26/07/2023
საქართველოში პრო ბონო ქსელთან თანამშრომლობით რიგით მეხუთე პრო ბონო მარათონი ჩაატარა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა.
2023 წლის პრო ბონო მარათონის თემა სამოქალაქო ორგანიზაციების წინაშე არსებულმა გამოწვევამ შეგვარჩევინა.
“საზოგადოება სათანადოდ არ იცნობს სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას. მსხვილ სამოქალაქო ორგანიზაციებსაც კი მეტწილად არ აქვთ საკმარისი რესურსები საკუთარი საქმიანობის სათანადო კომუნიკაციისთვის, მით უფრო მცირე, რეგიონულ ორგანიზაციებს ხშირად უჭირთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს აჩვენონ, თუ რას აკეთებენ, რა სარგებელი მოაქვთ ადამიანებისათვის და ქვეყნისთვის.
სწორედ ამ დანაკლისის შესავსებად დაიგეგმა წლევანდელი მარათონი, რათა პრო ბონო კომპანიების დახმარებით შექმნილიყო სამოქალაქო ორგანიზაციების საპრეზენტაციო ვიდეოები.
კომპანიებისთვის პრო ბონო მარათონში მონაწილეობა მათი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების ნაწილია - პრო ბონო სერვისები საშუალებას აძლევს სამოქალაქო ორგანიზაციებს მიიღონ კვალიფიციური საექსპერტო დახმარება, რომელზეც მათ, სხვა შემთხვევაში, ხელი არ მიუწვდებოდათ, ხოლო კომპანიების მხრიდან გაწეულ პრო ბონო სერვისებს ხშირად უფრო მდგრადი და მასშტაბური სოციალური ზეგავლენა აქვს, ვიდრე ფინანსურ ინვესტიციას.” ლელა ხოფერია - CSRDG-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელი.
წელს პრო ბონო მარათონში 8 კომპანიის 14 პრო ბონო კონსულტანტი მონაწილეობდა. მათ 10 საათის განმავლობაში იმუშავეს ოთხი სამოქალაქო ორგანიზაციის საპრეზენტაციო ვიდეო რგოლებზე.
მარათონის მსვლელობისას კომპანიებისა და ბენეფიციარი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, შთაბეჭდილებების გაზიარების მიზნით ჩავწერეთ ინტერვიუები. ამ ბლოგის მეშვეობით კი შევეცდებით გაგაცნოთ მათი მოსაზრებები.
ჩანს, რომ კომპანიების თანამშრომლებს კარგად აქვთ გააზრებული პრო ბონო საქმიანობის მნიშვნელობა. აღნიშნავენ, რომ განსხვავებულ საკითხებზე მუშაობით მათი კომპეტენციაც იზრდება, რაც რეალურად ორმხრივ სარგებელზე მიუთითებს.
„დიდი სიამოვნებით ჩავერთე პრო ბონო მარათონში. როცა გაქვს საშუალება, შენი ინტელექტუალური რესურსით დაეხმარო ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც მართლა კარგ საქმეს აკეთებენ, ძალიან კარგია. ვფიქრობ, საინტერესო გზა არის შემოთავაზებული იმისთვის, რომ კარგი საქმეები მარტივად ვაკეთოთ. პრო ბონო მარათონის შემდეგ სამოქალაქო ორგანიზაციას რჩება რესურსი, ვიდეოს სახით, ჩვენ, პრო ბონო კონსულტანტებს კი გამოცდილება, რომელიც სრულიად ახალ თემაზე მუშაობამ მოგვიტანა.“ მარიამ ჩხოლარია, თეგეტა ჰოლდინგის ექაუნთ მენეჯერი.
„პრო ბონო მარათონის იდეა ძალიან მომეწონა, მე და ჩემი მოსწავლეები მოხალისეობრივად ხშირად ვეხმარებით სხვადასხვა სტარტაპს ვიზუალური მასალის მომზადებაში. როგორც კი ამ მარათონში მონაწილეობა შემოგვთავაზეს, უყოყმანოდ დავთანხმდით, რადგან ზუსტად ვიცი - სამოქალაქო ორგანიზაციებს ეს რესურსი ძალიან დაეხმარებათ საკუთარი სერვისებისა თუ პროდუქტების სამიზნე აუდიტორიისთვის გაცნობაში.“ თინათინ ჯაბნიაშვილი, ციფრული ხედვის აკადემიის კრეატიული დირექტორი.
პრო ბონო ექსპერტიზითა და პროფესიული რესურსებით საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციების დახმარება ხელს უწყობს მათ გაძლიერებასა და განვითარებას.
„ის ექსპერტიზა და კომპეტენცია, რაც აქვს კერძო ბიზნესს, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. საჭიროა ყველამ პატარა აგური დავდოთ საერთო სიკეთისთვის, რომელსაც, რეალურად, უკეთესი ქვეყნისკენ, გარემოსკენ, საზოგადოებისკენ მივყავართ.“ ნინო კალანდია. ეისითის მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ლიდი.
„რადგანაც შეზღუდულია სამოქალაქო ორგანიზაციების რესურსები, ინფორმაციის გავრცელებაში ხელშეწყობა მათთვის დიდი მხარდაჭერაა. გვიხარია რომ თიბისის შუძლია ამ კუთხით დახმარება და ასე გავაგრძელებთ.“ - ელენე ოდიკაძე. თიბისის ბრენდ მენეჯერი.
სექტორთა თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის. პრო ბონო მარათონი კი თავისი იდეით ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
„ევროპული კომპანიები საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარს უჭერენ ჩვენნაირ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ შშმ პირებთან, ცდილობენ ბენეფიციართა დასაქმებას, უწევენ მათ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას. ამ პრაქტიკის გაზიარება ჩვენთანაც საჭიროა. გვიხარია, რომ მარათონის მეშვეობით და ზოგადად. პრო ბონო პროგრამის მხარდაჭერით სექტორთა შორის თანამშრომლობა ნელ-ნელა ვითარდება.“ - ჟანა ფერაძე სამოქალაქო ორგანიზაცია ორიონი, დირექტორი.
„ძალიან სასიხარულოა, როცა ხედავ როგორ ზრუნავენ თითქმის უცხო ადამიანები შენი ორგანიზაციის განვითარებაზე და დავინახე ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც, ჩვენს შემთხვევაში, თიბისის და მოუშენ დიზაინერის, სანდრო შარაშიძის დამსახურებაა.
ძალიან კარგი პრეცედენტია როცა მარათონის ფორმატში ბიზნესები ეხმარებიან სამოქალაქო ორგანიზაციებს. – მარიამ გოგავა, სამოქალაქო ორგანიზაცია კომლი, დირექტორი.
„პრო ბონო მარათონში მონაწილეობა საინტერესო გამოცდილებაა. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით. მარათონის ფარგლებში მომზადებული ვიდეოს მეშვეობით საშუალება გვეძლევა ჩვენი გზავნილები ეფექტურად მივიტანოთ საზოგადოებამდე.“ მერი თინიკაშვილი, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე, ადმინისტრაციის მენეჯერი.
მოგეხსენებათ, მარათონის ფორმატი მუშაობის განსხვავებულ სტილს მოითხოვს. სხვადასხვა კომპანიებისგან შემდგარი პროფესიონალთა გუნდები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობენ ბენეფიციარი სამოქალაქო ორგანიზაციების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
პრო ბონო მარათონის მონაწილეებს ვთხოვეთ გაეზიარებინათ ინფორმაცია სამუშაო პროცესზე. ესაუბრათ არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე.
მათი აზრით, მარათონის ფარგლებში სამუშაო პროცესი ყოველდღიური საქმიანობისაგან განსხვავებით, უფრო შემოქმედებით მიდგომას საჭიროებს. მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე გუნდის წევრებთან მუშაობა კი განსაკუთრებით სასიამოვნოა.
„თავიდან ცოტა არ იყოს შემეშინდა, როცა დროის მოკლე მონაკვეთში უნდა აწყობილიყო ეს ვიდეო, რადგან ჩემი პირადი გამოცდილებით, კომპანიის შიგნითაც კი, ჰარმონიულად შეთანხმებულ გუნდშიც რთულია ხანდახან მუშაობა. ამ შემთხვევაში კი სამუშაო გუნდის წევრებს პირველად შევხვდი, არ ვიცოდი რამდენად გამოვიდოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ბენეფიციარი ორგანიზაციისა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გუნდური მუშაობით მივაღწიეთ მიზანს.“ თინათინ გოგბერაშვილი, ჯიპიაი ჰოლდინგი, ციფრული მარკეტერი.
„პირველად ვერთვები პრო ბონო პროექტში. საინტერესოა ჩვენი ბენეფიციარი ორგანიზაციის საქმიანობის სფერო. საკმაოდ სენსიტიურ თემაზე მოგვიწია მუშაობა. მნიშვნელოვანია სწორად იყოს ადამიანებთან მიტანილი მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. არაჩვეულებრივი გუნდი შემხვდა, მრავალფეროვანი გამოცდილებით და ნამდვილად საინტერესო იყო მუშაობის პროცესიც. მიხარია, რომ ალდაგი მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს პასუხისმგებელ ინიციატივებს და მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა აღნიშნულის მონაწილე ვყოფილიყავი.“ სალომე აბუაშვილი, ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
„რასაც ვხედავ, ყველა ძალიან ჩართულია სამუშაო პროცესში. თანაც დროში არიან შეზღუდულები, რაც ერთგვარი გამოწვევაა. ჩვენმა გუნდმა, ვფიქრობ, კარგი გამოცდილება მიიღო - მიუხედავად იმისა, რომ ხშირად რამდენიმე კლიენტთან ერთდროულად უწევთ მუშაობა, მარათონის ფორმატი მაინც სხვაგვარია. ჩვენი პირველი მარათონია, შესაბამისად, ბევრ რამეს ვსწავლობთ. ვისურვებდი მეტი კომპანიის დაინტერესებას მარათონით, რადგან მეორე მხარესაც უფრო მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია გამოიყენებდა ამ რესურსს და უკეთ წარმოაჩენდა თავის საქმიანობას.“ ნათია მელთაური - სააჩი&სააჩი, ბიზნესის განვითარების მენეჯერი.
გვიხარია, რომ წლევანდელი მარათონის მთავარ მიზანს სწორედ საქართველოში არსებული პასუხისმგებელი კომპანიების მხარდაჭერით მივაღწიეთ. მათი მეშვეობით ოთხ სამოქალაქო ორგანიზაციას თავისი საქმიანობის ეფექტურად წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცა. 2023 წლის მარათონის მონაწილე კომპანიებსა და ბენეფიციარ სამოქალაქო ორგანიზაციებზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ყოველწლიურად იზრდება პრო ბონო ქსელის წევრი კომპანიებისა და პარტნიორების რიცხვი, უფრო მეტად იაზრებენ პრო ბონო ექსპერტიზის როლს და თანამშრომელთა პროფესიული რესურსების საზოგადოების სასიკეთოდ გამოყენების მნიშვნელობას.
დღეისათვის საქართველოს პრო ბონო ქსელი აერთიანებს 28 ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიას.
ქსელის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე - https://probonogeorgia.ge
2023 წლის პრო ბონო მარათონის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.