CSR ბლოგი

თიბისი უკრაინის მხარდასაჭერად

თიბისი უკრაინის მხარდასაჭერად

22/02/2022

ომის დაწყების დღიდან, თიბისი ჯგუფმა უკრაინის დასახმარებლად არაერთ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი.

თიბისი უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად ანგარიშს ხსნის

უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად, ადგილობრივი გადარიცხვებისთვის, თიბისი ანგარიშს ხსნის.
ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, თიბისის ანგარიშზე, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, მარტივად ჩარიცხოს სასურველი თანხა და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე.
გუნდის სახელით, პირველ, 200 000 ლარის ოდენობის დონაციას თიბისი განახორციელებს.
შეგროვილი თანხა ყოველდღიურად გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ ანგარიშზე.
ლარის ანგარიშის ნომერი:
#GE68TB7318736080100007
მიმღები: ააიპ თიბისელები
დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი:
#GE80TB7318736180100001
მიმღები: NNLE TIBISELEBI.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თიბისის ინიციატივას ჯგუფში შემავალი ციფრული პლატფორმები უერთდებიან

თიბისი ჯგუფში შემავალი ციფრული პლატფორმების მენეჯმენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დადგეს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით.

მიღებული გადაწყვეტილებით, Mymarket.ge, Vendoo.ge და myhome.ge თიბისის საქველმოქმედო ფონდში გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხის 3%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩარიცხავენ. მომხმარებლების მიერ, უკვე 2022 წლის 5 მარტიდან შეძენილი პროდუქციის 3% დახმარების ფონდში, შემდეგ კი უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშზე გადაირიცხება.

ფულადი დახმარების გარდა, ციფრული პლატფორმები მომხმარებელს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის პროცესს გაუმარტივებს, რისთვისაც სპეციალურად შეიქმნა რამდენიმე ახალი სერვისი. თითოეული ამ მომსახურებით სარგებლობა უფასოა.

● Mymarket- ს დაემატა სპეციალური განცხადების ატვირთვის ფორმა. თუ მოქალაქე ჰუმანიტარული დახმარების ნივთების მიტანას უკრაინის საელჩოში ვერ ახერხებს, შეუძლია ნივთების შესახებ ინფორმაცია და მისამართი ვებ-გვერდზე ატვირთოს. Mymarket-ის კურიერი მას საელჩოში წაიღებს, რის შემდეგაც ნივთი სხვა ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად უკრაინაში გაიგზავნება.

● Vendoo-ზე შეიქმნა სპეციალური განყოფილება, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ნივთის შეძენა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. უკრაინის საელჩოში ნივთების ტრანსპორტირებას vendoo-ს გუნდი უზრუნველყოფს.

● Myhome-მა შექმნა სპეციალური პლატფორმა თავშესაფრის მაძიებელი უკრაინის მოქალაქეებისთვის – მათთვის, ვინც საქართველოში იმყოფება და არსებული ვითარები გამო ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. ვებ-გვერდზე შესაძლებელია ისეთი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, რომელიც გარკვეული ვადით უფასოდ დაეთმობათ უკრაინის მოქალაქეებს. ინფორმაციის ნახვა ერთ პლატფორმაზე, მარტივად იქნება შესაძლებელი.

„უკანასკნელმა დღეებმა გვაჩვენა, რომ ქართველ ხალხს შეუძლია უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატვა და გვერდში დგომა. გვჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინელი მეგობრების მდგომარეობის შემსუბუქებას შევძლებთ“, – გიორგი ჩუმაშვილი, თიბისი ეკოსისტემების გენერალური დირექტორი.

თიბისი გუნდის უკრაინელ წევრებს და მათ ოჯახებს დაეხმარება

“თიბისი” გუნდის უკრაინელ წევრებს და მათ ოჯახებს დაეხმარება. კომპანია შესაბამის განცხადებას ავრცელებს:

“უკრაინაში შექმნილი ვითარება თითოეული ქართველისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ჩვენთვის, გუნდის, როგორც ქართველი, ისე უცხოელი წევრების უსაფრთხოება და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია. მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენს უკრაინელ თიბისელებს და მათ ოჯახებს ფინანსურად დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ.

ჩვენი გუნდის 12 უკრაინელი წევრი კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში ცხოვრობს და დისტანციურად მუშაობს ქართველ კოლეგებთან ერთად. პანდემიის დაწყებიდან, თიბისის 8 ქვეყნიდან შემოუერთდნენ თანამშრომლები, მათ შორის დიდი ტექნოლოგიური გუნდი უკრაინიდან. ამ რთულ დროში, თანაგუნდელების გვერდში დგომა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ მათი მორალური და ფინანსური მხარდაჭერისთვის.

უკრაინელი თანამშრომლები ძირითადად ტექნოლოგიური პროექტების აღსრულებაში არიან ჩართულები, ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა – შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, საკომუნიკაციო არხების დეველოპმენტი და სხვა მნიშვნელოვანი სისტემები.

გუნდის წევრები მხნედ არიან, ისინი ნამდვილად გმირები არიან. ბევრი მათგანი, საომარი სიტუაციის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ახერხებს სამუშაო პროცესში ჩართვას.

თიბისის მთავარი მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, რაც ამ რთულ დროში ჩვენი კიდევ უფრო საჭირო და ბუნებრივი სურვილია. დარწმუნებული ვართ, მშვიდობა მალე დაისადგურებს და არცერთ ადამიანს საფრთხე აღარ შეექმნება”, – ნათქვამია თიბისის განცხადებაში.

 


წყარო: WWW.BM.GE

უკან დაბრუნება