11/12/2023
„კროკსი“ მოდის ინდუსტრიის წინაშე არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების საპასუხოდ ერთგულ მომხმარებლებს ნებისმიერ მდგომარეობაში არსებული ძველი ფეხსაცმლის დაბრუნებისაკენ მოუწოდებს.
კომპანიამ საცდელი პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს 10 შტატის 50-მდე მაღაზიაში (კოლორადო, ჯორჯია, ილინოისი, მიჩიგანი, მასაჩუსეტსი, მინესოტა, ოჰაიო, პენსილვანია, ვირჯინია და ვისკონსინი) შექმნა შემგროვებელი ურნები, რაც მომხმარებელს გაუადვილებს პროდუქციის ჩაბარებას.
ინდუსტრიის სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად დაახლოებით 22 მილიარდი წყვილი ფეხსაცმელი იყრება, ხოლო დაახლოებით იგივე რაოდენობა იწარმოება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მოდის და ტანსაცმლის სექტორი ყოველწლიურად განაპირობებს სათბურის აირების ემისიების დაახლოებით 8 პროცენტს.
დაიანა ბრატერის, კროკსის მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელის აზრით, ამ ინიციატივის დახმარებით კომპანიას, თავის ერთგულ მომხმარებლებთან ერთად, შეუძლია ნარჩენების შემცირება, მასალის ხელახლა გამოყენება, ფეხსაცმელების ნაგავსაყრელიდან დახსნა და უბრალოდ ადამიანების დახმარება.
„კროკსი“ ნებისმიერ მდგომარეობაში არსებულ ფეხსაცმელებს მიიღებს, თუმცა ჩაბარებული პროდუქციის განაწილება მოხდება ორგვარად. შედარებით მოვლილი ფეხსაცმელები გაეგზავნება „Soles4Souls“-ს, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს მეორადი ტანსაცმლის ბიზნესში მოღვაწე მეწარმეებთან.
დაზიანებული ფეხსაცმელები კი ბრუნდება „კროკსის“ საწარმოში, სადაც პროდუქტის დიზაინერები ჩაატარებენ ექსპერიმენტებს მასალების ხელახლა გამოყენების გზების აღმოსაჩენად.
აღნიშნული პრაქტიკა ნელ-ნელა დაინერგება „კროკსის“ საერთაშორისო ფილიალებშიც, თუმცა თავდაპირველად, პროდუქტის ტრანსპორტირება და ექსპერიმენტების ჩატარება აშშ-ში უფრო ხელსაყრელია.
ამ დროისთვის „კროკსის“ პროდუქციისათვის მასალის დიდი წილი (81% -ზე მეტი) არის „Croslite“, რომელიც მიიღება ძირითადად წიაღისეული საწვავისგან. „Croslite“ პასუხისმგებელია „კროკსის“ სათბურის აირების გაფრქვევების 35-40 პროცენტზე. შესაბამისად საწარმოო პროცესში ამ ნივთიერების გამოყენების შემცირება მდგრადობის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია.
„კროკსმა“ აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის მოიპოვოს Croslite-ის 50 % ბიოლოგიური მასალებისგან - ქაღალდის ქარხნების ქვეპროდუქტებისა და სამზარეულოს ნარჩენი ზეთებისაგან.
წყარო: