CSR ბლოგი

ნიკო ნერგაძე: "მიყვარს, როცა თანამშრომლებზე ზრუნავენ"

ნიკო ნერგაძე: "მიყვარს, როცა თანამშრომლებზე ზრუნავენ"

25/01/2019

მიყვარს, როცა თანამშრომლებზე ზრუნავენ.

რაც წამიკითხავს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბევრ სხვადასხვა რამეში შეიძლება რომ გამოვლინდეს. თემის განვითარების ხელშეწყობაც მაგარია და გარემოზე ზრუნვაც, მაგრამ ყველაზე უფრო ის მაგალითები მომეწონა, როდესაც კომპანია აუცილებელზე ბევრად მეტს აკეთებს საკუთარი თანამშრომლების მხარდასაჭერად.

ამ მაგალითებს სხვადასხვა საიტებზე ყოველთვის წინ უძღვის ხოლმე ვრცელი ახსნა, თუ საბოლოოდ როგორი მომგებიანია ეს თავად კომპანიისთვის, როგორ უკეთ შეძლებს კარგი კადრების შენარჩუნებას და მეტ ადამიანს მოუნდება მათთან მუშაობა. ეგ, ალბათ, ეგრეცაა მაგრამ მაგეებს წაკითხვისთანავე ვივიწყებ და ვცდილობ თავი დავაჯერო, რომ კომპანიები უბრალოდ ჯიგრები არიან და მართლა უნდათ, რომ თანამშრომლებმა თავი კარგად იგრძნონ.

აი, ყველაზე უფრო რეები მომეწონა:

  1. მოხალისეობის წახალისება

კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე რაც წამიკითხავს, ეს ერთ-ერთ პირველ ადგილზე წერია ყველგან. სხვადასხვა კომპანიაში სხვადასხვა სახე აქვს, მაგრამ, როგორც მივხვდი, ძირითადი არსია, რომ კომპანია დროდადრო, სამუშაო დროის მოხალისეობაზე დახარჯვის საშუალებას გაძლევს.

„დისნეი“ ყოფილა ამით ცნობილი. ყველაზე უფრო მომეწონა „დისნეის“ სამხრეთი კალიფორნიის ოფისების იურისტების ინიციატივა – ისინი უფასოდ ეხმარებოდნენ უდედმამო ბავშვებს გაშვილების ამბების მოგვარებაში და საბოლოოდ ორასზე მეტი პატარა დააკავშირეს ოჯახებს. მთლად კარგად ვერ გავიგე, ზუსტად რა გააკეთეს, მაგრამ ფოტოები ვნახე – ეს ბავშვები და მათი ახალი ოჯახები „დისნეილენდში“ დაპატიჟეს და იურისტებიც იქ იყვნენ და ყველანი ბედნიერი ჩანდნენ. თურმე შენ თანამშრომლებს თუ აძლევ საშუალებას სამუშაო დროს, თუნდაც თვეში ერთი დღე, იმუშაონ სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე უფასოდ ამ მიდგომას პრო ბონო ეწოდება. ანუ დამსაქმებელი უხდის დასაქმებულს ხელფასს ჩვეულებრივად და ის აკეთებს საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეს. რა ჯობია ეხლა ამას ?

„ქსეროქსიც“ წერს, 1974 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა 500 ათასმა თანამშრომელმა – სულ მთლად უფროსებიდან დაწყებული, პრაქტიკანტებით დამთავრებული – მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებშიო. ალბათ ბევრი კარგი გააკეთეს, მაგრამ ცოტა კომუნისტური შაბათობები მომაგონა და ამიტომ „დისნეისა“ უფრო მომეწონა.

  1. მშობლების მხარდაჭერა

ზოგ ქვეყანაში ამ საკითხს კანონი არეგულირებს – რამდენი შვებულება ეკუთვნის მშობელს ბავშვის გაჩენის შემდეგ. ზოგან კი – მაგალითად, ამერიკაში, ეს ამბავი უფრო კომპანიების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამიტომაც, ყველაზე უფრო მომეწონა „ნეტფლიქსის“ ინიციატივა – ამ კომპანიის თანამშრომლებს 52 კვირიანი შვებულების აღება შეუძლიათ, რომლის დროსაც ხელფასი სრულად ერიცხებათ. თან, ეს მარტო დედას კი არა, მამასაც ეხება. კარგი ისაა, რომ ამ დროს როგორც გინდა ისე გამოიყენებ  თანამშრომელს შეუძლია მიბრუნდეს სამსახური, იმუშაოს და დარჩენილი შვებულება ცოტა ხნის შემდეგ აითვისოს.

ამ ამბავში „სპოტიფაიც“ ჯიგარია – ახალ მამებს და დედებს 24-კვირიანი შვებულების უფლება აქვთ, რომელსაც, ბავშვის დაბადებიდან 3 წლის განმავლობაში, როგორც უნდა ისე გადაინაწილებენ.

  1. ყველას დასაქმება

აი, დასაქმების მხრივ კი ყველაზე საინტერესოდ „გრეისტოუნ ბეიკერი“ მეჩვენა. ეს „დისნეისთან“ და „ნეტფლიქსთან“ შედარებით პატარა ორგანიზაციაა, რომელიც ნიუ იორკის შტატში აცხობს ტკბილეულს. იმისთვის, რომ მათთან მუშაობა დაიწყო, უბრალოდ უნდა მიხვიდე და ჩაეწერო. ანუ, არც სივი გჭირდება, არც სამოტივაციო წერილი და არც არავინ გამოწმებს – ნასამართლევი ხომ არ ხარ. უფრო სწორად – იყავი, თუ გინდა.

ერთადერთი ცუდი ისაა, რომ მუშაობას, როგორც წესი, მაშინვე ვერ დაიწყებ – ცოცხალი რიგია. ანუ, პროცედურა ასეთია – მიდიხარ, სიაში ეწერები, ნომერს ინიშნავენ და შემდეგ, ადგილი რომ განთავისუფლდება, რიგის მიხედვით უკავშირდებიან მსურველებს.

მსურველი კი ყოველთვის ბევრია – ბევრმა ისე გაიფუჭა საქმე და სახელი, რომ სამსახურში არსად აჰყავთ. „გრეისტოუნისთვის“ კი ეს სულერთია – საქმესაც გაძლევენ, ხელფასსაც ნორმალურს იხდიან და სხვადასხვა სასარგებლო საქმესაც გასწავლიან. 

ესენი მომეწონა. აბა, შენს თანამშრომლებს თუ კარგად არ ექცევი, სხვას რითი დაეხმარები?


ნიკო ნერგაძე

უკან დაბრუნება