CSR ბლოგი

"თეგეტა მწვანე ზონა - ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია "თეგეტა მოტორსის" თანამშრომლებისთვის

"თეგეტა მწვანე ზონა - ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია "თეგეტა მოტორსის" თანამშრომლებისთვის

30/09/2021

თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, „თეგეტა“ გუნდის წევრებს მოუწოდებს, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ. „თეგეტა მწვანე ზონა“ – კომპანიაში ამ სახელწოდებით მიმდინარეობს ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია.

„თეგეტა“ თანამშრომლების Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად მოტივაციისთვის, რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. 

მსურველებისთვის, კომპანია აორგანიზებს მასობრივ ვაქცინაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – რეგისტრაციისა და ვაქცინაციის კაბინეტებში ტრანსპორტირების უზრუნველყოფით.

ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გასაზრდელად, კომპანიის შიგნით მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია – „თეგეტას“ გუნდის წევრებს, ყოველდღიურად, ეგზავნებათ ცნობიერების ასამაღლებელი ინფორმაცია, სანდო წყაროებზე დაყრდნობით. კვირაში ერთხელ, იმართება შეხვედრა პროფესიონალებთან, ექიმებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან, რომლებიც „თეგეტელების“ კითხვებს პასუხობენ, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

საორგანიზაციო და საინფორმაციო ნაწილის გარდა, კომპანიაში წამახალისებელი საჩუქრები და აქტივობებიც აქვთ, პასუხისმგებლობიანი თანამშრომლებისთვის, მათთვის, ვისაც ვაქცინაციით პანდემიასთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეაქვს:

  • თანამშრომლები, რომლებიც 31 აგვისტომდე აიცრებიან, დამატებითი Day Off-ითა და ბრენდირებული ნივთებით დასაჩუქრდებიან
  • ასევე, პირველ 5 ფილიალსა და დეპარტამენტს, რომლის 80% აიცრება და გახდება მწვანე ზონა, კომპანია, აღიარების ნიშნად, პერსონალურ გასართობ ღონისძიებებს მოუწყობს
  • ყოველკვირეულად იმართება გათამაშება აცრილ თანამშრომლებს შორის, სადაც აქვთ შესაძლებლობა, ელექტრო სკუტერი მოიგონ
  • ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის იმართება შემეცნებითი აქტივობები – ფოტოგრაფიის მასტერკლასი, ლიტერატურული დისკუსიები, ქართველ ავტორებთან ერთად და შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

„ჩვენმა გუნდმა, პანდემიის პერიოდში, პროფესიონალიზმისა და საერთო საქმისადმი თავდადების მაგალითი აჩვენა. ახლა კი ვირუსის პრევენციის და ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად ვერთიანდებით.

მთავარი მიზანია, „თეგეტა“ გახდეს მწვანე ზონა – პირველი მასშტაბური კომპანია, სადაც თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა აცრილი იქნება. ჩვენთვის გუნდის წევრების, მათი ოჯახებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია. ვაქცინაციას კი, წესების დაცვასთან ერთად, უბრალოდ არ აქვს ალტერნატივა პანდემიის შესაჩერებლად“, – ამბობს ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა მოტორსის“ ფინანსური დირექტორი.

„თეგეტა მოტორსისთვის“ ვირუსის გავრცელების პრევენცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამისთვის, ვაქცინაციის წახალისების პარალელურად, კომპანიაში მკაცრად კონტროლდება უსაფრთხოების ნორმები. ამასთან, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი რგოლის თანამშრომლები, 2-კვირიანი როტაციით, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე არიან გადაყვანილები.


წყარო: www.marketer.ge

უკან დაბრუნება