CSR ბლოგი

ირაკლი კაკაბაძე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ

ირაკლი კაკაბაძე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ

24/05/2018

საინტერესო თემაზე დამაფიქრა ჩემმა მეგობარმა, როდესაც შემომთავაზა დამეწერა ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. ახლა ვზივარ ავტობუსში ლიმერიკი – დუბლინი და ვიწყებ წერას! დაახლოებით ორი საათი მაქვს.

თემა: CSR(Corporate Social Responsibility) ანუ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.

რა არის ეს?! ეს არის კომპანიის კეთილი ნება და ეთიკური მოქმედება, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ქვეყანაში არსებული სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში თუნდაც პატარა წვლილის შეტანა. (ვენაცვალე google-ს). 

მას შემდეგ რაც შემომთავაზეს ამ თემაზე დამეწერა, ბუნებრივია გამიჩნდა კითხვა რა შუაში ვარ ამ ყველაფერთან მე, ირაკლი კაკაბაძე ? (სცენარისტი, წამყვანი, პროდიუსერი, და ა.შ.).

ბევრი ლაპარაკისა და ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ მხოლოდ კომპანიები არ უნდა იღებდნენ სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობას. ჩვენ, პროფესიონალები რომლებიც სხვადასხვა სექტორში ვქმნით ახალს და საინტერესოს, აუცილებელია გავაანალიზოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გარემოსა და საზოგადოების წინაშე და ვიმოქმედოთ ეთიკურად.

მაგალითისთვის განვიხილავ თავის დროზე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სერიალს “შუა ქალაქი”. ამ სერიალის პოპულარობა უზომოდ დიდი იყო, სერიალში გამოყენებულ სიუჟეტებს, ფრაზებს და რეპლიკებს ხალხი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხმარობდა. თავიდან რა თქმა უნდა ამას როგორც ავტორი დიდ ყურადღებას არ აქცევ და უბრალოდ გსიამოვნებს შენს მიერ მოფიქრებულ ხუმრობას მთელი ერი ერთხმად რომ იტაცებს, თუმცა დროთა განმავლობაში იძაბები, ფიქრდები და ფრთხილობ ყოველი ახალი ხუმრობის მოფიქრების დროს. ალბათ უფრო ქვეცნობიერად! ამას როგორ მიიღებენ, სხვანაირად არ გაიგონ და ა.შ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ამ მდგომარეობას ასე თუ ისე შეეჩვევი, ნელ-ნელა იწყება ძალაუფლების შეგრძნება. გრძნობ, რომ ერთი ფრაზით ან მოქმედებით შეგიძლია გავლენა გქონდეს ვინმეზე ან რამეზე. პირველი ეტაპი ალბათ არის შენი საუკეთესო მეგობრის სახელის ან ზედმეტსახელის მინიჭება რომელიმე გმირზე. ეთერში გასვლისთანავე გირეკავენ მეგობრები, რა მაგარი იყო, საიდან მოგაფიქრდა?! გირეკავს მეგობარი რომელიც “ბულინგის” ობიექტი იყო და ვითომ ნაწყენი – “ეს რა გამიკეთე, მთელი სამსახური მეკაიფება”.

მომდევნო და ალბათ ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია, როდესაც გადადიხარ შენს გარშემო პრობლემების, მოვლენების, აქტუალური თემების ინტეგრირებაზე შენს საქმეში. აქ უკვე ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო,

რადგან თავიდან სანამ გამოცდილება დაგიგროვდება ძალზედ რთულია დაიცვა ოქროს შუალედი და არავის აწყენინო. ჩემთვის მნიშნელოვანია საჭირბოროტო საკითხები მივიტანო მაყურებლამდე ისე, რომ არავის ეწყინოს და თან დააფიქროს.  (არც მწვადი დაწვა და არც შამფური).

როდესაც საქმე გვაქვს საზოგადოებისთვის მნიშნელოვან და სენსიტიურ საკითხებთან, ამ დროს შენი აზრის დაფიქსირების საუკეთესო საშუალება მაინც იუმორია. იუმორში რა თქმა უნდა ჯანსაღ იუმორს ვგულისხმობ და არა დამცინავ-დამრიგებლობითს.

ეს არის ფორმა რომლითაც ისეთ ტაბუდადებულ თემებზეც კი როგორიც პირადი ცხოვრება ან რელიგია, შესაძლებელი აზრის გამოთქმა ისე რომ ეს ყველასთვის მისაღები იყოს.

ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად შემიძლია TV11-ის არხზე გასული, Club11- ის სკეჩი დაგილინკოთ. სავარაუდოდ ნანახი უნდა გქონდეთ თუ არა და დიდი სიამოვნება გელოდებათ.

და ბოლოს, რა მასწავლა დღევანდელმა ბლოგმა ?

ამ ბლოგისთვის მაგელითებს როცა ვეძებდი, ბევრი ისეთი ხუმრობა და სკეტჩი შემხვდა რაც უკვე დავიწყებული მქონდა. ბლოგის შინაარსიდან გამომდინარე სიმართლე გითხრათ ცოტა სხვა თვალით შევხედე. ზოგიერთი არ მომეწონა, ზოგი კარგია მაგრამ უკვე ძველი, ზოგი სასაცილო მაგრამ არაფრის მთქმელი თუმცა არის ისეთებიც, რომლებზე ეხლაც ავტობუსში ყველას გასაგონად ხმამაღლა ძალიან ბევრი ვიცინე. ალბათ სწორედ ესეთი უნდა იყოს სერიოზულ პრობლემაზე გაკეთებული ხუმრობა: სასაცილო, უბოროტო, ყოველთვის აქტუალური და დამაფიქრებელი.

P.S. ძებნის დროს გადავეყარე და რომ არ ჩამეგდო თავს ვერ ვაპატიებდი! ამ თემის საუკეთესო მაგალითია! მხოლოდ ერთ-ერთ სერიას დაგილინკავთ დანარჩენი თქვენ მიყევით!

P.S.S. და ბოლოს, ჩემი აზრით მთავარია ყველამ (როგორც ბიზნესმა, ასევე ინდივიდებმა) ჩვენი საქმე ეთიკურად ვაკეთოთ და გავითვალისწინოთ საზოგადოების ინტერესები, დავფიქრდეთ რაზე გვაქვს ზეგავლენა და სწორი მიმართულება მივცეთ მას.

უკან დაბრუნება