21/12/2023
აღნიშნულ თემაზე ბლოგის შექმნის იდეა რამდენიმე საინტერესო ადამიანთან საუბრის შემდეგ გამიჩნდა. მივხვდი, რომ შემეძლო უფრო თანმიმდევრულადაც გადმომეცა ინფორმაცია და გამეზიარებინა ჩემი მოსაზრებები ამ საკითხზე.
თითქოს ძალიან მარტივია განსხვავებებისა და მსგავსებების დანახვა, თუმცა საერთო ჯამში რთულია არგუმენტირებულად ისაუბრო და მკაფიოდ გამიჯნო ერთმანეთისგან მათი ფუნქცია-მოვალეობები, როლები, საქმიანობის მიზნები და ამოცანები.
სწორედ ამიტომ შევეცდები მოკლედ და გასაგებად ჩამოვაყალიბო რა საერთო აქვთ და რა განასხვავებთ ერთმანეთისგან CSR და PR სპეციალისტებს.
მოგეხსენებათ, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა არის ბიზნესის ნებაყოფლობითი არჩევანი იმოქმედოს ეთიკურად და ბიზნეს საქმიანობისას გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებები, სოციალურ - ეკონომიკური თუ ეკოლოგიური ფაქტორები.
CSR-ის მთავარი მამოძრავებელია სოციალური კეთილდღეობა, მდგრადი განვითარება, ეთიკური შრომითი პრაქტიკის დამკვიდრება და კომპანიის საქმიანობის ფარგლებში გარემოზე ზეგავლენის შემცირება.
ახლა რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას, საზოგადოებასთან ურთიერთობა ასევე ბიზნესის ჭრილში ორგანიზაციის ან პიროვნების მიზანმიმართული, დიალოგის ტიპის კომუნიკაციაა სამიზნე ჯგუფებთან, დაინტერესებულ მხარეებთან, რომელიც ცნობადობის შექმნისა და რეპუტაციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ორიენტირებულია კომპანიის დადებითი იმიჯის ფორმირებასა და რეპუტაციის მართვაზე. ისეთი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის დადებითი იმიჯის ფორმირებას.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი მიზანია შექმნას დადებითი განწყობები და შეინარჩუნოს ძლიერი და ჯანსაღი ურთიერთობები დაინტერესებულ მხარეებთან.
მიუხედავად იმისა, რომ CSR -ისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები ორივე თავის მხრივ ზრუნავენ ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციაზე, მათ სხვადასხვა ფუნქციები და პასუხისმგებლობები აქვთ.
CSR სპეციალისტი ორიენტირებულია ორგანიზაციაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივებისა და პროგრამების განვითარებაზე და მისი ძირითადი პასუხისმგებლობებია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი კი ორიენტირებულია ორგანიზაციასა და მის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციისა და პარტნიორული ურთიერთობების მართვაზე, საზოგადოებაში დადებითი აღქმების ჩამოყალიბებაზე. მისი ძირითადი პასუხისმგებლობებია:
CSR და PR სპეციალისტები, ზრუნავენ გრძელვადიანად კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციაზე და ერთმანეთისაგან განსხვავებული მიზნებით თუ ამოცანებით ამყარებენ საქმიან ურთიერთობებს დაინტერესებულ მხარეებთან.
მთავარი განსხვავებაა ის, რომ CSR სპეციალისტები უფრო მეტად ჩართულები არიან ორგანიზაციის ფარგლებში მდგრადი და სოციალურად პასუხისმგებელი პრაქტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები კი უფრო მეტად არიან ორიენტირებული შიდა და გარე კომუნიკაციაზე და საზოგადოების აღქმების ჩამოყალიბებაზე.
CSR სპეციალისტებს სჭირდებათ ცოდნა და გამოცდილება მდგრადობის, ეთიკური ბიზნეს პრაქტიკისა და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის სფეროში. PR სპეციალისტებს კი ესაჭიროებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ცოდნა, კრიზისის მენეჯმენტი, მედიასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შესაძლებელია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ორგანიზაციაში განავითაროს CSR პრაქტიკა, განახორციელოს ინიციატივები, თუმცა CSR სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობების შეთავსება აუცილებლად დამოკიდებული უნდა იყოს ადამიანის უნარებსა და ცოდნაზე, ასევე ორგანიზაციის ზომასა და საქმიანობის მასშტაბზე.
________________________
ავტორი: გვანცა გილაური
21.12.2023