23/01/2019
ალბათ გაგიკვირდებათ რატომ ავირჩიე CSR – თან დაკავშირებით მაინცდამაინც ჩინეთი. საქმე იმაშია, რომ ოქტომბერში ჩინეთში ვიმოგზაურე და დღემდე შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვიდვარ. დიდებული ქვეყანაა,თავისი კულტურით და ტრადიციებით, თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური მიღწევებით და კიდევ უფრო დიდი მწვერვალებისკენ დაუოკებელი სწრაფვით. ვინაიდან ცოტა გრძელვადიანი მოგზაურობა იყო,რა თქმა უნდა, ლეპტოპი წავიღე იმ იმედით რომ თან ვიმუშავებდი. ვიცოდი ინტერნეტზე გარკვეული შეზღუდვების შესახებ, მაგრამ ვიფიქრე,რომ მაინც მოვახერხებდი.
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე CSR -ზე ვეძებდი რაიმე წიგნს CSO – Business Partnership რომ ყოფილიყო განხილული. გუგლი იქ არ მუშაობს, მგონი bing -ით ვცადე დაძებნა. პირველ დღეს რაღაც საიტები მომიძებნა, ამაზონზეც შემიშვა და გარკვეული წიგნებიც ვნახე,მაგრამ მეორე დღეს – ჰოი საოცრებავ , აღარაფერი გაიხსნა. ჩვენი უნივერსტეტის საიტებიც კი დაბლოკილი იყო. მერე დაიწყო დანარჩენ სამყაროსთან კომუნიკაციის დეფიციტი და აქ რომ ჩამოვედი , ვინაიდან, ჩინეთის მიმართ ინტერესი გამიათმაგდა, დავიწყე ძებნა ნეტა იქ რა ხდება CSR – ის მიმართულებითქო. ამ ინტერესს ისიც ამძაფრებდა,რომ China Southern Airlaines – ის თვითმფრინავში საკვები რომ მოგვიტანეს, ყველაფერი ქაღალდის ყუთში იდო და ზედ ეწერა: – ეს ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობაა, პლასტმასი ქაღალდით ჩავანაცვლეთო. სურათი კი გადავიღე,მაგრამ ვეღარ ვპოულობ სხვა უამრავ სურათს შორის,ამიტომ სიტყვაზე უნდა მენდოთ.
როგორც ჩანს, ჩინური კომპანიები, განსაკუთრებით ისინი,ვინც გლობალურ ბაზარზე ოპერირებს,დიდ ყურადღებას აქცევენ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას. ყოველ შემთხვევაში, ახლა რომ ვეძებ, მრავალი საიტი აღმოვაჩინე ორენოვანი,სადაც ინგლისურადაც არის ამის შესახებ ინფორმაცია. საყურადღებოა, რომ ზოგ შემთხვევაში ასეთი საიტები გაკეთებულია ევროპის სახელმწიფოების ან საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით.
თუ დაინტერესდებით, დაათვალიერეთ ეს საიტი http://www.chinacsrmap.org , რომელიც 2006 წელს შეიქმნა GIZ, SynTao და China Credit Information Service (CCIS) თაოსნობით. მიზანი იყო CSR ინფორმაციის გაცვლა და ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ისეთი პარტიორების მოძებნაში დახმარება,რომლებიც ჩართული არიან CSR პროექტებში ჩინეთში. ინფორმაცია ცოტა მოძველებულია, ეტყობა პროექტი დასრულდა და მერე აღარ განაახლეს, მაგრამ ინტერესი CSR -ის მიმართ არ განელებულა.
სახელმწიფო გამოსცემს სახელმძღვანელოებს რეგიონებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განსავითარებლად,ეკოლოგიური რისკების ასაცილებლად გამოსცემს სპეციალურ დებულებებს,მოუწოდებს ორგანიზაციებს გადავიდნენ „მწვანე შეფუთვაზე“, ცდილობს შეამციროს სიღარიბე და ა.შ.
ბირჟაზე დარეგისტრირებულ კომპანიების შესაფასებლად არსებობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინდექსი. ინდექსი აფასებს სამ მიმართულებას : გარემოსდაცვა,საზოგადოება და მმართველობა. თუმცა , როგორც ირკვევა, ბირჟაზე დარეგისტრირებული კომპანიებიდან 2017 წელს ანგარიშგება გამოაქვეყნა მხოლოდ 50 კომპანიამ და შესაბამისად ინდექსით მხოლოდ ისინი შეფასდნენ. დამატებითი ინფორმაცია,შეგიძლიათ იხილოთ : http://www.ceibs.edu/new-papers-columns/growing-csr-china-first-corporate-social-responsibility-index-chinese-listed.
მიუხედავად იმისა,რომ ჩინეთში მოქმედი თითქმის ყველა გლობალური კომპანია სხვადასხვა CSR აქტივობებს ახორციელებს,ახლა ერთ შემთხვევაზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. სულ ახლახან,CSR პოლიტიკის ფარგლებში,Huawei-მ წარადგინა ახალი აპლიკაცია : StorySign, რითაც ახალი წელი გაულამაზა სმენადაქვეითებულ ბავშვებს.
საქმე იმაშია,რომ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე აპლიკაცია ჟესტების ენაზე გარდაქმნის საბავშვო წიგნებს (სპეციალურად ამ აპლიკაციისთვის შექმნილებს) და ამით უადვილებს სმენადაქვეითებულ ბავშვებს რეალურ დროში აღიქვან ტექსტი. ეს ყველაფერი ამ პატარა ვიდეოშია მოთხრობილი, როგორც წინასაახალწლო საჩუქარი სანტასგან. ეს აპლიკაცია 10 ენაზეა ხელმისაწვდომი და შემქმნელები გვპირდებიან,რომ როგორც ენების რაოდენობას,ასევე წიგნებს დაამატებენ.
ეს ქეისი ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორების წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია. Huawei-ს პროფესიული რჩევებით დაეხმარა ბრიტანეთის სმენადაქვეითებულთა ასოციაცია და ევროპის სმენადაქვეითებულთა ასოციაცია. თურმე მსოფლიოში 30 მილიონი ბავშვია სმენის პრობლემით,ასე რომ ბევრი მათგანისთვის ეს დიდი საჩუქარია. ნახეთ ეს ვიდეო :
საახალწლო სურვილები ხდება და ამ განწყობით მინდა დავასრულო ეს ბლოგი. ყველაფერ სუკეთესოს გისურვებთ დამდეგ 2019 წელს. ვისურვებდი,რომ მომავალში საქართველოში გვყოლოდა უფრო მეტი პასუხისმგებლიანი კომპანია, უფრო მეტი ნომინანტი მელიორაზე და უფრო უკეთესი CSR პროექტები.
წარმატებები ყველას.
ავტორი: მარიკა მჭედლიძე