15/02/2019
ლინკდინის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ვეინერმა Aspen Institut-ში სტუმრობის დროს თქვა: „კომპანია აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოების კეთილდღეობზე ორიენტირებული. დღევანდელ დღეს სწორედ ეს არის ორგანიზაციებისთვის გამოწვევა. მხოლოდ ის ორგანიზაცია იქნება ბაზარზე წარმატებული, რომელიც ამას გაართმევს თავს.“
დღევანდელი ბლოგი დაეთმობა იმ ფაქტებს, რაც გაგიჩენთ დამატებით არგუმენტებს, თუ რატომ უნდა იყოს კომპანია სოციალურად პასუხისმგებელი.
გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებელთა უმეტესობას აინტერესებს, პროდუქტის/სერვისის წარმოების დროს რამდენად ითვალისწინებს კომპანია ეთიკურ ნორმებს, იცავს შრომით უფლებებს, ზრუნავს გარემოზე და ა.შ.
Nielsen-ის მიერ 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „60 ქვეყნის ონლაინ მომხმარებელთა 55% მზად არის, გადაიხადოს მეტი იმ კომპანიის პროდუქტებში, რომლებიც ახდენენ პოზიტიურ სოციალურ და ეკოლოგიურ ზეგავლენას იმ სოციუმსა და გარემოზე სადაც ოპერირებენ“.
რჩევა: თქვენი დადებითი სოციალური და ეკოლოგიური ზეგავლენის კომუნიკაცია გაზრდის გაყიდვებს.
კომპანიისთვის უდიდესი აქტივია თანამშრომელი. General Electric-ის გენერალური დირექტორი, ჯეკ უელჩი ამბობს – „იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გყავთ საუკეთესო გუნდი, აუცილებლად გაიმარჯვებთ.“
Net Impact-ის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, გამოკითხულთა 45% მზად არის, აიღოს 15%-ით ნაკლები ხელფასი და იმუშაოს ისეთ კომპანიაში, რომელიც სოციალურად პასუხისმგებელია. 51% კი ამბობს, რომ იდეალური კომპანია მათთვის სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიაა.
Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, „თანამშრომელთა 32% შეიცვლის სამსახურს, თუ კომპანია არ ხარჯავს ფულს ქველმოქმედებაზე, ხოლო 65% უბრალოდ დატოვებს სამსახურს, თუ ორგანიზაცია გარემოს აყენებს დიდ ზიანს.“
რჩევა: კომპანია, რომელიც აქვეყნებს ანგარიშს და ხმამაღლა ლაპარაკობს თავის ეკოლოგიურსა და სოციალურ ზეგავლენებზე, იზიდავს მაღალი დონის პროფესიონალებს.
Society for Human Resources Management -ის კვლევა ამბობს, რომ იმ კომპანიებში, რომლებსაც აქვთ მდგრადი განვითარების ძლიერი პროგრამა, შეინიშნება:
55% – უკეთესი მორალი;
43% – ეფექტური ბიზნეს პროცესები;
43% – უკეთესი იმიჯი;
38% – მეტი ლოიალური თანამშრომელი.
რჩევა: მოტივირებულ და კომპანიით ამაყ თანამშრომელს შეუძლია ორგანიზაციას მოუტანოს ძალიან დიდი სარგებელი. სოციალურად პასუხისმგებელ ორგანიზაციაში დაბალია თანამშრომელთა გადინება.
სოციალური პრობლემების მოგვარება კომპანიისთვის არის შესაძლებლობა, დაამყაროს ახალი კონტაქტები და შეიძინოს სანდო პარტნიორები.
აქვე, გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, თუ როგორ იყენებენ კომპანიები CSR ინიციატივებს თავის სასარგებლოდ:
რჩევა: სწორად დაგეგმილი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია საშუალებას მოგცემთ, გაიჩინოთ ძლიერი და სანდო პარტნიორები.
2011 წელს Strategic Management Journal-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ CSR ხელს უწყობს კომპანიებს ფინანსების მოძიებაში. მსოფლიოში ნელ-ნელა იზრდება „სოციალური ინვესტიციები.“ არამხოლოდ ვენჩურული ფონდები, არამედ ბანკებიც კი ნელ-ნელა იწყებენ სოციალური ინვესტიციების განხორციელებას.
2013 წლის Monitor Institute-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლისთვის ასეთი ინვესტიციები გაიზრდება და მიაღწევს დაახლოებით 500 მილიარდ დოლარს.
Forbes–ის ცნობით, დღეს მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ბიზნესი, რომელიც რეალურად დადებით სოციალურ და ეკოლოგიურ გავლენას ახდენს, შესაბამისად, ინვესტორებსაც უჭირთ მათი პოვნა. სწორედ ამიტომ, ჭკვიანურად შემუშავებული CSR სტრატეგია ბიზნესს საშუალებას აძლევს, მოიზიდოს სოციალური ინვესტიციები.
Harvard Business Review-ში 2006 წელს მაიკლ პორტერმა და მარკ კრამერმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც აღნიშნავენ, რომ „ბიზნესი, რომელიც თავის პროფესიონალებს, რესურსსა და ექსპერტიზას დაუთმობს სოციალური პრობლემის მოგვარებას, შესაძლებლობა აქვს, ჰქონდეს იმაზე მეტი დადებითი გავლენა, ვიდრე სხვა ნებისმიერ ორგანიზაციას.“
Harvard Business Review-სთან ინტერვიუს დროს ჰოვარდ შულცი, Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს:
„ნამდვილად აღარ არის საკმარისი, უბრალოდ ემსახურებოდე კლიენტებს, თანამშრომლებს და აქციონერებს. როგორც კორპორაციულ მოქალაქეს, ბიზნესს აქვს მოვალეობა, წვლილი შეიტანოს თემის განვითარებაში. მაგალითად, იზრუნოს მოსახლეობის განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, უსაფრთხოებასა და მომავლის პერსპექტივებზე.“
დასკვნა
სოციალური და ეკოლოგიური პროექტები მოგიტანთ ფინანსურ კაპიტალზე წვდომას, დაგიზოგავთ ხარჯებს და ხელს შეუწყობს ქვეყანას, გახდეს უკეთესი. რა თქმა უნდა, CSR სტრატეგიის შემუშავება არ არის მარტივი და დროში გაწელილი პროცესია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს თქვენი კომპანიისთვის აუცილებლად მომგებიანი იქნება.