15/03/2019
როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში წლიდან წლამდე CSR უფრო და უფრო პოპულარული თემა ხდება. ძალიან ბევრი კომპანია იღებს თავის თავზე უფრო და უფრო მეტ პასუხისმგებლობას და ცდილობენ, წვლილი შეიტანონ სამყაროს მდგრად განვითარებაში.
დღევანდელ ბლოგში მოკლედ მინდა მოგიყვეთ იმ შვიდი CSR პროექტის შესახებ, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიები ახორციელებენ.
თითოეული მათგანი უნიკალური და საინტერესოა.
ჩემი დღევანდელი ბლოგის მიზანია, გაგიჩინოთ მეტი ინსპირაცია და დაგაფიქროთ ჩვენს გარეშემო არსებულ პრობელემებზე და მათი კრეატიულად მოგვარების გზებზე.
1. Indigo
კანადის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნებისა და ჟურნალების გამომცემლობა “Indigo” ხელს უწყობს ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სკოლებს მათი პროექტების განხორციელებაში.
FUNdraiser პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ რეგისტრირებულ, საზოგადოებრივ ორგანიზაციას შეუძლია წარადგინოს თავისი ინიციატივა, რომელიც ეხება განათლების, სპორტისა და ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას. შემდეგ უკვე წიგნებისა და ჟურნალების მყიდველები თავად ირჩევენ, რომელ პროექტს უჭერენ მხარს და მათ მიერ შეძენილი ნივთებიდან 15-20% ხმარდება შერჩეული პროექტის განხორციელებას.
2. linkedin
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა სოციალურმა ქსელმა Linkedin დაიწყო ახალი კამპანია, რომლის მთავარი მიზანი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობაა. ის სხვადასხვა ინიციატივებით მიმართავს სახელმწიფოებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და თავის მომხმარებლებს, რათა ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას.
3. Ben & Jerry’s
Ben & Jerry’s მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ნაყინების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ჯერ კიდევ 1985 წლიდან ფილანტროპულ საქმიანობას ეწევა და საკუთარი ფონდი აქვს. კომპანია ყოველწლიურად ორ მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს თავის სათაო ოფისის ქალაქ ვერმონტში, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას. ყოველ ოქტომბერს Ben & Jerry’s აცხადებს ღია კონკურსს და აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც შეცვლის სამყაროს უკეთესობისკენ. ასევე კომპანია თავის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ თავის არჩეულ პროექტში.
იხ. დამატებითი ინფორმაცია:
https://benandjerrysfoundation.org
4. Alaska Air
ალასკის პატარა ავიაკომპანიამ თავის CSR პროგრამის ფარგლებში შემოიღო „საქველმოქმედო მილების” სისტემა. ნებისმიერი კლიენტი, ვინც აირჩევს აღნიშნულ ავიაკომპანიას და შეიძენს ბილეთს, შეუძლია, ჩაერთოს ამ პროგრამაში და გარკვეული რაოდენობის მილი „გადარიცხოს“ ფონდში. შედეგად, კომპანია უფასოდ მგზავრობის საშუალებას აძლევს სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს, ვისაც ამგვარი დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროება.
იხ ინფორმაცია:
https://www.alaskaair.com/content/mileage-plan/use-miles/share-gift-miles/donate-miles
5. Dell
კომპანია Dell-ის მთავარი ლოზუნგია “ადამიანები პროგრესისკენ”, რომელსაც ხელს უწყობს სხვადასხვა გზით. რამდენიმე წელია კომპანია თანამშრომლობს Camera Education-თან. გეგმის მიხედვით Dell აპირებს 16 მილიონი საათის დახარჯვას და ეთიოპიის 3000 მასწავლების დატრენინგებას, რათა ასწავლონ მათ კომპუტერზე მუშაობა. მასწავლებლები კი შემდეგ ამ ცოდნას გადასცემენ მოსწავლეებს.
6. TOMS
ფეხსაცმელების მაღაზია TOMS 2006 წლიდან დღემდე ახორციელებს კამპანიას „One for One“. კამპანიის მიზანია, ყველა ადამიანს ჰქონდეს ფეხსაცმელი.
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძენს ერთ წყვილ ფეხსაცმელს, ერთი წყვილი ფეხსაცმელი იგზავნება იმ ადამიანისთვის, რომელსაც უსახსრობის გამო ფეხსაცმელი არ აქვს. ამ დრომდე 60 მილიონი წყვილი ფეხსაცმელია დარიგებული აღნიშნული კამპანიის ფარგლებში.
გთხოვთ, იხილოთ რუკა (ზემოთ), თუ რომელ რეგიონებში არიგებს ფეხსაცმელს და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს კომპანია TOMS.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეტ ვებ-გვერდს: https://www.toms.com/one-for-one-en/
7. LEGO
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის “LEGO” -ს წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ პროექტის ინსპირაცია 9 წლის ბავშვი გახდა.
ერთხელ კომპანიაში მიიღეს წერილი:
„როცა გავიზრდები, მინდა, რომ ჩემმა შვილმა იცხოვროს ჯანსაღ გარემოში“.
სწორედ ეს და მსგავსი შინაარსის შემცველი წერილები გახდა კომპანიისთვის მოტივაცია, რომ დაეწყოთ კამპანია „Build the Change“.
პროექტის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება ღონისძიებები, სადაც ბავშვები საუბრობენ მათ თემში არსებულ პრობლემებზე და თავადვე მსჯელობენ მათი მოგვარების გზებზე.
თითოეული ღონისძება არის თემატური, მაგალითად, „ააშენე შენი სკოლა“, „ააშენე შენი სამეზობლო“ და ა.შ.
კარგი CSR პროგრამა ყოველთვის დაკავშირებული უნდა იყოს ბრენდის ღირებულებებთან. კომპანია „ლეგო“ კი ამ ამოცანას წარმატებით ართმევს თავს.
იხ. ვიდეო:
ავტორი: ელენე ჩხეიძე