CSR ბლოგი

"ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყო იყო "Feel good" -ის პროგრამით Meliora -ში გამარჯვება" - ნათია ლიპარტელიანი, მეიჯერელ საქართველო (ტელეპერფორმანსი)

"ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყო იყო "Feel good" -ის პროგრამით Meliora -ში გამარჯვება" - ნათია ლიპარტელიანი, მეიჯერელ საქართველო (ტელეპერფორმანსი)

25/01/2024

ინტერვიუების სერია Meliora -ს გამარჯვებულებთან

შიდა კორპორაციული კომუნიკაციის გამართვა და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბება არც თუ ისე მარტივი ამოცანაა მსხვილი კომპანიისთვის, რომელსაც 3000-მდე თანამშრომელი ჰყავს. მეიჯერელი, ახლა უკვე ტელეპერფორმანსი, ნამდვილად გამოირჩევა თავისი CSR ინიციატივებით თანამშრომელთა მხარდაჭერისა და განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით; Meliora 2022 –ში კომპანიამ სწორედ პასუხისმგებელი დამსაქმებლის კატეგორიაში გაიმარჯვა. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ინტერვიუ მეიჯერელ საქართველოს (ამჟამად უკვე ტელეპერფორმანს საქართველოს) დასაქმების ბრენდინგისა და მარკეტინგის მენეჯერთან, ნათია ლიპარტელიანთან ჩავწერეთ.

ნათია, გვაინტერესებს როგორ დაიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, რა ინიციატივების განხორციელება შეძელით და თქვენი აზრით რამ განაპირობა მეიჯერელის გამარჯვება პასუხისმგებელი დამსაქმებლის კატეგორიაში?

გამარჯობა, დიდი მადლობა დაინტერესებისთვის, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსში ჩვენი საქმიანობის ლოკალურად შეფასება და აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია მეიჯერელისთვის. 

თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით საამაყო იყო, რომ პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მეიჯერელი სწორედ „Feel good“ –ით გახდა  გამარჯვებული. ამ პროგრამაში უამრავი თანამშრომელი იყო ჩართული, მათი თანამონაწილეობით განხორციელდა ყველა ეტაპი  და ამ გამარჯვებამ, აღიარებამ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააძლიერა გუნდურობის განცდა. ვამაყობთ, რომ ამ მიღწევასა და გამარჯვებას ჩვენს გლობალურ გუნდსაც ვუზიარებთ.

მოგეხსენებათ, მეიჯერელ საქართველო ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა გლობალურად და ისეთ წამყვან ბრენდებს ემსახურება, როგორიცაა, მაგალითად, Asus. დღეს საქართველოში რვა საერთაშორისო კლიენტი გვყავს, განსხვავებული ბიზნეს სპეციფიკის კლიენტებს სხვადასხვა მომსახურებას ვთავაზობთ. როდესაც კომპანიაში თითქმის 3000 თანამშრომელი 8 შიდა გუნდად იყოფა, რთულია, კოლეგებმა თავი ერთი კომპანიის წევრებად იგრძნონ. ბიზნეს ხაზების წარმომადგენლები ხშირად ერთმანეთს არც კი იცნობდნენ და 2019 წელს, თანამშრომელთა გამოკითხვის შედეგებმა ცხადად დაგვანახა ეს პრობლემა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პროგრამა „Feel good“.

თავდაპირველად კონცეფცია ჩვენს სათაო ოფისში, ბერლინში  ჩამოყალიბდა, თუმცა, რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე პროგრამა არ იყო მორგებული ქვეყნების ლოკალურ კონტექტს. 2022 „Feel good“-მა საქართველოში ფუნდამენტური ცვლილებები განიცადა — მაქსიმალურად ვეცადეთ, პროგრამა ადგილობრივი კონტექსტისთვის მოგვერგო და მისთვის უფრო მასშტაბური, სისტემური სახე მიგვეცა.

მოდი, უფრო დეტალურად განვმარტოთ, რა არის „Feel good“ პროგრამა?

როგორც გითხარით, კომპანიაში ამჟამად 8 ბიზნეს ხაზი გვაქვს და თითოეულიდან ყოველწლიურად ჩვენივე მოხალისე თანამშრომლებს, ე.წ. “ამბასადორებს” ვირჩევთ. ეს თანამშრომლები „Feel good“ პროგრამის ფარგლებში თავიანთ ბიზნეს ხაზს და კოლეგების ინტერესებს წარმოადგენენ, არიან სოციალურად  აქტიურები, აინტერესებთ კორპორაციული პასუხისმგებლობა, მოსწონთ სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი და მათ განწყობაზე ზრუნვა. სწორედ ამბასადორები არიან აქტიურად ჩართულები თანამშრომლებისათვის აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების დინამიკურ პროცესში, ამასთან ერთად კი, კოლეგების იდეებსა და სურვილებს გვიზიარებენ. ამბასადორებთან ვატარებთ ყოველკვირეულ შეხვედრებს და ვიღებთ უკუკავშირს, ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას თანამშრომელთა გუნდებში არსებული ინიცატივების შესახებ, შემდეგ კი, ამ ყველაფერს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებად ვაქცევთ. პროგრამას ჰყავს „Feel good“ მენეჯერი, რომლის რესურსიც დიდწილად ამ პროექტზეა მიმართული. სწორედ მას ევალება შიდა ჩართულობის პროექტების განხორციელება და მონიტორინგი.

