05/11/2020
14 მარტიდან მოყოლებული დღემდე, თვე-ნახევარზე მეტია, ,,ვარშავა ბარი“ თბილისში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა, ისევე როგორც ყველა მსგავსი ადგილი ქვეყანაში.
სახლში წავიდა ბარში დასაქმებული შვიდივე თანამშრომელი, მათ შორის მანო სვანიძეც, რომელიც უკვე მესამე წელია ამ ბარში მუშაობს.
როგორც მანო ამბობს, თვითიზოლაციაში მყოფ თანამშრომლებს თვის ბოლოს შეტყობინება მიუვიდათ მეპატრონისგან, რომ ბარის დაკეტვის მიუხედავად მიიღებდნენ ხელფასს. ბარის პოლონელმა მეპატრონემ, ანა მარია გაიდამ მას მისწერა, რომ როგორც დამსაქმებელი, თავს ვალდებულად გრძნობდა შემოსავლის გარეშე არ დაეტოვებინა თანამშრომლები.
„ეს პატარა ბარია, ფასები იაფია, ყველასთვის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით პოპულარულია პოლონელ ტურისტებში. გარემო ძალიან დადებითია და მუშაობის დროს ბევრს ვერთობით. დამსაქმებელი უსაგნო ღიმილს არ გვავალდებულებს. ,,ვარშავა“ ინტერნაციონალური ბარია და საქართველოს გარდა გვყავს ნიგერიელი, პოლონელი, ლიტველი და ბანგლადეშელი თანამშრომლები.
თუ კლიენტი უხეშობს, რასისტულ და ჰომოფობიურ კომენტარებს აკეთებს, შეგვიძლია საერთოდ არ მოვემსახუროთ და დაცვა გამოვიძახოთ“, – ამბობს მანო სვანიძე.
მისივე თქმით, ბარში არავის უკრძალავენ უსახლკაროებისთვის გამასპინძლებას – როცა ვინმე შემოდის და ითხოვს საკვებს, ბარმენს და მიმტანს შეუძლიათ რამით გამასპინძლება ისე, რომ ამისთვის მათ ხელფასიდან არ დაექვითებათ.
ბარ ,,ვარშავაში“ ძირითადად პოლონური სასმელების დასაგემოვნებლად დადიან. სტუმრებს შეუძლიათ ასევე პოლონური გაზეთებითა და ბიბლიოთეკით ისარგებლონ, შინაც წაიღონ წიგნები, მერე კი დააბრუნონ.
ორსართულიანი ბარის პირველ სართულზე სულ 3 მაგიდა დგას, ხშირად უკრავს დიჯეი და ცეკვაც შეიძლება. მეორე სართულზე სასმელებს უკვეთავენ.
როგორც ბარის მეპატრონე, ანა მარია გაიდა გვეუბნება, ხელფასს ბარის 7 თანამშრომელს საქართველოში ბარების გახსნამდე შეუნარჩუნებს.
„ეს ძალიან პატარა ბარია, ყველანი კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ექვსი წელია, რაც თბილისში ,,ვარშავა“ გავხსენი და ზოგი თანამშრომელი წლებია უკვე ჩვენთან მუშაობს, ერთი ოჯახივით ვართ. პოლონეთში, საიდანაც მე ვარ, სოციალური პასუხისმგებლობა სახელმწიფო დონეზე რეგულირდება. დასაქმებულები დამსაქმებლებთან დებენ კონტრაქტს, რაც მათ საშუალებას აძლევს, ისარგებლონ ჯანმრთელობისა და უმუშევრობის დაზღვევით: თუ ადამიანი სამსახურს კარგავს და უხელფასოდ რჩება, მას სახელმწიფო უხდის ხელფასის 80%-ს რამდენიმე თვის განმავლობაში. საქართველოში ასე არ ხდება, მაგრამ თანამშრომლების შემოსავლით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში, მიმაჩნია, რომ ჩემი, როგორც დამსაქმებლის მოვალეობაა, ამაში უჩვეულო არაფერია“, – ამბობს ბარის მეპატრონე.
,,ვარშავა ბარს“ 14 მარტის შემდეგ დაგეგმილი უამრავი საღამო და დაბადების დღე გაუუქმდა, მაგრამ როგორც ანა მარია ამბობს, მას ყოველთვის აქვს გადანახული ბარის ანგარიშზე ,,შავი დღისთვის“ დანაზოგი. სწორედ ამ დანაზოგით უხდის ის ხელფასს საქართველოში კარანტინის დასრულებამდე დასაქმებულებს.
წყარო: www.netgazeti.ge