26/07/2018
ეგეთი ამბავი იყო:
ქალმა შვილი შემოიყვანა უნივერმაღში, აი, ახლანდელი გალერია თბილისის ადგილას რომ უნივერმაღი იყო, სწორედ მანდ, მაშინ იქნებოდა ზუსტად 1996 წელი. ქალს ეცვა მწვანე ჟაკეტი და ნაცრისფერი როლინგი, ბიჭუნას – ფართო, ნაქსოვი სვიტერი, გახუნებული ჯინსის შარვალი და გაცრეცილი ფეხსაცმელები. ეცვათ ღარიბულად, მაგრამ სუფთად. სექციებს შორის დადიოდნენ, ბიჭი ყველაფერს ინტერესით ათვალიერებდა, ქალი ერთი-ორგან გამყიდველებს გაესაუბრა, თუმცა ისე, უგულოდ. სათამაშოების სექციასთან შეჩერდნენ, ბიჭმა იქვე დახლზე დადებული პატარა ავტომობილით დაიწყო თამაში, გააგორ-გამოაგორა. „მოგწონს, დედიკო?“ – იკითხა ქალმა. ბიჭმა დედას ახედა, თამაში შეწყვიტა, მანქანა საწყის ადგილას დააბრუნა, გაჩუმდა და დაფიქრდა. „რა ღირს?“ – იკითხა ქალმა. უთხრეს ფასი. ქალი უხერხულად შეიშმუშნა და ბიჭს მძიმედ გაუღიმა: „გიყიდი, თუ მოგწონს“. ბიჭმა კიდევ ერთხელ ახედა დედას, მერე მანქანას შეხედა და თავი გააქნია: „არაა, არ მომწონს“ – თქვა და სექციის გასასვლელისკენ გაბაჯბაჯდა – „ფოტო ხო გადავიღეთ უკვე, წავიდეთ ეხლა, დავიღალე რა ამ მაღაზიებში“.
ქალმა თავი ჩახარა და გაყვა.
„ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ“ – მითხრა ერთხელ ტაქსის მძღოლმა, რომელმაც შუქნიშანზე სამათხოვროდ მოსულ ბიჭუნას ხურდების ნაცვლად ერთი ცალი ვაშლი მისცა, – „მთელი ქსელი აქვთ, აი, ფულს რო აძლევ, ამას კი არ ხმარდება, მიაქვს და ვიღაცა ზის თავში, იმას აბარებს, ის კიდე მერე იქიდან ჰა-ჰა 10 კაპიკს, 20 კაპიკს თუ მისცემს, რჩება მშიერი ეს საწყალი“. პარკით ვაშლები დამაქვსო, მიყვებოდა მერე, დღეში ერთ 10 ცალ ვაშლს მაინც ვარიგებ ასე სათითაოდ, რო ერთი ვაშლი მაინც შეჭამონო, ეგ ნაღდად მაგათ რჩებათ, ფული კიდე არაო, და კიდე გაიმეორა, ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენო.
ეხლა, ამ ლირიკიდან საქმეზე რომ გადავერთო, უნდა ვამბობდე, რომ სახელმწიფო სოლიდარობაზე დაფუძნებული ცნებაა და სამოქალაქო საზოგადოებაც, შესაბამისად, ვერასოდეს განვითარდება თუკი სოლიდარობისა და მისი წილი სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება არ ექნება, უნდა ვამბობდე, როგორი მნიშვნელოვანია ერთმანეთს ვანვითარებდეთ ერთმანეთისავე მხარდაჭერითა და გვერდში დგომით, უნდა ვამატებდე, რომ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა იმათ უნდა ჰქონდეთ, ვისაც შეუძლია, ცალ-ცალად თუ ჯგუფ-ჯგუფად, ინდივიდებსა თუ მსხვილ კომპანიებს, კლუბებსა თუ კონგლომერატებს, სოციალურ პასუხისმგებლობაზე დამყარებული სოლიდარული სისტემა კიდევ ჯანსაღ საზოგადოებას ქმნის, რომლის თითოეული წევრიც ისევ იმ პასუხისმგებლიანი დონორის საკეთილდღეოდ იღწვის-მეთქი, უნდა ვამბობდე და კიდევ, შეიძლება, დასკვნის სახით აღვნიშნავდე, რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისევ იმავე კომპანიებსა და სხვა სუბიექტებს აწყობთ მომხმარებლის ლოიალურობის, საყოველთაო იმიჯის ჩამოყალიბებისა თუ სოციუმზე დადებითი ზეგავლენის მოხდენის მიზნით, თავის თავზე იღებდნენ სოციალურ პასუხისმგებლობებს და მოხალისეობრივი აღტკინებით ზრუნავდნენ იმაზედ, რომ ბავშვები არ შიმშილობდნენ, დედებს კი არ რცხვენოდეთ საკუთარი სიღარიბისა და კიდევ ათასი სხვა მაგალითი და ა.შ. თუმცა ამ ყველაფერს აქ და ახლა არ ვამბობ, ჩვენ ხომ ეს ყველაფერი ისედაც კარგად გვესმის, ვაანალიზებთ და შესაბამისად ვიქცევით კიდეც. ხომ ასეა?
