CSR ბლოგი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა: ცოტა ისტორია და ცოტაც - პრეისტორია

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა: ცოტა ისტორია და ცოტაც - პრეისტორია

27/06/2022

ჩემი პირველი ბლოგი CSR-ზე ამ კონცეფციის ისტორიას მინდა მივუძღვნა. იცით თუ არა კორპორაციული პასუხისმგებლობის  ისტორია? სად და როდის ჩამოყალიბდა ეს ცნება და აქვს თუ არა CSR-ს დაბადების დღე?

თავიდანვე უნდა გავამხილო გულდასაწყვეტი ამბავი, რომ დაბადების დღე CSR-ს არ აქვს, არ არსებობს ერთი კონკრეტული დღე და წელი, როდესაც შეგვიძლია დიდი ტორტი გამოვაცხოთ და საზეიმოდ აღვნიშნოთ კორპორაციული პასუხისმგებლობის საიუბილეო თარიღი.

გააჩნია ვის ჰკითხავთ, სხვადასხვა თარიღი და სხვადასხვა მოვლენა შეიძლება დაგისახელონ. თუმცა, ამის მიუხედავად CSR-ის საპატივცემულოდ ტორტის გამოცხობას ალბათ ისედაც ვერავინ დაგვიშლის, და ახლა სწორედ ასეთი წარმოსახვითი, მაგრამ წარმოსახვაში საკმაოდ გემრიელი ტორტის ნაჭერსა და ჩაისთან ერთად გიამბობთ ცოტა ისტორიას და ცოტასაც – პრეისტორიას კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების შესახებ.

ითვლება, რომ დღევანდელი გაგებით კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობის კონცეფცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, თუმცა უკვე მე-19 საუკუნის შუა წლებიდან, ინდუსტრიული რევოლუციისა და ბიზნესის სწრაფი განვითარების კვალდაკვალ, დასავლეთის ქვეყნების მთავრობათა და ცალკეულ ორგანიზაციათა ყურადღების საგანი ხდება საზოგადოების მიმართ ბიზნესის პასუხისმგებლობის ცალკეული ასპექტები.

დღესდღეობით CSR კომპლექსური ცნებაა, რომელიც მოიცავს მრავალ სხვადასხვა თემას – ადამიანის უფლებებსა და შრომით სტანდარტებს, გარემოს დაცვას, ანტიკორუფციას, მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან პასუხისმგებელ ურთიერთობას, საზოგადოების მხარდაჭერას, გამჭვირვალობას.

თუმცა ადრეულ პერიოდში CSR,  ძირითადად, ბიზნეს ეთიკისა და ფილანთროპიის სინონიმად მიიჩნეოდა, ხოლო ბიზნეს ეთიკასაც და ფილანთროპიასაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

ბიზნეს საქმიანობის ადრეული ფორმების, ანუ მოგების მომტანი საქმიანობის ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნების ტრადიცია უძველესი დროიდანვე არსებობს.

მაგალითად, მრავალი რელიგია – ინდუიზმი, ბუდიზმი, ისლამი და ქრისტიანობა გმობს მევახშეობას, ანუმაღალი სარგებლით ვალის გაცემას, როგორც არაკეთილსინდისიერ საქმიანობას.

მორალურ პრინციპებზე დაფუძნებულ ბიზნეს პრაქტიკას ქადაგებდა ინდოეთის სახელმწიფო მოხელე და ფილოსოფოსი კაუტილია ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე თავის ტრაქტატში“ართაშასტრა“. ბიზნესის (ანუ ვაჭრობისა და მეწარმეობის) პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე დარეგულირებული იყო აგრეთვე ძველ მესოპოტამიაში ძვ.წ. აღ-ით მე-18 საუკუნეში ჰამურაბის კანონებით.

სხვადასხვა ქვეყანაში დასტურდება ფილანთროპიული საქმიანობის შედარებით ადრეული მაგალითებიც – საუბარი გვაქვს ორგანიზებულ, მიზნობრივ ფილანთროპიაზე და არა პერსონალურ ქველმოქმედებასა და მოწყალების გაღებაზე, რაც თითქმის ისევე ძველია, როგორც ადამიანური ცივილიზაცია. მაგალითად, ოტომანთა იმპერიაში მე-16 _ მე-17 საუკუნეებში წარმატებული ვაჭრები და დიდებულები ხშირად აარსებდნენ ე.წ. “ვაკფ”-ს, რომელიც ერთგვარი ფონდის (ტრასტის) ფუნქციას ასრულებდა, საიდანაც ხდებოდა ადგილობრივი თემის საჭიროებათა დაფინანსება, მაგალითად, მეჩეთის შეკეთება, სტუდენტთა განათლების დაფინანსება, საკანალიზაციო სისტემის ან შადრევნის მოწყობა-შეკეთება, სამკურნალო დაწესებულების აგება ან ხელოვნების მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ დღესაც მძლავრი თურქული დინასტიები ზოგჯერ ამ ძველ მექანიზმს იყენებენ საკუთარი ფილანთროპიული საქმიანობისათვის.

პაკისტანშიც არსებობდა ტრადიცია საქველმოქმედო ან საგანმანათლებლო მიზნებით ერთგვარი დახმარების ფონდების დაარსებისა, რომელიც რელიგიურ ხასიათს ატარებდა: შემოწირულობა მიიღებოდა როგორც ფულადი, ასევე უძრავი ან მოძრავი ქონების სახით.

