07/09/2018
არაჩვეულებრივი კამპანია წამოვიწყეთ – „ახალი ხილი“. ჩვენობით იმიტომ ვსაუბრობ, რომ ყველა ჩემიანია ვინც კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, დარგის პოპულარიზაციაზე, ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვაზე ზრუნავს, თორემ კამპანიასთან საერთო მხოლოდ ის მაქვს რომ პერიოდულად დავწერ ხოლმე ბლოგს აღნიშნულ თემაზე.
ჩვენ, ხშირად ვუფრთხით სიახლეებს, გვეშინია, ძველი გვირჩევნია, რადგან ძველი უკვე გამოცდილია და შედეგებიც მოუტანია. სიახლეს კი ბევრი რისკი აქვს და არავინ იცის რას მოგვიტანს საბოლოო ჯამში.
არადა, თაობები მოდიან და მათ სწორედ რომ სიახლეები სჭირდებათ. ისინი სხვანაირად ფიქრობენ და თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე მომხარებელი კორპორაციებსაც „აიძულებს“ სიახლეები დანერგონ და სარგებელი მოუტანონ გარემოს.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულებაა გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება. დღეს, მე სწორედ ამაზე ვისაუბრებ.
თანამედროვე ადამიანს სჭირდება ენერგია-საკვები, საწვავი, დენი. დედამიწაზე მცხოვრებ მილიარდობით ადამიანს კი კიდევ უფრო მეტი ენერგია სჭირდება. ამ ენერგიის მიღების სხვადასხვა ხერხები კი მნიშვნელოვნად უცვლის დედამიწას სახეს.
კლიმატის ცვლილება გლობალური ტემპერატურის მატებასთანაა დაკავშირებული და გამოწვეულია დედამიწის ატმოსფეროში ზოგიერთი გაზის გადამეტებული კონცენტრაციით, რაც ხელს უშლის დედამიწიდან ზედმეტი სითბოს არეკვლას.
გლობალური კლიმატის ცვლილება სამეწარმეო საქმიანობითაა გამოწვეული და ინდუსტრიალიზაციას უკავშირდება.
კლიმატის ცვლილებებისას დნება მყინვარები მთებზე, ილევა ყინულის ფენები ოკეანეში, იმატებს გვალვები, ცუნამები, ქარიშხალი. იზრდება ადამიანთა დაავადებების რისკი, ვრცელდება ეპიდემიები. სწორედ ეს მოვლენები ცვლიან ეკოსისტემას. სწორედ ამიტომ აუცილებელია პრობლემების მოგვარება. ამ პრობლემების მოგვარება, სწორედ ჩვენ, ადამიანებმა და განსაკუთრებით ინდუსტრიებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე. რადგან ადამიანი თავისი საქმიანობით ახდენს გავლენას გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდაზე.
დიახ, ეს არ არის მხოლოდ კორპორაციების „გამოსასწორებელი“, არამედ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობისთვის გარემოს დაცვისთვის და კლიმატის ცვლილებაზე ზეგავლენის შესამცირებლად 7 პუნქტი ჩამოვაყალიბე, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:
1. შეეცადე ნაკლები ელექტრო ენერგია გამოიყენო. სანამ კარგად არ დაბნელდება, მანამდე ნათურა არ ჩართო.
დიახ, ძალიან კარგად მესმის რომ ეს პუნქტები არც თუ ისე მარტივად შესასრულებელია, მაგრამ შეგიძლია პირველი პუნქტით დაიწყო და ის დაიცვა, ერთი თვის განმავლობაში. ასე ნელ-ნელა გაზარდო საკუთარი თავი ყველა პუნქტების შესასრულებლად.
მერე თავად გაგიჩნდება საკუთარი ეთიკისა და პასუხისმგებლობის პუნქტები. მერე გაგიჩნდება სურვილი, რომ სხვამაც დაიცვას აღნიშნული პუნქტები, მერე შენი სურვილი გახდება ისეთი დიდი, რომ მოგინდება იმ სხვასაც გაუჩნდეს საკუთარი პუნქტები..
მერე დამეგობრდები მხოლოდ ისეთ ადამიანებთან, ვისთანაც საერთო ინტერესებს დაინახავ, მერე ბევრნი გავხდებით და ერთად მოვინდომებთ გარემოს გადარჩენას.
ერთად „ვაიძულებთ“ კორპორაციებს, გნებავთ ბიზნესს, რომ შექმნან უკეთესი პირობები, იფიქრონ მდგრად განვითარებაზე, იზრუნონ საზოგადოების კეთილდღეობაზე და თავადაც გაზარდონ შემოსავალი ლოიალური მომხმარებლების ყოლის ხარჯზე.
დიახ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ახალი ხილია, მაგრამ მალე დასაგემოვნებელი. ის იმდენად გემრიელია, რომ ერთხელ გაბედვაა საჭირო, თორემ მერე ვეღარც კი მოეშვები.
ხატია ლილი ალფაიძე