობისთვის საჭირო ელექტროენერგიის 57%-ს მოიპოვებენ ბიო საწვავის გამოყენებით.
ჩინეთი კი აპირებს 2020 წლამდე 360 მილიარდი დოლარის ინვესტირებას, რათა მოხდეს ელექტროენერგიის მოპოვება განახლებადი ენერგიის გამოყენებით. აღნიშნული ინვესტიცია შექმნის დამატებით 13 მილიონ სამუშაო ადგილს და პლიუს ამას შეამცირებს პეკინსა და სხვა ქალაქებში ჰაერის დაბინძურებას.
კომპანიების შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია Google. 2017 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ 100%-ით დამოკიდებულია განახლებადი ენერგიის წყაროებზე. აქვე უნდა ითქვას, რომ იგივეს გეგმავს Amazon, Microsoft, Facebook და ა.შ.
“We Are Still In”, 2017 წლის 5 ივნისს ამერიკის ბიზნესმენთა ჯგუფმა, რომელთა საერთო შემოსავალი 1.4 ტრილიონი დოლარია, გაავრცელეს მესიჯი – ყველა მათგანმა ხმამაღლა დააფიქსირა თავის აზრი და შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ კლიმატურ ცვლილებების მიმართულებით. მათ შორის არიან Google, Apple, Nike and Microsoft და ა.შ. ნელ-ნელა ამ ინიციატივას უერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები, უნივერსიტეტები და ქალაქები. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა უარი თქვა იმუშაოს ამ მიმართულებით, როგორც ჩანს, ბიზნეს სექტორი (და არამარტო) არ აპირებს გაჩერებას და აპირებენ შეაჩერონ ის კლიმატური ცვლილებები, რაც ელოდება დედამიწას.
როგორც საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა თქვა – „we have a single mission: to protect and hand on the planet to the next generation.“ – სწორედ ეს არის მდგრადი განვითარების მთავარი მიზანიც.
და ბოლოს, გთავაზობთ ერთ-ერთ ჩემთვის საყვარელ და საინტერესო ვიდეოს.
აქტივობის ორგანიზატორი იყო გერმანული კომპანია Entega, რომელიც მწვანე ენერგიის მეორე უდიდესი მიმწოდებელია ქვეყანაში. მათ მიზნად დაისახეს აემაღლებინათ გლობალური დათბობის შესახებ ცნობიერება და ძალიან საინტერესო კამპანია დაგეგმეს.
უყურეთ ვიდეოს და ნახეთ, თუ როგორ შეიძლება მინიმალური ხარჯებით ადამიანების დაფიქრება მნიშვნელოვან თემებზე.
აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივით კომპანიამ გაზარდა ბრენდის ცნობადობაც, რადგან ამ პერიოდში კომპანიის ვებ-გვერდის უნიკალური მნახველების რაოდენობა 300%-ით გაიზარდა.
ელენე ჩხეიძე