13/05/2022
Phubber – სამოსის და აქსესუარების გაყიდვების ქართული პლატფორმა უკრაინულ ბაზარზე ახალი პროექტით ბრუნდება, რომლითაც უკრაინელ ხალხსა და მწარმოებლებს დაეხმარება. ქართველ მომხმარებელს, მაისის თვიდან, Phubber-ში უკრაინელების მიერ წარმოებული სამოსისა და აქსესუარების შეძენა შეუძლია.
Phubber-ის აპლიკაციაში უკრაინული სექცია გაჩნდა. ამ განყოფილებაში შეძენილ სამოსსა და აქსესუარებს ქართველი მომხმარებელი გარკვეული დროის შედეგ მიიღებს.
ახალ პროექტს 3 სხვადასხვა მიმართულება აქვს და მოცემული მიმართულებით უკრაინელი მწარმოებლების, დიზაინერებისა და უბრალოდ ხალხის დახმარებას ცდილობს:
1. იყიდე უკრაინული, ანუ უკრაინული ბრენდის ან უკრაინელი დიზაინერის პროდუქტი;
2. იყიდე უკრაინელისგან – ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი უცხოური ბრენდის სამოსი ან ნივთი, თუმცა აუცილებლად უკრაინელი გამყიდველის მიერ იქნება შემოთავაზებული, რათა მათ დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს;
3. იყიდე უკრაინელისთვის – აპლიკაციას ექნება ჩამონათვალი, თუ რა სჭირდება უკრაინელ ხალხს. ამ საჭიროებებს თავად უკრაინელები მიუთითებენ. ქართველებს ამ პროდუქციის ყიდვა და Phubber-ის მეშვეობით ადგილზე მიწოდება შეეძლებათ. ამგვარად აპლიკაციის საშუალებით პირდაპირ უკრაინელ ხალხთან მოხდება მათთვის საჭირო თანხის და ნივთების მიტანა.
ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ საქართველოში მყოფ უკრაინელებს შეუძიათ, Phubber-ზე ნივთები საკომისიოს გარეშე გაყიდონ და დამატებითი შემოსავალი მიიღონ.