როგორც აღვნიშნე, საქართველოში პროგრამის დანერგვის შემდეგ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ლოკალურ გარემოზე „Feel good“-ის პროგრამის მოსარგებად:

  • პროექტს ჰყავს „Feel good“ მენეჯერი როგორც თბილისის, ისე ქუთაისისა და ბათუმის ოფისებისათვის;
  • ამბასადორების არჩევის პროცესში HR ბიზნეს პარტნიორები აქტიურად არიან ჩართულები, რათა რჩეული კანდიდატები მათი ბიზნეს ხაზის გუნდების ინტერესებთან სრულ შესაბამისობაში იყვნენ;
  • პროგრამის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით უკუკავშირის სისტემა შევიმუშავეთ, რომელიც პირადი თუ ციფრული შეხვედრების, სოც. მედიისა და კითხვარების მეშვეობით შეგროვებულ ინფორმაციას აერთიანებს;
  • Skip-a-Level შეხვედრები თანამშრომლებისათვის კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა, უშუალო მენეჯერის დასწრების გარეშე კომპანიის მენეჯმენტთან უკუკავშირის ღიად გამოსახატად;
  • ყოველწლიური გლობალური გამოკითხვა გვეხმარება, ყოველთვის კოლეგების დამოკიდებულების საქმის კურსში ვიყოთ და მათი უკუკავშირი ქმედით ნაბიჯებად ვაქციოთ;
  • ამბასადორები ორ ჯგუფად — ორგანიზატორებად და ადმინისტრატორებად გავანაწილეთ მათი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე და მოხალისეობრივი წლის განმავლობაში მათ როლის შესაბამის პროცესებსა თუ აქტივობებში ვრთავთ;
  • „Feel good“-ის აქტივობების დაგეგმვისას „Workforce Management“-თან აქტიურად ვთანამშრომლობთ, რათა სხვადასხვა ცვლის თანამშრომლებმა მათთვის საინტერესო ღონისძიებებზე დასწრება შეძლონ. გარდა ამისა, აქტივობები რამდენიმე სესიად იგეგმება, რომ ჩართვა რაც შეიძლება მეტმა მსურველმა მოახერხოს.
  • კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის  ხელშეწყობაა და, რა თქმა უნდა, ეს „Feel good“-ზეც ვრცელდება; ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ შეხვედრებს როგორც პირადად, ისე ონლაინ და ჰიბრიდულად, რათა ყველანაირი საჭიროების მქონე ადამიანს მაქსიმალურად მოვერგოთ.
  • „Feel good“-ისთვის ვენდორების მოძიებისას, უპირატესობას ყოველთვის ადგილობრივ პროდუქტსა და მცირე მეწარმეებს ვანიჭებთ, გარდა ამისა, აქტიურად ვუჭერთ მხარს ადგილობრივ არტისტებსაც და ვცდილობთ, პოზიტიური გავლენა ვიქონიოთ საზოგადოებაზე;
  • იმისათვის, რომ ამბასადორებმა მოტივაცია არასოდეს დაკარგონ და იგრძნონ, რომ მათ ძალიან ვაფასებთ, თითოეულ მათგანს წლიური ბონუსი და წამახალისებელი პრიზები გადაეცემა;

პროგრამის სრულყოფის მიზნით, ჩვენ ხშირად ვატარებთ შეხვედრებს თანამშრომლებთან მათი უშუალო მენეჯერების გარეშე და  მიღებულ უკუკავშირს ვამუშავებთ. გარდა ამისა, ჩვენ მიერ თანამშრომლებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე რეგულარულად ვატარებთ გამოკითხვებს, რომ ღონისძიების  წარმატება შევაფასოთ.

„Feel good“ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სხვადასხვა კლუბიც – მშობელთა, ხელოვნების და მუსიკის მოყვარულთა, ინტელექტუალური თამაშების, წიგნის მოყვარულთა და მრავალი სხვა. კლუბების ბაზაზე იგეგმება და ხორციელდება მრავალფეროვანი სპორტული, შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობები — პილატესი, იოგა, ზუმბა, არტთერაპია, ლაშქრობები, კულინარული მასტერკლასები და ა.შ. უკუკავშირსა და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია, თამამად ვთქვათ — პროგრამა „Feel good“ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და კომპანიაში ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად შეუწყო  ხელი. დიდი მიღწევაა ისიც, რომ მივიღეთ BPO სექტორისათვის ერთ-ერთი პრესტიჟული ტიტული და ოფიციალურად გავხდით „Great place to work“.

ნათია, რომ შევაჯამოთ, რამდენად საინტერესო გამოცდილება იყო მეიჯერელისთვის  Meliora-ში მონაწილეობა? 

Meliora ჩვენში დიდ ნდობას იწვევს, აპლიკაციის შევსებისას თავად დავრწმუნდით, რამდენად დეტალური ინფორმაციაა საჭირო იმისათვის, რომ პროექტი კომპლექსურად შეფასდეს და როგორი გამჭვირვალეა ყველა პროცესი.  დეტალურად და ლოგიკურად გაწერილი შეფასების კრიტერიუმები ასევე სანდოობას იწვევს. ვფიქრობ, შეუძლებელია, ამ კონკურსში დაუმსახურებლად გაიმარჯვო, შესაბამისად, როცა ასეთი ტიპის კონკურსში, დარგის ექსპერტებისგან მოიპოვებ აღიარებას, ეს ნამდვილად ძალიან საამაყოა. 

ამჟამინდელ ბიზნეს გარემოში, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სტრატეგიული დანერგვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კომპანიის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. ეფექტურად ინტეგრირებული ბიზნეს ეთიკა, დამსაქმებლის აღქმაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს და ეს ჩვენს ინდუსტრიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Meliora კი, საქმიანობის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს. შთამაგონებელია ამდენი საინტერესო ინიციატივის გაცნობა.  ამ კონკურსში მონაწილეობა და მითუფრო გამარჯვება არაჩვეულებრივი გამოცდილებაა. 

ესაუბრა: გვანცა გილაური

უკან დაბრუნება