ადრე მოსმენილი მაგალითია: არის ქვეყნებიო, გარკვეული ეკონომიკური სისტემებითა და პოლიტიკური თავისებურებებით, რომლებშიც მამა-შვილი ქუჩაში რომ მათხოვარს გადააწყდებიან, მამა ჭკუას არიგებს შვილს, აი, შეხედე ამ მათხოვარს და ბევრი ისწავლე, რომ მისნაირად არ მოგიწიოს მათხოვრობაო. არის კიდევ ისეთი ქვეყნებიც, ასევე გარკვეული ეკონომიკური სისტემებითა და პოლიტიკური თავისებურებებით, რომლებშიც მამა-შვილი ქუჩაში რომ მათხოვარს გადააწყდებიან, მამა ჭკუას არიგებს შვილს, აი, შეხედე ამ მათხოვარს და ბევრი ისწავლე, რომ იზრუნო ჩვენს ქვეყანაში მათხოვრობის აღმოფხვრაზეო. ეხლა ჩვენ რომელი გვინდა და მოგვწონს, ჩვენი საქმე იყოს, მაგრამ იმას მაინც გავუსწოროთ თვალი, თუ რა მასშტაბის სიღარიბესა და შიმშილს აქვს ბინა ამ ჩვენს გვერდით ქუჩებსა და მოედნებზე, სოფლებსა და ქალაქებში, იქით თუ აქეთ. ჰოდა, ვინც უკვე ბევრი ისწავლა – თქვენით აირჩიეთ რომელი მხარე მოგწონთ, ავერსი თუ რევერსი.
ამეებზე რომ გეამბებით, უამრავი მაგალითების მოყვანა მინდა, მაგრამ ზედმეთი პათეტიკის შიშისა თუ თავის მობეზრების არსურვილის გამო, თავს ვიკავებ. ყველამ თავის მაგალითებს მიხედოს. მე კი მინდა, რომ ერთ დღეს ისეთ დუნიაზე გავიღვიძო, ბავშვები აღარ შიმშილობდნენ და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანთა რიცხვი ნულს უტოლდებოდეს, განა ის რომ ყველა მდიდრები ვიყოთ, ლომი ცხვართან ძოვდეს და ჰაერში სასწაულების სუნი ტრიალებდეს, არა, მხოლოდ ის, ბავშვს პური ჰქონდეს და დიდს სითბო, არგასაყინად და გასაზიარებლადაც. მანამდე კი, ის, რომ ერთი ბავშვი მაინც მშიერია აქ, ჩემი ბრალია. არა, ეს იმას არ გულისხმობს, ჯიბიდან ფულის ამოღებას ვძუნწობდე და ვკრიჟანობდე, ასეთი ინდივიდუალური სიკეთეები მრავლადაა გარშემო და მაგაზე არ ვამბობ. ეგ არაა გარდამტეხი. მთავარი სისტემურად ბრძოლაა, არამხოლოდ სახელმწიფოს მიერ, თუმცაღა კია ეს მთავარი და მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ სისტემურობაში საზოგადოებას და სოციალურ პასუხისმგებლობას ვგულისხმობ, ისეთს, ძლიერნი ამა ქვეყნისანი რომ მარტივად გაართმევენ თავს. სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც ექნებათ ბანკებსა თუ დიდ ბიზნეს-ჰოლდინგებს, და თუნდაც კიდე ტაქსის მძღოლებსა თუ იმავე მძღოლების მგზავრებს, კარგი, ეგაც იყოს.
სიტყვა გამიგრძელდა, თან ისე, გრძელისიტყვამოკლედითქმისის სიბრძნეს უკვე ათჯერ ავუარ-ჩამოვუარე. თან თითქოს ვერც ვერაფერი ვთქვი ახალი, მაგრამ ეს კი ვიცი, სანამ ჩვენს თვალსაწიერში მშიერი ბავშვები გადარჩენისთვის იბრძვიან, სანამ სისტემური სოლიდარობის შეგრძნება არ არსებობს, ჩვენ საზოგადოება არ ვართ, არამედ უფრო თვითმარქვიათა დრამწრე, სხვადასხვა როლებით. ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ.
ჰო, მართლა, დღემდე დედასთან გადაღებულ ერთ ფოტოს ვინახავ. ფოტოზე დედაჩემს მწვანე ჟაკეტი და ნაცრისფერი როლინგი აცვია, მე – ფართო, ნაქსოვი სვიტერი, გახუნებული ჯინსის შარვალი და გაცრეცილი ფეხსაცმელები..