მე-19 საუკუნეში გერმანიაში, ქალაქ  ელბერფელდში, შეიქმნა მზრუნველთა საბჭო, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას საკუთარი ქალაქის მცხოვრებთა საჭიროებების შესახებ და ანაწილებდა სახელმწიფოსგან და რიგითი მოქალაქეებისაგან შემოსულ შემოწირულობებს.

ბაქოში, ნავთობის ბუმის დროს, მე-18 საუკუნის დასასრულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში, მრავალი მდიდარი აზერბაიჯანელი მეწარმე შედიოდა ორგანიზაციაში  “მუსლიმური ფილანთროპიული საზოგადოება“, რომელიც აგროვებდა ფულს სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. შეიძლება გავიხსენოთ ასევე როტშილდის მიერ 1883 წელს დაარსებული “კასპიის და შავი ზღვის ნავთობის ინდუსტრიული და სავაჭრო კომპანია” და ბაქოს ნავთობის მეწარმეთა საბჭო, რომელიც ჩართული იყო სკოლათა და საავადმყოფოთა მშენებლობაში.

საქართველოშიც მე-19 საუკუნეში ფართოდ იყო გავრცელებული
ფილანთროპია და მეცენატობა – საკმარისია გავიხსენოთ დავით სარაჯიშვილი, რომელიც, ჩემი აზრით, იყო ქართული პასუხისმგებელი ბიზნესის ერთ-ერთი ადრეული და საუკეთესო წარმომადგენელი.  ის უხვად გასცემდა სტიპენდიებს ნიჭიერი ქართველი სტუდენტებისათვის, დახმარებას უწევდა სკოლებს, ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების გამოცემას. გარდა ამისა ის გამოირჩეოდა საკუთარი ქარხნის მუშების მიმართ დამოკიდებულებით -მან  პირველმა შემოიღო თავის საწარმოებში 8 საათიანი სამუშაო დღე, დააწესა ხელფასის შენარჩუნებით შვებულება, ქარხნის მუშებისთვის გახსნა სასადილო, ბიბლიოთეკა  და უფასო სკოლა მუშებისა და მათი შვილებისთვის.

კიდევ მრავალი მაგალითის მოტანა შეიძლება მე-19 საუკუნის ფილანთროპიის ისტორიიდან, თუმცა ალბათ ჯობს უკვე მე-20 საუკუნეში გადავინაცვლოთ.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება ბიზნესის მხრიდან საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის გააზრებაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1950-იანი წლებიდან დაიწყო ფართო მსჯელობა საზოგადოებაში  ბიზნესის როლსა და პასუხისმგებლობებზე, რასაც მოჰყვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის განხილვა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციასა და გლობალურ სამიტზე.

 CSR-ის მამად ან ნათლიად ხშირად ასახელებენ ამერიკელ ეკონომისტს
ჰოვარდ ბოუენს, რომელმაც 1953 წელს შექმნა ტერმინი „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა“. თავის საეტაპო წიგნში„ბიზნესმენის სოციალური პასუხისმგებლობა“ (Social Responsibilities of the Businessman), ის ავითარებს მოსაზრებას, რომ მსხვილი კორპორაციების ხელში დიდი ძალაუფლებაა და მათ ქმედებებს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებაზე. ამიტომაც ბიზნესმენთა პასუხისმგებლობაა ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ ეს ზეგავლენა და გაატარონ პოლიტიკა, რომელიც საზოგადოების მიზნებისა და ღირებულებების შესატყვისია (Bowen, H. R. (1953). Social responsibilities of the businessman. University of Iowa Press). აღსანიშნავია, რომ თანამედროვე გაგებით  კორპორაციული პასუხისმგებლობის პრინციპები სწორედ ამ ხედვას ეფუძნება.

 CSR-ის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვან მომენტად მიიჩნევა 1992
წლის გაეროს კონფერენცია გარემოსა და განვითარებაზე (ე.წ. რიოს დედამიწის სამიტი), როდესაც “მდგრადი განვითარების მსოფლიობიზნეს საბჭოში” (WBCSD)  გაერთიანებულმა ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა წარმოადგინეს თვითრეგულირების პროგრამა.

მას შემდეგ კორპორაციულმა პასუხისმგებლობის კონცეფციამ ასევე საკმაოდ გრძელი გზა გაიარა, განვითარდა და შეივსო. დღესდღეობით კორპორაციული პასუხისმგებლობა გაიაზრება მდგრადი განვითარების კონცეფციასთან მჭიდრო კავშირში, კერძოდ კი, როგორც ბიზნესის წვლილი მდგრად განვითარებაში. თანამედროვე გაგებით, კორპორაციული პასუხისმგებლობა  არის ბიზნესის პასუხისმგებლობა  იმ ზეგავლენაზე, რომელსაც ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ახდენს ბუნებრივ გარემოზე, ეკონომიკურ სისტემებსა და ადამიანებზე, ანუ საკუთარ თანამშრომლებზე, მომხმარებლებზე, მომწოდებლებზე, პარტნიორებზე, ადგილობრივ თემებსა და, ზოგადად, საზოგადოებაზე; ეს არის ბიზნესის კეთილი ნება დააკმაყოფილოს პასუხისმგებელი საქმიანობის მაღალი საერთაშორისო სტანდარტები, იმოქმედოს ეთიკურად და დადებითი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.

ავტორი: ლელა ხოფერია

უკან დაბრუნება