CSR ბლოგი

მდგრადი განვითარების მიზნები და მისი დადებითი შედეგები ბიზნესისთვის

მდგრადი განვითარების მიზნები და მისი დადებითი შედეგები ბიზნესისთვის

17/05/2019

2015 წელს გაეროს 193 წევრი ქვეყანა (მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის საფუძველზე) შეთანხმდა მდგრადი განვითარების 17 მიზანზე.

პასუხისმგებელი ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნებს განიხილავს, როგორც ინოვაციურ მიდგომას. რა თქმა უნდა, ეს ბიზნესისთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა – საინტერესო და მნიშვნელოვანი.

მდგრადი განვითარების მიზნებსა და დაინტერესებული პირებისთვის მნიშვნელოვან თემებზე უნდა იყოს დაფუძნებული სწორი CSR სტრატეგია. 

ბიზნესისა და მდგრადი განვითარების კომისიამ, ფინანსურმა ინსტიტუტებმა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებმა, 2017 წელს გამოაქვეყნეს ანგარიში რომლის თანახმადაც, მდგრადი განვითარების ოთხი  მიზნის მიღწევის შემთხვევაში, 2030 წლისთვის 12 ტრილიონი დოლარის ახალი საბაზრო შესაძლებლობები შეიქმნება.

ეს მიზნებია:

მიზანი 2:  შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა  და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა;

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის;

მიზანი 7: ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის  საყოველთაო ხელმისაწვდომობა;

მიზანი 11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.

ასევე, ამავე ანგარიშის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივი რესურსების მოხმარებას დავარეგულირებთ და მივუდგებით ამ საკითხს მდგრადი განვითარების გადმოსახედიდან, მსოფლიოს მასშტაბით ფინანსურმა მოგებამ შესაძლოა მიაღწიოს 17 ტრილიონ დოლარს.

მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევით არამარტო ბიზნესი, არამედ საზოგადოებაც მიიღებს სარგებელს. მიზნების მიღწევა შექმნის მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში.

  • 380 მილიონი: ახალი სამუშაო ადგილი იმ შემთხვევაში, თუ 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების ოთხი მიზნის ამოცანებს შევასრულებთ.
  • 85 მილიონი: სამუშაო ადგილი აფრიკაში;
  • 220 მილიონი: სამუშაო ადგილი ჩინეთში, ინდოეთში და სხვა განვითარებად აზიის ქვეყნებში. 

საკვები და სოფლის მეურნეობა 

მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი განიცდის საკვების დეფიციტს. 2030 წლისთვის დამატებით 220 მილიონი ჰექტარი მიწა დაგვჭირდება, რათა მოხერხდეს მთელი მოსახლეობის გამოკვება. მიწის დეგრადაციას, ძირითადად, კლიმატის ცვლილებები იწვევს.

იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება მდგრადი განვითარების მეორე მიზანთან, საკვებსა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ყველა ამოცანა, მსოფლიო შეძლებს დაახლოებით 2.3 ტრილიონი დოლარის დაზოგვას.  შეიქმნება დაახლოებით 71 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, 21 მილიონი – აფრიკაში და 22 მილიონი – ინდოეთში. 155-405 მილიარდი დოლარი კი დაიზოგება საკვები ნარჩენების გადამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გზით. 

ქალაქები

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ეს რიცხვი 70%-ს მიაღწევს. ქალაქები ორი დიდი საფრთხის წინაშე დგანან: ელექტროენერგიის მოხმარება და ურბანული სიღარიბე.

ბიზნესს შეუძლია, ითამაშოს ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ჯანსაღი ქალაქების ჩამოყალიბებაში, ამასთანავე, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და შეამციროს ნახშირბადის ნაკვალევი.

3.7 ტრილიონი დოლარი არის ის პოტენციური მოგება ქალაქებისთვის, რომლებიც შეასრულებენ მდგრადი განვითარების მეთერთმეტე მიზნის ამოცანებს. ამოცანების უმეტესობა ეხება მშენებლობასა და სატრანსპორტო საშუალებებს.

აღნიშნული ამოცანების შესრულებას მოჰყვება დაახლოებით 166 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. ხოლო 800 მილიარდი დოლარის მოგებას ითვლიან პროფესიონალები იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება შენობების რეკონსტრუქცია და ისინი გარდაიქმნება მწვანე შენობებად. 

ელექტროენერგია

 ელექტროენერგიის წარმოება/მოხმარება და ამის შედეგად წარმოშობილი ნარჩენები გარემოზე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს. თუმცა, პარადოქსულია ის ფაქტი, რომ დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანი მაინც ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს და ეს პრობლემა მოსაგვარებელია.

2030 წლისთვის ეს რიცხვი გაიზრდება დაახლოებით 1.5 მილიარდამდე.

შესაბამისად, ბიზნესმა უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით, დაისახოს მიზნად ელექტროენერგიის მდგრადი რესურსებიდან მოპოვება და აითვისოს მინიმუმ ზემოთ აღნიშნული სეგმენტი.

როგორც ამ დარგის ექსპერტები ამბობენ, თუ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, შეიქმნება დაახლოებით 86 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, გაჩნდება დაახლოებით 4.3 ტრილიონი დოლარის შემოსავალი განახლებადი ენერგიიდან და 780- 1135 ტრილიონი დოლარის პოტენციური მოგება ნახმარი მანქანებისა და ხელსაწყოების შეგროვება-გადამუშავებისგან. 

ჯანსაღი ცხოვრება და კეთილდღეობა

განვითარებად ქვეყნებში  ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. 

გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტებიდან, ინოვაციური ტექნოლოგიებიდან და მდგრადი განვითარების მესამე მიზნის ამოცანების შესრულებიდან მიღებულმა დაახლოებითმა შემოსავალმა შესაძლოა მიაღწიოს 1.8 ტრილიონ დოლარს, იმ შემთხვევაში, თუ შევასრულებთ მდგრადი განვითარების მიზნებს. 

ზემოთ მოცემული ციფრებისა და ანგარიშის გათვალისწინებით, ძნელია ვიკამათოთ იმაზე, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა ბიზნესის ინტერესებში არ შედის.

მთავარია, ინოვაციური მიდგომები, მიზნების სწორად ინტეგრირება ბიზნეს სტრატეგიაში. ამ შესაძლებლობების გამოყენება ბიზნესს არამარტო მოგებას მოუტანს, არამედ ბაზარზე კონკურენტუნაირიანსაც გახდის მას.


ავტორი: ელენე ჩხეიძე

უკან დაბრუნება